კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როცა შვილის სტუდენტობას გეგმავთ

მშობლების უმრავლესობა შვილების მომავალზე ფიქრისას განათლებას ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილავს და ყველაზე გამართლებულადაც სწორედ შვილების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მიაჩნია. თუ თქვენც ამგვარი მშობლების რიცხვს განეკუთვნებით და შვილისათვის უმაღლესი განათლების მიცემაზეც ხშირად ფიქრობთ, გასათვალისწინებელი იქნება თქვენი როლი მისი სათანადო რჩევებით მომარაგებასა და უნარების განვითარების ხელშეწყობაში. სავარაუდოდ, სწორედ მათზე დაყრდნობით აირჩევს თქვენი შვილი საკუთარ პროფესიას თუ სასწავლო დაწესებულებას.

კარგი განათლების მიღება და სტუდენტური პერიოდის გამოწვევებთან გამკლავება, ხშირად დამატებით და არც თუ მცირე ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მთავარი აქტივობა, რაც შვილის სამომავლო სტუდენტობისთვის შეგიძლიათ განახორციელოთ - ფულის დაზოგვაა. ეს საშუალებას მოგცემთ, მზად იყოთ იმ არჩევანისთვის, რაც თქვენმა შვილმა სტუდენტობისას შეიძლება გააკეთოს. უმჯობესია, თუ დაზოგვას სტუდენტობის პერიოდამდე ბევრად ადრე დაიწყებთ. თუ თქვენი შვილი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ან სულაც წელს შევიდა სკოლაში, შეგიძლიათ მის სახელზე საბავშვო ანაბარი გახსნათ და დაიწყოთ დაგროვება. ხოლო, თუ დაზოგვისთვის არც ისე დიდი დრო დაგრჩათ, შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი ტიპის ანაბარი გამოიყენოთ თანხის შესაგროვებლად. 

როგორ უნდა განსაზღვროთ, თუ რა თანხა დაგჭირდებათ შვილის სტუდენტობისთვის და შემოსავლიდან რა ნაწილის დაზოგვა დაგჭირდებათ? ვინაიდან ზუსტად ვერ გეცოდინებათ თუ რას გადაწყვეტს თქვენი შვილი მომავალში, მოგიწევთ დათვალოთ დაახლოებით თანხა, რაც საშუალოდ საჭიროა სტუდენტისთვის. მთავარი ფაქტორი, რაც თქვენს სასარგებლოდ მუშაობს, ეს დროა - რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას, მით უფრო მსუბუქად შეძლებთ საპროგნოზო თანხის მობილიზებას, მითუმეტეს, რომ ხანგრძლივი ვადით განთავსებულ ანაბრებზე, როგორც წესი, მაღალია დარიცხული საპროცენტო სარგებელის წილიც. სასურველი გათვლების გასაკეთებლად კი ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორებიც დაგეხმარებათ.