კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საკრედიტო კავშირი

საკრედიტო კავშირი წარმოადგენს ფინანსური მომსახურების გამწევ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც ასევე ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციებისგან საკრედიტო კავშირს საქმიანობის განსაკუთრებული სპეციფიკა გამოარჩევს. 

საკრედიტო კავშირი არის კოოპერატივის სახით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანებს აერთიანებს და შეუძლია გასცეს სესხი ან მოიზიდოს ანაბარი მხოლოდ მისი წევრებისგან. ანუ ეს არის ერთობა, რომლის წევრების ერთ ნაწილს თანხის სესხება, მეორეს კი მისი გასესხება აინტერესებს. საკრედიტო კავშირის წევრების მინიმალური რაოდენობა 50 ადამიანით (მაღალმთიანი რეგიონებისთვის 10 წევრი) განისაზღვრება, ხოლო მაქსიმალური წევრთა ოდენობა 200 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება. მისთვისაც განსაზღვრულია მინიმალური საწესდებო კაპიტალი და ის საკრედიტო კავშირის წევრების რაოდენობის მიხედვით ანგარიშდება - საწესდებო კაპიტალის თანხა ერთ წევრზე 50 ლარია. 

თუ საკრედიტო კავშირის წევრობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

მაღალი რისკი

საქმიანობის სტილიდან გამომდინარე, საკრედიტო კავშირთან თანმშრომლობა მაღალ რისკს უკავშირდება.

წევრობის პირობა

უკვე არსებულ საკრედიტო კავშირს ნებისმიერი მსურველი ვერ შეუერთდება, რადგან წევრებს ტერიტორიული ერთეული უნდა აერთიანებდეთ. პირობითად, თბილისში არსებულ საკრედიტო კავშირს იმერეთის მკვიდრი ვერ შეუერთდება.

სესხის მაქსიმალური ვადა

მოკლევადიანი სესხის აღება მაქსიმუმ 1 წლით, ხოლო გრძელვადიანი სესხის აღება მაქსიმუმ 5 წლითაა შესაძლებელი. თუ უფრო გრძელვადიანი სესხით სარგებლობა გსურთ, საკრედიტო კავშირში ამას ვერ შეძლებთ.

სესხების რაოდენობა

საკრედიტო კავშირში მაქსიმუმ 2 პარალელური სესხის აღებაა შესაძლებელი.

სად შეიძლება ვნახო საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საკრედიტო კავშირების ჩამონათვალი?

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საკრედიტო კავშირების შესახებ.