კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სტუდენტობის პერიოდის ხარჯები

როგორც სასწავლო დაწესებულების შერჩევის ეტაპზე, ისე მისი შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია, კარგად გააანალიზოთ სტუდენტობის პერიოდის ფინანსური ხარჯები და დაფიქრდეთ, რა დაგჭირდებათ ცხოვრების ამ ეტაპისთვის უკეთესად მოსამზადებლად. 

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სტუდენტობის დაგეგმვამდე ისაა, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ახალ ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული. სწავლისთვის გაწეული ხარჯი ერთგვარი ინვესტიციაა, რომელიც მომავალში ბრუნდება. თუმცა, დაგეგმვის ეტაპზე აუცილებელია განსაზღვროთ, რა ხარჯი გემატებათ.

საცხოვრებელი და კომუნალური ხარჯები

ამ ტიპის ხარჯი განსაკუთრებულად აქტუალური ხდება მაშინ, თუ თქვენი სასწავლებელი სხვა ქალაქში ან სხვა რეგიონშია. თუ თქვენ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, არ გიწევთ საცხოვრებლის საფასურის გადახდა, ხოლო თუ სასწავლებლის ადგილმდებარეობის გამო ახალი საცხოვრებელი დაგჭირდებათ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ შემდეგ ხარჯზე:

  • თანხა ბინის შესაძენად - თქვენ ან თქვენმა ოჯახმა შესაძლოა გადაწყვიტოთ ბინის შეძენა იმ ქალაქში, სადაც სწავლას აპირებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გაქვთ დანაზოგი ბინის შესაძენად, სესხის აღება დაგჭირდებათ, რაც გაგიზრდით მიმდინარე ხარჯს. თუ ამ ხარჯის აღება არ მიგაჩნიათ ხელსაყრელად, შეგიძლიათ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვა ალტერნატივაზე დაფიქრდეთ;
  • თანხა ბინის დასაქირავებლად - სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მოძიების ყველაზე გავრცელებული გზა ბინის დაქირავებაა. ხარჯების კუთხით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაგემატებათ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ბინის მესაკუთრისთვის. ხარჯის შესამცირებლად, შეგიძლიათ ბინა თქვენს მეგობრებთან ერთად იქირაოთ და გადასახდელი თანხა გაიყოთ;
  • კომუნალური ხარჯები - სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, თუ თქვენი სტუდენტობის პერიოდში საცხოვრებელის შეცვლა და მარტო ცხოვრება გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიურად დაგჭირდებათ კომუნალური ხარჯების, მათ შორის: ელექტრო ენერგიის საფასურის, ბუნებრივი აირის, წყლის დასუფთავების და სხვა ხარჯის დაფარვა. ამიტომ, სტუდენტობის პერიოდის დაგეგმვისა და ამ პერიოდის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინეთ აღნიშნული ხარჯიც.

სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები

სტუდენტობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი სწავლის ღირებულების გადასახადია. დღესდღეობით საქართველოში შეგიძლიათ მოიპოვოთ სახელმწიფო გრანტი, ისწავლოთ იმისთვის, რომ სასწავლებლის შიდა პროგრამაში ჩაერთოთ და სტიპენდია ან სწავლის დაფინანსება მოიპოვოთ. გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო გრანტი სრულად ფარავს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულ წლიურ გადასახადს. თუ თქვენ კერძო სასწავლებელს აირჩევთ, სადაც საფასური სახელწიფო სასწავლებლის საფასურზე მეტია, სხვაობის თანხის ანაზღაურება თქვენ მოგიწევთ. თუ გადასახადის გადახდა სრულად თქვენ გიწევთ, საჭიროა, დაგეგმოთ, როგორ აპირებთ ამას - დანაზოგს გამოიყენებთ, სესხს აიღებთ, ოჯახს სთხოვთ დახმარებას თუ  სასწავლებელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხარჯის არსებობა უნდა გაითვალისწინოთ პირადი ფინანსების მართვისას და ყურადღება მიაქციოთ სტუდენტობისთვის მზადების პროცესში.

გარდა სწავლის ღირებულებისა, სტუდენტობის ხარჯების დაანგარიშებისას უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ხარჯებიც, რომლებიც დაკავშირებულია სწავლის პროცესში საჭირო ნივთებისა და წიგნების,  სახელმძღვანელოების, საკანცელარიო ნივთების, საგნების მიხედვით დამხმარე მასალებისა და მოწყობილობების შეძენასთან.

სხვა ხარჯები

ტრანსპორტირების ხარჯები - ტრანსპორტირების ხარჯის მოცულობა განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია თქვენი საცხოვრებელი სასწავლებლისგან. თუ თქვენ სასწავლებლად სხვა ქალაქში გადახვედით, გარდა სასწავლებლამდე ტრანსპორტირებისა, დაგემატებათ ოჯახის პერიოდულად მონახულების ხარჯიც. მნიშვნელოვანია, ასევე, სხვა პირადი ხარჯების გათვალისწინებაც, როგორიცაა, მაგალითად, საკვები, გართობა და ა.შ. 

პირადი ბიუჯეტი - საუკეთესო გზა, შეხვდეთ მომზადებული ახალ ხარჯებს

იმისათვის, რომ სტუდენტობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები სამომავლოდ დამაბრკოლებელ გარემოებებად არ იქცეს, საჭიროა ცხოვრების ამ ეტაპისთვის შეძლებისდაგვარად ადრე მოემზადოთ და წინასწარ დაგეგმოთ. სტუდენტობის პერიოდის დაგეგმვისას სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ასევე, დაგეგმოთ თქვენი პირადი ბიუჯეტი: რა შემოსავალს ელოდებით ან რისი დაგეგმვა შეგიძლიათ? რა ხარჯები უნდა გაწიოთ ამ პერიოდში და რა თანხის დაზოგვა შეგიძლიათ?

იმისთვის, რომ  სტუდენტობის პერიოდში გაზრდილ ხარჯებს მომზადებული შეხვდეთ, საჭიროა, დაზოგოთ თანხა. დაზოგვა, რეკომენდირებულია, დაიწყოთ მაშინ, როდესაც გაგიჩნდებათ თუნდაც მცირე შემოსავალი. ასე თქვენ გამოიმუშავებთ დაზოგვის ჩვევას და შემოსავლის ზრდასთან ერთად შეგეძლებათ გაზარდოთ დანაზოგი. დანაზოგის შექმნის უპირატესობებზე შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ.