თქვენ, როგორც მომხმარებელს, გარკვეული უფლებები გაქვთ ბანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, საკრედიტო კავშირთან და სესხის გამცემ სუბიექტთან ურთიერთობისას. ქვემოთ მათ ერთად მოვიხსენიებთ, როგორც ფინანსურ ორგანიზაციას.
ფინანსურ პროდუქტზე ინფორმაციის მიღება
ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას თქვენ უფლება გაქვთ:
მოითხოვოთ და მიიღოთ ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია
თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ და მიიღოთ ფინანსურ პროდუქტთან (შემდგომში პროდუქტი) დაკავშირებული ყველა იმ პირობის დეტალური ახსნა თუ დაზუსტება, რაც გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, მაშინ, როცა ფიქრობთ ამა თუ იმ პროდუქტის შეძენაზე და გჭირდებათ, გაეცნოთ მის პირობებს, მახასიათებლებსა და უპირატესობებს, ან როცა სხვა შესაძლო ალტერნატივებთან თუ შემოთავაზებებთან შედარება გაინტერესებთ.
ამ მიზნით, შესაძლოა მოითხოვოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად:
- პროდუქტის ფინანსური ხარჯები და ამ ხარჯების დაფარვის პირობები,
- სესხისა და დეპოზიტის შემთხვევაში - წლიური საპროცენტო განაკვეთი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი,
- სესხის ვადამდე დაფარვის, ან ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე მოთხოვნის პირობები და შედეგები,
- პირობები, რომლის შემთხვევაშიც ხარჯები თუ საპროცენტო სარგებელი განსხვავებული იქნება და სხვა.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და უპასუხოს თქვენს ყველა შეკითხვას, რათა მიიღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.
მოითხოვოთ ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე
სანამ სესხის ან დეპოზიტის ხელშეკრულებაზე მოაწერდეთ ხელს, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ამ დოკუმენტის ნიმუში და გაეცნოთ მასში მოცემულ პირობებს დეტალურად. ხელშეკრულების შემოთავაზებული/ხელმოსაწერი ვერსიის (ანუ სახელშეკრულებო პირობების) წაღება სახლშიც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში დააზუსტეთ, რა პერიოდის განმავლობაშია ის მოქმედი, სახელშეკრულებო შემოთავაზება შესაძლოა, მხოლოდ შეზღუდული დროით მოქმედებდეს. გაითვალისწინეთ:
თუ პროდუქტის ზოგად პირობებს ითხოვთ
მაშინ ხელშეკრულების ნიმუში უნდა მოიცავდეს ფინანსური ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილ, სხვა მომხმარებლისათვისაც საერთო, ზოგად პირობებს.
თუ პროდუქტზე მოთხოვნა დააფიქსირეთ
ამისთვის კი ფინანსურ ორგანიზაციას თქვენი მონაცემები მიაწოდეთ და უშუალოდ თქვენთვის შესათავაზებული პირობები მისთვის უკვე ცნობილია, მაშინ ხელშეკრულების ნიმუშიც უკვე საბოლოო ფორმით უნდა იყოს შედგენილი და ყველა პირობა კონკრეტულად უნდა იყოს მასში გაწერილი.
მაგალითად, თუ ზოგადად გაინტერესებთ, რა შეთავაზებები აქვს ამა თუ იმ ფინანსურ ორგანიზაციას იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით და ამ მიზნით ითხოვთ ხელშეკრულების ნიმუშს, ფინანსური ორგანიზაციის მიერ გადმოცემულ ნიმუშში აღწერილი იქნება მხოლოდ ზოგადი პირობები, მაგრამ თუ თქვენ შეავსეთ განაცხადი და ფინანსური ორგანიზაცია უკვე კონკრეტულ შემოთავაზებას გიკეთებთ თქვენთან შეთანხმებით, გადმოცემულ ნიმუშში უკვე მოცემული უნდა იყოს ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა:
- სესხის თანხა,
- სესხის ვადა,
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი,
- საპროცენტო ხარჯები,
- საკომისიოები და სხვა.
მიიღოთ ინფორმაცია ფინანსურ პროდუქტზე ნებისმიერი ხელმისაწვდომი არხით
თუ უკვე სარგებლობთ ფინანსური პროდუქტით, თქვენ უფლება გაქვთ, აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაცია ნებისმიერი იმ არხით მიიღოთ, რომლითაც ფინანსური ორგანიზაცია ემსახურება საკუთარ მომხმარებლებს, მათ შორის, დისტანციური არხებითაც ანუ ფინანსურ ორგანიზაციაში მიუსვლელად. გარდა ამისა, თუ ბანკის მომსახურებით სარგებლობთ, თქვენს ფინანსურ პროდუქტზე ინფორმაციის მისაღებად ბანკი ვალდებულია, მინიმუმ ერთი დისტანციური არხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფასოდაც შემოგთავაზოთ. მაგალითად, თუ ბანკს გააჩნია ინტერნეტბანკი, მობილბანკი ან უბრალოდ გთავაზობთ წვდომას თქვენს პროდუქტებზე ინტერნეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით, ის ვალდებულია, თქვენს პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისათვის მინიმუმ ერთი არხზე მაინც მოგცეთ წვდომა უფასოდ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებაზე და არა აქტიური ოპერაციების წარმოებაზე. მაგალითად, თუ ბანკი უფასო არხის სახით ინტერნეტბანკს გთავაზობთ, მისი ვალდებულება გულისხმობს, რომ ამ არხში თქვენი ანგარიშების, დეპოზიტებისა თუ სესხების შესახებ ინფორმაციაზე მოგცეთ წვდომა, მაგრამ არაა ვალდებული, უფასოდ მოგანიჭოთ ინტერნეტბანკით აქტიური ოპერაციების ჩატარების უფლებაც, მაგალითად, თანხის გადარიცხვის, ახალი დეპოზიტის გახსნის, სესხის წინსწრებით დაფარვისა თუ სხვა მსგავსი ფუნქციები.
ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიღება
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ:
ამონაწერები, სესხის გრაფიკი და ხელშეკრულებების ასლები უფასოდ
თუ თქვენს ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია დაგჭირდათ, შეგიძლიათ, ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოთ.
ქვემოთ ჩამოთვლილია ისეთი შემთხვევები, როცა ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტაცია უფასოდ მოგცეთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ითხოვთ დოკუმენტაციას ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (სავარაუდოდ, მისი სხვა დაწესებულებაში წარდგენის მიზნით), ამ შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, გადაგახდევინოთ შესაბამისი საფასური.
ამდენად, ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, იგულისხმება მხოლოდ ორგანიზაციის მხრიდან დამოწმებული (მაგ. შტამპით და/ან ხელმოწერით) და არა ოფიციალური ბლანკის ფორმატით მომზადებული დოკუმენტაცია.
დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებული უფლებების ჩამონათვალი კი ასეთია. თქვენ უფლება გაქვთ, უფასოდ მიიღოთ:
სასესხო, სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშების ამონაწერები
უფასოდ მიღების უფლება გაქვთ მინიმუმ თვეში ერთხელ.
უფასოდ მიღების უფლება ვრცელდება ამონაწერების შემდეგ პერიოდებზე:
- აქტიურ მიმდინარე ანგარიშებზე არაუმეტეს ბოლო 2 წელი,
- დახურულ მიმდინარე ანგარიშებზე დახურვის თარიღამდე არა უმეტეს 2 წელი,
- აქტიურ სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტებზე პერიოდი არ იზღუდება ანუ უფასოდ უნდა გაიცეს მათი მოქმედების სრული პერიოდის ამონაწერი.
მიმდინარე ანგარიშის ამონაწერი ამ მიზნებისთვის გულისხმობს დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იქნება მინიმუმ თანხების შეტანა/გადარიცხვა/გატანის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი თარიღების მითითებით.
სასესხო (საკრედიტო) და სადეპოზიტო ანგარიშების ამონაწერი კი, გულისხმობს დოკუმენტს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს თანხების შეტანა/გატანა, საწყისი და საბოლოო ნაშთები. დამატებით, სესხის ამონაწერის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთი (ან განაკვეთები, თუ ის იცვლებოდა პერიოდულად), ასევე, ინფორმაცია შეტანილი თანხებიდან როდის რისი დაფარვა განხორციელდა (პროცენტი, ძირი, პირგასამტეხლო და ა. შ.).
სესხის დაფარვის გრაფიკი
უფასოდ მიღების უფლება გაქვთ:
- სესხის დაფარვის გრაფიკის ყოველი ცვლილებისას,
- მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
სესხის დაფარვის გრაფიკი ამ მიზნებისთვის გულისხმობს დოკუმენტს, სადაც მოცემული უნდა იყოს სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები და სესხის დასაფარად დარჩენილი ვადა და სესხის ნაშთი.
სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ასლები
უფასოდ მიღების უფლება გაქვთ მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
უფასოდ მიღების უფლება ვრცელდება შემდეგ ხელშეკრულებებზე:
- მოქმედ ხელშეკრულებებზე,
- ხელშეკრულებებზე, რომელთა დახურვის შემდეგ გასულია არაუმეტეს 2 წელი.
დისტანციურად დადებული ხელშეკრულებების მატერიალური ასლები
თუ ხელშეკრულება დადებული გაქვთ რომელიმე დისტანციური არხით (მაგალითად, ინტერნეტ ბანკით, მობილბანკით, ბანკომატით და ა. შ.) თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ხელშეკრულება მატერიალური ფორმით უფასოდ:
- ხელშეკრულების პირობების ცვლილებისას, ყოველი ცვლილებისთანავე,
- მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
სესხის ხელშეკრულების ასლები, თუ ხართ თავდები ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე
თუ თქვენ წარმოადგენთ სესხზე თავდებს/სოლიდარულ თავდებს ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც ის დადებულია უშუალოდ მსესხებელთან.
სესხის დაფარვა
თუ ფინანსურ ორგანიზაციაში სარგებლობთ სესხით, თქვენ უფლება გაქვთ:
მოითხოვოთ სესხის წინსწრებით დაფარვა ნებისმიერ დროს
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ სესხის წინსწრებით, ანუ გრაფიკით შეთანხმებულ ვადაზე ადრე დაფარვა. წინსწრებით დაფარვის უფლება ვრცელდება სესხის როგორც სრულად, ასევე, ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევებზე.
თქვენი მხრიდან სესხის წინსწრებით დაფარვის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს თქვენი შენატანი და განახორციელოს სესხის წინსწრებით დაფარვა იმავე სამუშაო დღეს. ხოლო თუ ტექნიკურად ამის გაკეთებას იმავე სამუშაო დღეს ვერ ახერხებს, დაფარვა განახორციელოს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, დაგაკისროთ ამ პერიოდის საპროცენტო თუ სხვა გადასახდელები. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა სესხის თანხა აღემატება 2 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში და თუ საკრედიტო ხელშეკრულებაც ამას ითვალისწინებს, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს, სესხი დაფაროს და პროცენტებისა და სხვა გადასახდელების დარიცხვა განაგრძოს მაქსიმუმ მომდევნო 14 დღის განმავლობაში.
კრედიტის წინსწრებით დაფარვისთვის, თქვენ უნდა შეიტანოთ დასაფარად საკმარისი თანხა შესაბამის ანგარიშზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოთ ფინანსურ ორგანიზაციას. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ანგარიშზე თანხის განთავსება ფინანსური ორგანიზაციის ინფორმირების გარეშე არ იქნება საკმარისი სესხის წინსწრებით დასაფარად. უფრო მეტიც, მაგალითად, თუ თანხა ბანკისგან გაქვთ ნასესხები, თქვენი მითითების გარეშე ანგარიშზე არსებულ თანხას სესხის წინსწრებით დასაფარად ვერც მიმართავს, რადგან მიმდინარე ანგარიშებს მომხმარებლები გარდა საკრედიტო შენატანებისა, სხვა არაერთი მიზნობრიობით იყენებენ. ამიტომ თქვენი პასუხისმგებლობაა, აცნობოთ კრედიტორს, რომ თანხა სესხის წინსწრებით დაფარვის მიზნით შეიტანეთ. გარდა ამისა, უმჯობესია, სამომავლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ფინანსური ორგანიზაციის ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეინახოთ ვალდებულების დაფარვამდე.
მოითხოვოთ ახალი გრაფიკი სესხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვისას
იმ შემთხვევაში, თუ წინსწრებით ფარავთ სესხის საწყისი ძირი თანხის მინიმუმ 20%-ს, არანაკლებ 500 ლარს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი, ქვემოთ ჩამოთვლილი ორი ალტერნატივის შესაბამისად:
- დატოვოთ კრედიტის თავდაპირველი შენატანები და შეამციროთ დარჩენილი კრედიტის ვადა;
- ან კრედიტის ვადა დატოვოთ უცვლელი, ხოლო სესხის ყოველთვიური შენატანები შეამციროთ.
ასეთ შემთხვევებში სესხის მომსახურების ოფისებში დაფარვისას აღნიშნულ უფლებაზე თავად ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა გაცნობოთ და მანვე შემოგთავაზოთ ზემოაღნიშნული ალტერნატივები.
რამდენიმე ვადამოსული ვალდებულების არსებობისას მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი ვალდებულების დაფარვა
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე ვალდებულება ერთ ფინანსურ ორგანიზაციაში, რომელთა გადახდის ვადა დამდგარია ან სულაც ვადაგადაცილებული, თქვენ მიერ შეტანილი თანხა კი არ არის საკმარისი ერთზე მეტი დავალიანების დასაფარავად, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შეტანილი თანხით იმ ვალდებულების დაფარვა, რომელიც თავად გსურთ.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ არჩევანი უნდა განახორციელოთ იმ არხით, რომელიც შეთანხმებულია თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.
მაგალითად, ვთქვათ, გაქვთ სამი სესხი და ყველა მათგანის გადახდის ვადა დამდგარია, ერთ სესხზე გადასახდელია 100 ლარი, მეორეზე 200, მესამეზე კი - 250 ლარი. იმავდროულად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გაქვთ, რომ სესხის დაფარვის რიგითობასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციის სერვისცენტრში. თუ თქვენ შეიტანეთ 120 ლარი (შესატანი თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი დავალიანების დასაფარად), თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ის სესხი, რომელიც გსურთ, რომ დაიფაროს, თუმცა, ამისათვის აუცილებელია, მიხვიდეთ სერვისცენტრში და სწორედ იქ დააფიქსიროთ თქვენი ეს სურვილი, თანხის დაფარვამდე.
პრეტენზიის დაფიქსირება
თქვენ უფლება გაქვთ:
დააფიქსიროთ პრეტენზია ნებისმიერი ფორმით და მიიღოთ პასუხი
იმ შემთხვევაში, თუ უკმაყოფილო ხართ ფინანსური ორგანიზაციის ამა თუ იმ ქმედებით. პრეტენზიის დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერი, თქვენთვის მისაღები ფორმით (ზეპირსიტყვიერად სერვის-ცენტრში ან სატელეფონო ოპერატორთან, წერილობით ან ელექტრონული ფორმით).
წერილობით, ტელეფონით ან ელექტრონულად პრეტენზიის დაფიქსირებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა გაცნობოთ თქვენი პრეტენზიის მოკვლევის დეტალები და სადაც შესაძლებელია, გადაწყვეტის გზები, პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
ხოლო, თუ პრეტენზიას აფიქსირებთ ზეპირსიტყვიერად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შემოგთავაზოთ პრეტენზიის წერილობით ან ელექტრონულად დაფიქსირება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი: მოქმედია 2021 წლის 1 აპრილიდან
მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი: ძალადაკარგულია 2021 წლის 1 აპრილიდან. ამ თარიღამდე დადებულ ხელშეკრულებებზე, რომელთა რესტრუქტურიზაცია/ცვლილება არ ხდება, აღნიშნული წესიდან გარკვეული მოთხოვნები ისევ ვრცელდება.
მსგავსი თემები
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ?
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება