სასურველი თანხის სესხის სახით მისაღებად მომხმარებლები ხშირად ყველაზე მარტივ გზას მიმართავენ, მაგალითად თანხის კერძო პირისგან სესხებას. ბაზარზე ასეთი ალტერნატივებიც არსებობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, ყველა ასეთი ალტერნატივის შესაძლო რისკებსა თუ უპირატესობებს გაეცნოთ და შეაფასოთ.
თანხის მიღების ასეთ წყაროებს შორის, როგორც წესი, იგულისხმება:
- მეგობრისგან / ოჯახის წევრებისგან თანხის სესხად აღება;
- კერძო პირებისგან სესხის აღება;
- ე.წ. „ლატარიის“ პრინციპით თანხის მიღება.
მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან სესხება
ფულის სესხების ყველაზე მოსახერხებელი გზა შეიძლება ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის თანხის გამორთმევა იყოს. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, დამატებითი ხარჯის გაწევა არ გიწევთ. გარდა ამისა, თუ თანხას დროულად ვერ დააბრუნებთ, არც ჯარიმები დაგეკისრებათ. ამასთან, თუ სესხის გამცემი თქვენი ახლობელი ადამიანია, ფულის დაბრუნების გრაფიკსაც უფრო მოქნილად აწესებთ - იხდით ისე, როგორც ეს შეგიძლიათ. ერთი მხრივ, ეს პირობები თითქოს მიმზიდველი და ყველაზე ხელსაყრელია, თუმცა, მას თავისი რისკებიც ახლავს. კერძოდ, მათ, ვისაც თქვენთვის ფულის სესხების სურვილი აქვთ, თქვენთვის სასურველი მოცულობის თანხა შეიძლება ყოველთვის არ აღმოაჩნდეთ. ამასთანავე, თუ გადაუდებელი მდგომარეობის გამო გამსესხებელს თავისი თანხის სასწრაფოდ უკან დაბრუნება დასჭირდა, მოგიწევთ იმაზე ადრე მოიძიოთ დასაბრუნებელი თანხა, ვიდრე ეს სესხებისას დაგეგმეთ. ასევე მნიშვნელოვანია ახლობელთან ურთიერთობის გაფუჭების რისკი. თუ თანხას ახლობელი ადამიანებისგან ხშირად სესხულობთ, შეიძლება მათ თქვენთან სხვა სახის ურთიერთობის სურვილი დაუკარგოთ. ეს რისკი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, თუ ნასესხები თანხის დაბრუნება ხშირად გიჭირთ.
კერძო პირისგან სესხება
სესხის მისაღებად კიდევ ერთი გზა თანხის კერძო პირისგან სესხებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით სესხის აღება საკმაოდ მოკლე ვადაში და მარტივადაა შესაძლებელი, მას საკმაოდ ბევრი საყურადღებო მომენტი და რისკი ახლავს თან, რაც აუცილებელია გაითვალისწინოთ:
მაღალი პროცენტი
სესხზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია.
უფლებების დაცვის რისკი
თუ სესხის გადახდისას პრობლემა შეგექმნებათ, რთულდება თქვენი უფლებების დაცვა, რადგან კერძო პირებთან არარეგულირებადი ურთიერთობის გამო, დიდია არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი, მათ კი შესაბამისი მარეგულირებელი, რომელიც თქვენს უფლებებს დაიცავდა, არ ჰყავთ.
ხელშეკრულების პირობები
სესხის ხელშეკრულება, ხშირად, არ ფორმდება ან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში მთავარი აქცენტი გამსესხებლის უფლებებსა და მსესხებლის პასუხისმგებლობებზე კეთდება.
გასათვალისწინებელია, რომ სესხის გაცემისას კერძო პირს არ შეუძლია მსესხებელს მოსთხოვოს სესხის უზრუნველყოფა ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მოძრავი ქონების სახით.
მოქმედ კანონმდებლობაში უზრუნველყოფის მოთხოვნის შეზღუდვა მოქმედია 2018 წლის 20 აგვისტოდან.
რა გზასაც უნდა ირჩევდეთ ფულის სესხად მისაღებად, მთავარია გადაწყვეტილება ყველა შესაძლო ალტერნატივის შედარებისა და მათგან თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვერსიის არჩევის შემდეგ მიიღოთ.
მსგავსი თემები
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
- სხვა დაფინანსების წყაროები
- ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და კოეფიციენტები
- ბიზნესსესხი
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება