კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რატომ უნდა დაზოგოთ თანხა?

კითხვაზე, რატომ უნდა დაზოგოთ თანხა, მით უმეტეს, არც თუ ისე დიდი შემოსავლის არსებობისას, პასუხები მრავალია, თუმცა რამდენიმე მთავარს გამოვყოფთ:

დაზოგვა განიჭებთ ფინანსურ დამოუკიდებლობას

ამასთან, ის ერთგვარი ფინანსური „უსაფრთხოების ბალიშია“. რას ნიშნავს ფინანსური დამოუკიდებლობა? ძირითადად, ეს არის თქვენი ფინანსების საშუალებით ყველა აუცილებელი ხარჯის დაფარვის შესაძლებლობა იმ პირობებშიც კი, როცა გარკვეული პერიოდი შემოსავლის წყარო აღარ გექნებათ. რეკომენდებულია დანაზოგის ფორმირებისას ისარგებლოთ პრინციპით, რომლითაც თქვენ მიერ დაზოგილი თანხა აუცილებელ ხარჯებს მინიმუმ 6 თვის მანძილზე გასწვდეს. მაგალითად, თუ თქვენ თვეში საშუალოდ 2,000 ლარს ხარჯავთ, იდეალური დანაზოგი 12,000 ლარია. ასე თქვენ ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი 6 თვე უპრობლემოდ შეძლებთ ცხოვრების რიტმის შენარჩუნებას.  

ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენთვის ფინანსური დამოუკიდებლობის განცდის მონიჭება მხოლოდ დიდ შემოსავალს შეუძლია. თუმცა, მიუხედავად შემოსავლების მოცულობისა, ფინანსურად დამოუკიდებელი, რეალურად, მხოლოდ მას შემდეგ გახდებით, რაც შემოსავლების სწორად განკარგვას და დაზოგვას დაიწყებთ. ასე, ერთი მხრივ, თვიდან თვემდე იოლად გადაანაწილებთ თქვენს შემოსავალს და რეალური საჭიროების დაფინასებას, მეორე მხრივ კი, სამომავლო სირთულეებისთვის მზადყოფნასაც იგრძნობთ.   

დანაზოგით შეგიძლიათ, ვალდებულებები შეიმციროთ

და/ან სულაც თავიდან აიცილოთ ისინი. დაზოგილი თანხით შეგიძლიათ დაფაროთ არსებული ვალდებულებები ან ნაცვლად ახალი სესხის აღებისა დანაზოგით დაიფინანსოთ ახალი საჭიროებები.

დანაზოგი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების საუკეთესო საშუალებაა

როდესაც პირად ბიუჯეტს გეგმავთ, რეკომენდებულია, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვროთ სამომავლო ხარჯები, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და შესაძლოა დაგჭირდეთ ისეთი ფინანსური ხარჯების გაწევა, რომელსაც წინასწარ არ გეგმავდით. მაგალითად, გაგიფუჭდათ ავტომობილი, ან დაზიანდა საოჯახო ტექნიკა, რომელის შეკეთებაც აუცილებლად გჭირდებათ. იმისათვის, რომ ამგვარ სიტუაციებთან გამკლავება შეძლოთ, საუკეთესო გამოსავალია წინასწარი დანაზოგის შექმნა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. სხვა შემთხვევაში, ცხოვრების ჩვეული ხარისხის შესანარჩუნებლად, მაგალითად, იმისთვის რომ ავტომობილით გადაადგილება განაგრძოთ, დაგჭირდებათ თანხის სესხება. ეს კი არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით ან შეუძლებელი აღმოჩნდება ან კი დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

დანაზოგით შეგიძლიათ თქვენი მიზნების დაფინანსება

დანაზოგი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ. როდესაც დაზოგვას გადაწყვეტთ, სასურველია განსაზღვროთ მიზანი, რისთვისაც ზოგავთ. ეს ერთი მხრივ, დაზოგვის მოტივაციას აგიმაღლებთ, მეორე მხრივ კი, უფრო მარტივად შეძლებთ იმის გამოთვლას, თუ რა პერიოდულობით და რა მოცულობის თანხის გადადება იქნება თქვენთვის ოპტიმალური დასახული მიზნის კონკრეტულ ვადაში მისაღწევად. 

დაზოგვა გეხმარებათ მოსალოდნელი რისკების საკუთარ თავზე აღებასა და გამკლავებაში

თუ იცით, რომ თქვენი საოჯახო ტექნიკით სარგებლობის ვადა იწურება და მისი შეცვლის საჭიროება იზრდება, ან სეზონის ცვლილების გამო ავტომობილზე საბურავების შეცვლა დაგჭირდებათ, დანაზოგის გაკეთება ამგვარი მომენტების უმტკივნეულოდ გადატანაში დაგეხმარებათ.

