კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რას ნიშნავს თავდებობა?

თავდები არის პირი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას გადაიხადოს სესხი, თუ მსესხებელი მას ვერ ან არ გადაიხდის. გარდა ამისა, თავდებობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საკრედიტო ბიუროშიც აღირიცხება და როცა თავდები თავად მოითხოვს სესხს, თქვენ მიერ აღებული ვალდებულება მისი ფინანსური მონაცემების ანალიზისას გაითვალისწინება. შედეგად, სანამ სხვა პირს თავდებობას სთხოვთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას თქვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობას აკისრებთ, არამედ გარკვეულწილად ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსების მოცულობასაც უმცირებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თავდებად გახდომამდე?

სანამ სესხზე თავდებობას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, დაფიქრდით, რამდენად მაღალია იმის მოლოდინი, რომ მსესხებელი, მისი ფინანსური მდგომარეობისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, დაბრკოლებების გარეშე შეძლებს სესხის დაფარვას. სასურველია, გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, უხერხულობის გამო არ მიიღოთ და დაუშვათ ის სცენარი, რომ მსესხებლის მიერ სესხის ვადაგადაცილების ან სულაც გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა თქვენ მოგიწევთ. შესაბამისად, კარგად უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მზაობა მოვლენების ამგვარი განვითარებისათვის. კრედიტორს თქვენ მიმართ პრაქტიკულად იგივე აღსრულების მექანიზმების გამოყენება შეუძლია, რაც მსესხებლის მიმართ. ამიტომ, ასეთ სცენარში ვალდებულების თავიდან აცილების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს.

მაშინაც, როცა მსესხებელს ენდობით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გიმცირდებათ ხელმისაწვდომი საკრედიტო თანხის მოცულობა. ანუ თუ თავდებობის პერიოდში სესხის აღება დაგჭირდებათ, კრედიტორი შესაძლო სესხის მოცულობის დაანგარიშებისას თქვენს პირად ვალდებულებებთან ერთად თავდებობით ნაკისრ ვალდებულებასაც გაითვალისწინებს. შესაბამისად, სესხის მხოლოდ იმ მოცულობით  გაცემას განიხილავს, რომელთან ერთად თავდებობით ნაკისრი ვალდებულების მომსახურებისთვისაც თქვენი შემოსავლები საკმარისი იქნება.

რას ნიშნავს სოლიდარული თავდებობა?

გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევაში კრედიტორმა შესაძლოა მოითხოვოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობისა და მისი უშედეგოდ გაფრთხილების შემთხვევაში, ასევე, მაშინაც როცა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს თავდებს ისე, რომ არც სცადოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარება მსესხებლის მიმართ.  ხოლო იმ შემთხვევაში როცა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის სახით არ ფორმდება, თავდებს უფლება აქვს უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქამდე, ვიდრე ის არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. 

კიდევ უფრო საფრთხილოა თავდებობა, რომელიც ფორმდება არა კონკრეტულ სესხზე, არამედ ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელსაც პრაქტიკაში გენერალურ ხელშეკრულებასაც ეძახიან. ასეთ ხელშეკრულებებში ფიქსირდება თავდებობის ჯამური ლიმიტი, მოქმედების მაქსიმალური ვადა და სესხთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული მონაცემები. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელმა შესაძლოა მომავალშიც აიღოს დამატებითი ვალდებულება, რომლის შესახებაც მართალია, კრედიტორი შეგატყობინებთ, თუმცა მის გაცემაზე თქვენი თანხმობა არ იქნება საჭირო. ამდენად, სამომავლოდ მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება და, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.