თუ ფიქრობთ, რომ ფინანსური ორგანიზაცია არღვევს თქვენს უფლებებს, უკმაყოფილო ხართ და/ან არ ეთანხმებით მის რომელიმე გადაწყვეტილებას, თქვენ უფლება გაქვთ დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია ამ ფინანსურ ორგანიზაციაში:
- ზეპირად;
- სატელეფონო კომუნიკაციით;
- წერილობით;
- ან ელექტრონულად.
ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პერიოდია გასული პრეტენზიაში აღნიშნული საკითხის წარმოშობიდან მის დაფიქსირებამდე.
როდესაც პრეტენზიას ზეპირად აფიქსირებთ და საკითხი მაშინვე ვერ გვარდება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შემოგთავაზოთ პრეტენზიის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დაფიქსირების ალტერნატივა.
როდესაც პრეტენზიას წერილობით ან ელექტრონულად აფიქსირებთ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა დაგიდასტუროთ მისი მიღება, წერილობითვე ან ელექტრონულად. ამის შემდეგ, მას 1 თვის ვადა აქვს, რათა შეისწავლოს თქვენი პრეტენზია და წერილობით ან ელექტრონულად (იმ ფორმის მიხედვით, რა ფორმითაც დააფიქსირეთ პრეტენზია, ან როგორც შეთანხმდებით) გაცნობოთ საკითხის შესწავლის შედეგები, ხოლო სადაც შესაძლებელია, გაცნობოთ პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები.
გაითვალისწინეთ, ფინანსური ორგანიზაცია არ არის ვალდებული, განიხილოს თქვენი პრეტენზია განმეორებით, ანუ მაშინ, როცა ის იმავე საკითხს ეხება, რაც მანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს. გამონაკლისია შემთხვევები, როცა ადრე განხილულ საკითხზე დამატებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის (მაგალითად, ახალი ფაქტების შესახებ) მიწოდებას ახორციელებთ. თქვენი პრეტენზიის განხილვაზე უარის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მაშინაც, როცა ის ეხება ამა თუ ამა თუ იმ პროდუქტის მიღებასა ან მომსახურების გაწევაზე უარს, მაგალითად, თუ თქვენ სესხის მიღება გსურდათ და უარი გეთქვათ. აქაც გამონაკლისი ისეთი შემთხვევებია, როცა ისეთი პროდუქტის მიღება გსურდათ, რომლის მიწოდების ვალდებულებას ფინანსურ ორგანიზაციას კანონი აკისრებს.
ფინანსური ორგანიზაციის მიმართ თქვენი პრეტენზიის დაფიქსირება საქართველოს ეროვნულ ბანკშიც შეგიძლიათ: ცხელი ხაზის - 032 2 406 406 ან ელექტრონული ფოსტის - cp@nbg.gov.ge საშუალებით.
მსგავსი თემები
- სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- მომხმარებლის უფლებები ფინანსურ ორგანიზაციებთან
- ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე