კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის სწრაფი გადახდის აპარატი?

თანხის ანგარიშზე შეტანის, თანხის გადარიცხვის თუ სხვა ფინანსური მომსახურების მიღება უფრო მოსახერხებელია, როცა მათ შესასრულებლად ყოველთვის ბანკში მისვლა არ გჭირდებათ და ბევრი სხვა ალტერნატივა გაქვთ. 

ფინანსური მომსახურების მიღების არხის არჩევის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: 

 

  • დღის რა მონაკვეთში გსურთ გადახდის შესრულება? 
  • თანხის გადახდა რა ფორმით გირჩევნიათ? 
  • გაქვთ თუ არა წვდომა დისტანციურ საბანკო მომსახურებაზე?
  • რომელი არხია უფრო ნაკლებ საკომისიოსთან დაკავშირებული?

ფინანსურ მომსახურებებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ორგანიზაციები მომხმარებლებს სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებას სთავაზობენ.

სწრაფი გადახდის აპარატი (ნაღდი ფულის მიმღები/გადახდის თვითმომსახურების  კიოსკი) - ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება მომსახურების გამწევ სხვადასხვა სისტემას (მაგალითად, ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის სისტემას, საბანკო ქსელს) და საშუალებას გაძლევთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში სხვადასხვა ოპერაცია განახორციელოთ -  საბანკო ანგარიშზე შეიტანოთ თანხა, გადაიხადოთ კომუნალური  და სხვა გადასახადები. 

სწრაფი გადახდის აპარატის ფუნქციები

სწრაფი გადახდის აპარატი, ფუნქციური შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას გაძლევთ:

  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახდელები;
  • შეასრულოთ საბანკო ოპერაციები - თანხა შეიტანოთ საკუთარი სხვა პირის ანგარიშზე სესხის დასაფარად ან ნებისმიერი სხვა მიზნით, ანაბარზე თანხის დასამატებლად და სხვა;
  • შევავსოთ მობილური ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების ანგარიში;
  • გადაიხადოთ საპატრულო ჯარიმები და პარკინგის გადასახადები;
  • ჩაერთოთ ქველმოქმედებაში და სხვა.

საქართველოში როგორც კომერციული ბანკების, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ სპეციალიზებული ორგანიზაციების, ე.წ. საგადახდო პროვაიდერების  სწრაფი გადახდის აპარატები გვხვდება. ისინი ერთმანეთისგან როგორც ვიზუალურად, ისე შემოთავაზებული მომსახურებებით და დაკავშირებული საკომისიოებით განსხვავდებიან.

სწრაფი გადახდის აპარატის ნაწილები

სწრაფი გადახდის აპარატები შეგხვდებათ განსხვავებული ვიზუალით - შეფერილობით, აპარატის კორპუსის განსხვავებული ზომით, სხვადასხვა ჭრებით კორპუსზე ან დამატებული მოწყობილობებით - და განსხვავებული ფუნქციებით. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, აპარატებს მსგავსი ფუნქციური ნაწილები აქვთ და, როგორც წესი, ყველა მათგანს შემდეგ ტექნიკური ელემენტები გააჩნია:

ეკრანი

ეს არის ოპერაციის შესრულებისას ნავიგაციის საშუალება. სწრაფი გადახდის აპარატებს, როგორც წესი, სენსორული ეკრანები აქვს. ეკრანზე მოცემულია იმ მომსახურებების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ამ აპარატის საშუალებით შეგიძლიათ. ეკრანზე მოცემულ ლოგოებსა თუ ღილაკებზე შეხებით შეგიძლიათ ოპერაციის, მაგალითად, კომუნალური გადასახადის გადახდის დეტალებს გაეცნოთ და თანხაც გადაიხადოთ.

ქვითრის საბეჭდი მოწყობილობა

გადახდის განხორციელების შემდეგ, შეგიძლიათ ქვითარი დაბეჭდოთ. ქვითარზე მოცემულია გადახდასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მონაცემი: თქვენ მიერ აპარატში შეტანილი თანხის მოცულობა, საკომისიოს მოცულობა და გადასახდელი თანხის ოდენობა, შესრულების დრო, გადახდის აპარატის მფლობელის დასახელება და სხვა.

ბანკნოტის მიმღები ჭრილი

გადახდის აპარატით სარგებლობისას თანხის გადახდა შეგიძლიათ როგორც ბანკნოტებით, ისე მონეტებით. ბანკნოტებისთვის აპარატზე სპეციალური ჭრილია დამონტაჟებული. იმისათვის, რომ თქვენ მიერ  გამოყენებული ბანკნოტი წამკითხველმა დააფიქსიროს, აუცილებელია აპარატს ტექნიკურად შეეძლოს ამ ბანკნოტის მიღება. მაგალითად, თუ აპარატს შეუძლია მხოლოდ 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის მიღება, ის არ მიიღებს 50-ლარიან ბანკნოტს. აპარატის კორპუსზე, ასევე, გადახდის ოპერაციის ინსტრუქციაში მითითებულია, თუ რა ნომინალის ბანკნოტით შეგიძლიათ გადახდა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს უცხოური ვალუტების ბანკნოტებით გადახდის შემთხვევაშიც. გაითვალისწინეთ,  რომ სწრაფი გადახდის ზოგიერთ აპარატს არ აქვს ხურდის დაბრუნების ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში თანხა საჭიროა ზუსტად შევიტანოთ ან გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტობით ჩარიცხული თანხა აისახება მიმღების ანგარიშზე.

მონეტების მიმღები ჭრილი

მონეტებით გადახდისთვის სწრაფი გადახდის აპარატს აქვს შესაბამისი ჭრილი. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია მონეტების ნომინალი, რომელსაც გადახდის აპარატი იღებს. ფუნქციურად მონეტის ამოცნობა და ანგარიშზე ასახვა ისევე ხდება, როგორც ბანკნოტებზე.

აპარატის მფლობელის დასახელება, ლოგო და სხვა მახასიათებელი

გადახდის აპარატის გარე კორპუსზე ყოველთვისაა მინიშნებული აპარატის მფლობელი. ხშირად, გამოსახულია ლოგო, ან დასახელება მოცემულია სრულად. ასევე, გამოიყენება მფლობელი კომპანიის კორპორატიული ფერები და გადახდის აპარატი ამ ფერებშია წარმოდგენილი. ეს მახასიათებელი ორგანიზაციის ამოცნობაში გეხმარებათ და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მას მიმართოთ.

საგადახდო ბარათის წამკითხველი

თანამედროვე გადახდის აპარატები ხშირად საგადახდო ბარათის წამკითხველი მოწყობილობებით არის აღჭურვილი. აღნიშნული სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. თქვენ შეგიძლიათ სასურველი გადასახადი არა მარტო ნაღდი სახით, არამედ თქვენი საგადახდო ბარათითაც გადაიხადოთ. საგადახდო ბარათის წამკითხველს ხშირად შეხვდებით ბანკების კუთვნილ ჩარიცხვის აპარატებზე. 

კლავიატურა

სწრაფი გადახდის ზოგიერთი აპარატი საშუალებას გაძლევთ თანხა საგადახდო ბარათის გამოყენებით გადაიხადოთ. ამისთვის, აპარატში ბარათის პინკოდის შეყვანა დაგჭირდებათ, რა მიზნითაც მწარმოებლები აპარატებს ხშირად კლავიატურას ამატებენ, რომელზეც პინკოდის აკრეფა შეგიძლიათ. 

აპარატის კორპუსზე განთავსებული კლავიატურა ფუნქციურად განსხვავდება  ეკრანზე გამოსახული სენსორული კლავიატურისაგან. სენსორული კლავიატურა უშუალოდ გადახდის მონაცემების შესაყვანად გამოიყენება (მაგ.: თანხის ოდენობის, აბონენტის ნომრისა თუ თანხის მიმღების პირადი ნომრის ასაკრეფად), ხოლო აპარატზე დამონტაჟებული კლავიატურა ბარათის პინკოდის შეყვანის შესაძლებლობას გაძლევთ. 

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობის ხარჯები

სწრაფი გადახდის ტერმინალით შესრულებული თითოეული ოპერაცია, როგორც წესი, დაკავშირებულია დამატებით საკომისიოებთანაც. საკომისიო შეიძლება იყოს ფიქსირებული  (მაგალითად, ერთ კომუნალურ გადასახადზე 50 თეთრი) ან დაანგარიშდეს გადახდილი თანხის პროპორციულად. 