დანაზოგი მეტ შესაძლებლობას განიჭებთ 

დანაზოგით შეძლებთ განახორციელოთ ისეთი მოულოდნელი შენაძენები, რომელთა დაფინანსებასაც დანაზოგის გარეშე, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებდით. მაგალითად, როდესაც თქვენი საყვარელი მომღერლის კონცერტზე გსურთ დასწრება, რომლიც სხვა ქვეყანაში ტარდება და ამის შესახებ კონცერტამდე 1 კვირით ადრე გაიგეთ: თუ დანაზოგი  გაქვთ შექმნილი, თავისუფლად შეძლებთ სასურველ ღონისძიებებში მონაწილეობას.

დანაზოგი საშუალებას მოგცემთ, სრულად დატკბეთ გაწეული ხარჯებით მიღებული შედეგით

ზოგჯერ შეიძლება, თქვენი სურვილების ასასრულებლად თანხა ისესხოთ, მაგალითად, სასურველი მოგზაურობის დასაგეგმად ისარგებლოთ სესხით, რომელსაც მოგზაურობიდან 1 წლის განმავლობაში დაფარავთ. ასეთი შემთხვევები ხშირად  სინანულით მთავრდება, რადგან მოგზაურობის სიამოვნებას გააუფერულებს ის ფაქტი რომ ამ მოგზაურობის ხარჯის გასასტუმრებლად შემდგომ უფრო მეტი მუშაობა და სხვა სურვილებზე უარის თქმა მოგიწევთ. ამის გარდა, ერთგვარი დანაშაულის გრძნობა იმ შემთხვევაშიც შეიძლება გაგიჩნდეთ, თუ არ აიღებთ სესხს და, შესაბამისად, ვერ აისრულებთ სურვილებს. ამ დისკომფორტის ასარიდებლად დანაზოგის არსებობა საუკეთესო საშუალებაა.  როდესაც იცით, რომ დანაზოგი სწორედ მოგზაურობის ან სხვა კონკრეტული მიზნის მისაღწევად შექმენით, მისი დახარჯვისას თავს „დამნაშავედ“ არ იგრძნობთ და არც თქვენი ყოველდღიურობა შეიცვლება.

დანაზოგის თანხა შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ „ამუშაოთ“

სხვა სარგებელთან ერთად, დანაზოგის შექმნას და მის სწორ დაბანდებას თქვენთვის დამატებითი სარგებლის მოტანაც შეუძლია. მაგალითად, თუ საბანკო დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში, თქვენ ბანკი გადაგიხდით საპროცენტო სარგებელს და გამოვა, რომ თქვენ მიერ შეგროვებულ ფულს დამატებით ფული გამოამუშავებინეთ.

დანაზოგი ყოველდღიური სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ 

როდესაც იცით, რომ შემოსავლის წყაროს დაკარგვის თუ ხარჯების ზრდის პირობებში ცხოვრების დონის შენარჩუნებისთვის მზად ხართ, გარემო ფაქტორებს თქვენზე ნაკლებად სტრესული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ნაკლებად იღელვებთ სარისკო ნაბიჯების გადადგმისას და ქმედების მეტი თავისუფლება მოგეცემათ. 

დანაზოგი დაგეხმარებათ საპენსიო ასაკის დაგეგმვაში

დანაზოგის შექმნის ერთ-ერთ საუკეთესო მიზანს საპენსიო ასაკისთვის მომზადება წარმოადგენს. კერძო და სახელმწიფო საპენსიო სქემებში ჩართვასთან ერთად ასე დამატებით რესურსებს შექმნით საპენსიო ასაკისთვის სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შესაქმნელად. ამ შემთხვევაში, სასურველია დაიწყოთ დაზოგვა გრძელვადიანი მიზნობრიობით. ჩნდება კითხვა, როდის უნდა დაიწყოთ საპენსიო ასაკისთვის მზადება? პასუხი მარტივია, რაც შეიძლება ადრე, როგორც კი გაგიჩნდებათ შემოსავალი. საპენსიო ასაკისთვის მზადებამ რომ უფრო კონკრეტული სახე მიიღოს, სასურველია განსაზღვროთ რა ასაკიდან გსურთ აქტიური სამუშაოსგან დასვენება და რა მოცულობის დანაზოგის შექმნა იქნებოდა თქვენთვის ოპტიმალური. სწორად შექმნილი საპენსიო დანაზოგი დაგეხმარებათ  უფრო მომზადებულად და მშვიდად შეხვდეთ საპენსიო ასაკს.

გახსოვდეთ, დაზოგვა ერთჯერადი ქმედება არაა 

იმისთვის, რომ დაზოგვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული, შედეგიანი და ორგანიზებული იყოს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დაზოგვა ეს არაა ერთჯერადი ქმედება. პირიქით, ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე სამომავალოდაც მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ. სწორად დაზოგვისთვის, მთავარია განსაზღვროთ მიზნები, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სადეპოზიტო პროდუქტი, აირჩიოთ ფინანსური ორგანიზაცია, რომელთანაც ითანამშრომლებთ, და რაც მთავარია,  პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისას არ დაგავიწყდეთ, პირველ რიგში, გადაუხადოთ საკუთარ თავს.