საპენსიო ასაკისთვის მზადება ყოველთვის გონივრულია, რამდენად შორეულადაც არ უნდა ჩანდეს იგი დღევანდელი გადასახედიდან. მზადება საჭიროა იმისათვის, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ადამიანმა მაქსიმალურად მშვიდად, სასიამოვნოდ და ღირსეულად გაატაროს.
მოსახლეობის ფინანსური განათლების კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში, უმრავლეს შემთხვევაში არ ფიქრობენ საპენსიო ასაკზე და ამ ასაკს ოჯახის, შვილების იმედად ხვდებიან. ამგვარ მიდგომებს, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული თავისებურებებიც განაპირობებს.
საქართველოში საპენსიო ასაკს მიღწეული პირები იღებენ სახელმწიფო პენსიას. თუმცა, მისი მოცულობა ქვეყნის ბიუჯეტსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და პრაქტიკულად არასდროს არ არის საკმარისი საპენსიო ასაკის ადამიანის ყველა საჭიროების დასაფარად. გარდა ამისა, 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შემოსავლის ნაწილის გადარიცხვას მის საპენსიო ანგარიშზე. აღნიშნული სქემის დანერგვა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდა, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია საპენსიო ასაკის მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. თუმცა, მიუხედავად გარანტირებული შემოსავლისა სახელმწიფო პენსიის სახით და იმ შემოსავლისა, რომელსაც დააგროვებთ საპენსიო სქემის საშუალებით, გონივრული იქნება, თუ ამ ასაკს თქვენი პირადი დანაზოგითაც შეხვდებით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ახლა, დაფიქრდით თქვენს საჭიროებებზე საპენსიო ასაკის მიღწევისას, შეადგინეთ ფინანსური გეგმა და შეუდგეთ მის შესრულებას. დანაზოგის არსებობა ნებისმიერ ასაკში საჭიროა, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას კი - განსაკუთრებით.
ამ მენიუში ვისაუბრებთ საპენსიო ასაკისთვის მზადების საჭიროებაზე და გაგაცნობთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.