სწრაფი გადახდის აპარატით განხორციელებულ ოპერაციაზე საკომისიოს მოცულობას აპარატის მფლობელი აწესებს. შესაბამისად, სხვადასხვა აპარატით ერთი და იმავე ოპერაციის შესრულებისას შესაძლოა განსხვავებულ საკომისიოს იხდიდეთ. მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე ოპერაციაზე არსებული საკომისიოები აპარატების მიხედვით ერთმანეთს შეადაროთ, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თანხა. ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ როდესაც სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ჩარიცხვა გსურთ, საჭიროა ჩასარიცხ თანხასთან ერთად საკომისიოს თანხაც გქონდეთ.  

მაგალითი: სწრაფი გადახდის აპარატით იხდით ინტერნეტმომსახურების საფასურს, პირობითად 20 ლარს. აქვე გაარკვიეთ, რომ მომსახურების საკომისიო ფიქსირებული 1 ლარია. თუ თქვენ ჯამურად 20 ლარს ჩარიცხავთ, ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიას ანგარიშზე ჩაერიცხება მხოლოდ 19 ლარი, რადგან სწრაფი გადახდის აპარატი მომსახურების საკომისიოს, ანუ 1 ლარს ჩამოგაჭრით. გამოვა, რომ ინტერნეტდავალიანება სრულად არ გადაიხადეთ, რის გამოც ინტერნეტის მოწოდება შეიძლება შეგიწყდეთ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ძირითად თანხასთან ერთად საკომისიოს თანხაც აუცილებლად უნდა შეიტანოთ. ჯამურად  შესატანი თანხა - ანუ გადასახდელი თანხა + საკომისიოს ოდენობა - სწრაფი გადახდის აპარატის ეკრანზე იწერება. შესაბამისად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიხვდეთ, საკმარისია თუ არა თქვენ მიერ შეტანილი თანხა სასურველი გადახდის სრულად განსახორციელებლად.

უსაფრთხოების წესები სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას

როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსური მომსახურების შემთხვევაში, სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობის დროსაც შეიძლება წარმოიშვას ხარვეზები, მაგალითად, ჩარიცხული თანხა არ აისახოს ანგარიშზე, არ დაიბეჭდოს ქვითარი, ოპერაციის მიმდინარეობა შეწყდეს ისე, რომ ვერ მიიღოთ შეტყობინება ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ და სხვა. სწრაფი გადახდის აპარატების მომსახურებით სარგებლობისას, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

  • თუ ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი გჭირდებათ, შეგიძლიათ ქვითარი დაბეჭდოთ;
  • ზოგჯერ, ოპერაციის განხორციელებამდე, აპარატის ეკრანზე გამოდის შეტყობინება ქვითრის საბეჭდი ქაღალდის არარსებობის შესახებ. ამ დროს უნდა გადაწყვიტოთ  შეასრულოთ თუ არა ოპერაცია. თუ ქვითარი აუცილებლად გჭირდებათ, უნდა ისარგებლოთ იმ აპარატით, სადაც ქვითრის ბეჭდვა შესაძლებელია.
  • თუ  თანხის ჩარიცხვა ეკრანზე არ დადასტურდა, საჭიროა დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ თანხა არ დაგიბრუნდათ, საჭიროა ცხელ ხაზზე დარეკოთ;
  • ანალოგიურად, სხვა ნებისმიერი ხარვეზის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ აპარატის მფლობელ ორგანიზაციას ცხელ ხაზზე და დააფიქსიროთ პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ ორგანიზაცია შეისწავლის პრობლემის არსს და დაგეხმარებათ მის მოგვარებაში;
  • მეტი უსაფრთხოებისთვის, სასურველია სწრაფი გადახდის ისეთი აპარატებით ისარგებლოთ, რომელიც ვიდეო მონიტორინგის სივრცეში ხვდება. თუ ოპერაციის შესრულებისას ლეგიტიმური ვიდეო კონტროლი ხორციელდება, პრობლემის წარმოქმნისას დეტალების გარკვევა უფრო მარტივია;
  • თუ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და აპარატმა თქვენი თანხა დააკავა, მნიშვნელოვანია ჩაიწეროთ ან დაიმახსოვროთ თუ სად, როდის, რა მოცულობის და რა სახის ოპერაცია შეასრულეთ, რათა სწრაფი აპარატის მფლობელ კომპანიას რეაგირებისთვის სრული ინფორმაცია გადასცეთ.