კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დამწყები ბიზნესის შემთხვევაში ფინანსურმა ინსტიტუტმა შესაძლოა  მოითხოვოს ბიზნესგეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ბიზნესის საქმიანობისა და მისი მართვის შესახებ, ასევე ფინანსურ უწყისებს (მოგება-ზარალის უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, საბალანსო უწყისი). ფინანსური ორგანიზაცია დაითვლის ფინანსურ კოეფიციენტებს (იხ. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და კოეფიციენტები) და ამ და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე.

ბიზნესგეგმა არის დოკუმენტი, რომელსაც მეწარმეები ადგენენ ბიზნესის წამოწყების ან მისი გაფართოების დროს. მისი მთავარი ფუნქციაა შეფასდეს ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები და გააცნოს პოტენციურ დამფინანსებლებს ბიზნესის საქმიანობის არეალი. ბიზნესგეგმაში აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები.  

გასათვალისწინებელია, რომ ეს დოკუმენტი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ პოტენციურმა დამფინანსებელმა შეძლოს ბიზნესის შესაძლებლობებისა და საჭირო რესურსის  შეფასება.

ბიზნესგეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

 

მოკლე მიმოხილვა - მთავარი იდეა

მოკლე მიმოხილვა არის ბიზნესგეგმის შეჯამება, რომელიც იწერება ბიზნესგეგმის დასრულებისას, მაგრამ წარმოდგენილია ბიზნესგეგმის საწყის გვერდზე. მოკლე მიმოხილვით მკითხველი ეცნობა ბიზნესის ზოგად ტიპს და ძირითად ინფორმაციას მის კონკურენტულ უპირატესობებზე. აქვე წარმოდგენილია შეჯამებული ფინანსური მაჩვენებლები: რა თანხაა საჭირო ბიზნესის დასაწყებად, რამდენია მფლობელებისა და დამფინანსებლების წილი და რა მიზნით დაიხარჯება ეს თანხები.

მართვა და ორგანიზება

ამ ნაწილში იწერება, თუ რომელი ბიზნესის ფორმით არის დარეგისტრირებული მეწარმე; ვინ არიან ბიზნესის მფლობელები, მმართველები, რა გამოცდილება და ცოდნა აქვთ მათ; როგორი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს ბიზნესს; ვინ არიან დასაქმებულები და რა ფორმით მოხდება მათი შრომის ანაზღაურება. აქვე იწერება ბიზნესის მიზნები: რისი მიღწევა სურს ბიზნესს უახლოეს მომავალში ან გრძელვადიან პერიოდში. 

პროდუქტი და მომსახურება

ამ ნაწილში დეტალურად განიმარტება/აღიწერება პროდუქტი ან მომსახურება, მისი მახასიათებლები და კონკურენტებთან შედარებით არსებული უპირატესობები. საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება ინფორმაცია პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის საჭირო პატენტის, სავაჭრო ნიშნების ან ლიცენზიის შესახებ.

წარმოების გეგმა

წარმოების გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან ის აღწერს ბიზნესის საქმიანობას ნედლეულის შეძენიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე. წარმოების გეგმიდან ჩანს, თუ რა მოცულობისაა ბიზნესი, არის თუ არა სეზონური და აქვს თუ არა წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია. წარმოების პროცესის აღწერისას გამოიყოფა მასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც ფინანსური გეგმის ნაწილია და მეწარმეს დაეხმარება პროდუქციის თვითღირებულების დათვლაში. აქვე უნდა ჩანდეს, თუ რა ქონებას ან დანადგარებს ფლობს ბიზნესი, ან რა დანადგარები სჭირდება დამატებითი საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე რისი შესყიდვა სურს მეწარმეს საკუთარი სახსრებით და რის შეძენას ფიქრობს დაფინანსებით (სესხით). 

მარკეტინგული გეგმა

მარკეტინგულ გეგმაში იწერება კონკურენტების ანალიზი, კერძოდ, ვინ არიან ბიზნესის კონკურენტები და როგორი პროდუქტები და ფასები აქვთ მათ. ბიზნესმა ასევე უნდა გააანალიზოს, არის თუ არა მისი საქმიანობა სეზონური და წლის რომელი მონაკვეთია მისთვის აქტიური პერიოდი. მარკეტინგულ გეგმაში იწერება ინფორმაცია ფასდადების, პროდუქციის გაყიდვების არეალის, მომხმარებლებისა და მათი მახასიათებლების, ასევე მარკეტინგული აქტივობების შესახებ (ფლაერები, ბროშურები, პოსტერები/სტიკერები, ბილბორდები და ბანერები, სარეკლამო, სატელევიზიო და სოციალური მედიის რეკლამები და სხვ.).

ფინანსური გეგმა

ფინანსური გეგმა მოიცავს ინფორმაციას კომპანიის დაგეგმილი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ (იხ. მოგება-ზარალის უწყისი), ასევე დაფინანსების ბიუჯეტის შესახებ: ჯამში, რა ოდენობის თანხაა საჭირო ბიზნესის წამოსაწყებად/განვითარებისთვის; რა ოდენობისაა ბიზნესის საკუთარი ინვესტიცია და რამდენს ითხოვს ის სესხის სახით; რის შეძენას ფიქრობს ბიზნესის მფლობელი არსებული ბიუჯეტით და რა ვადაში მოახდენს თანხის ათვისებას - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელსაც სესხის გამცემი ორგანიზაცია ბიზნესისგან მოითხოვს. 

გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესგეგმა, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ბიზნესის მფლობელისთვის არის მნიშვნელოვანი, რათა მან წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი მოგების ოდენობა და გეგმის განხორციელების პროცესში შეადაროს, თუ რამდენად მიჰყვება ბიზნესი დაგეგმილ მაჩვენებლებს.