კარგად გაწერილი ფინანსური გეგმა ხელს უწყობს შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ზრდის ფინანსურ სტაბილურობას. ის მნიშვნელოვნად გვეხმარება, შევხვდეთ მომზადებული მოულოდნელი სიტუაციებს, რომლებიც განსაკუთრებულ ხარჯებს ან სხვა ეკონომიკურ გამოწვევებს უკავშირდება. ფინანსური დაგეგმვა არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროებებთან გამკლავებაში დახმარებასთან ერთად გრძელვადიანი მიზნების მიღწევის წინაპირობაცაა, მაგალითად, განათლება, საცხოვრებლის შეძენა ან საპენსიო ასკისთვის მზაობა. ფინანსური გეგმის დასახვის გარეშე, შესაძლოა მარტივად იჩინოს თავი ფინანსურმა პრობლემებმა, რაც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
როდესაც გადაწყვეტთ, რომ ოჯახის ფინანსური სტაბილურობისთვის მიზნები დაისახოთ და დანაზოგები შექმნათ, იცოდეთ, რომ შესაძლოა ამ გზაზე ბევრი გამოწვევა შეგხვდეთ, თუმცა შედეგი მათ დაძლევად ღირს.
ოჯახის ფინანსების დაგეგმვა ოჯახისთითოეულ წევრს ინდივიდუალური და საერთო მიზნების მიღწევაში ეხმარება. სწორად დასახული ფინანსური მიზანი და ამ მიზნის შესასრულებლად გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები საშუალებას იძლევა, შეიქმნას ფინანსური სტაბილურობის განცდა გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობაში. ოჯახის ფინანსური მიზნების მართვის საკითხში ფინანსური გეგმის დასახვა და განხორციელება არც თუ ისე მცირე გამოწვევაა.
როგორ შეადგინოთ ფინანსური გეგმა
ფინანსური გეგმა ოჯახს შემოსავლის წყაროების ეფექტიანად გამოყენებასა და მიმდინარე მოთხოვნილებებთან დაბალანსებაში ეხმარება. ამასთან, სწორად შედგენილი გეგმა სამომავლო ქცევისა და აქტივობების განმსაზღვრელიცაა. ფინანსური გეგმის შედგენის მთავარი ამოსავალი ოჯახის ფინანსური მიზნების მიღწევაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფინანსური გეგმა ოჯახის ფინანსური მიზნებისა და მათი მიღწევის გზების სისტემატიზებული ჩანაწერია.
თუ ფინანსური გეგმის შედგენა გსურთ:
1. განსაზღვრეთ თქვენი ოჯახის მიზნები - აქ შესაძლოა გაიწეროს როგორც საერთო საოჯახო, ისე ინდივიდუალური მიზნები, რომლებსაც ოჯახის წევრებზეც ექნება გავლენა. მაგალითად, თუ გსურთ სამსახურიდან წამოსვლა და გარკვეული პერიოდი დასვენება, ესეც ფინანსურ მიზნად უნდა აქციოთ და უმუშევრობის პერიოდის დასაფინანსებლად თანხის დაგროვება დაიწყოთ. საერთო მიზნად შეიძლება სახლის ყიდვა ან ოჯახის ერთობლივად დასვენება დაისახოთ - ეცადეთ, მიზნები არა ზოგადად, არამედ მაქსიმალურად კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ და დროში გაწეროთ. მათი მიღწევა ასე გაცილებით მარტივი იქნება;
2. ოჯახის ბიუჯეტი შეუსაბამეთ მისაღწევ მიზნებს - ფინანსური გეგმა რეალურად დასახული მიზნების ეფექტიანად მიღწევის პრაქტიკული ნაბიჯებია. მისი შედგენისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად საჭირო თანხის მოცულობის განსაზღვრა და ოჯახის ბიუჯეტში მისი გათვალისწინება;
3. დაზოგეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის - როგორი სიზუსტითაც უნდა იყოს მიზნები შედგენილი და დაგეგმილი, ცვალებადი და დინამიკური გარემო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის მზაობას მოითხოვს. იმისთვის რომ მსგავსმა შემთხვევებმა გავლენა არ მოახდინოს ოჯახის ფინანსური მიზნების მიღწევაზე, სასურველია, შექმნათ გარკვეული დანაზოგი, ერთგვარი ფონდი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის და მუდმივად გქონდეთ თანხა, რომელიც უეცარი მოვლენებით დამდგარ ზარალსა თუ ხარჯს დაფარავს;
4. დააზღვიეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის - არსებობს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, რომელთა ხარჯსაც დაზღვევით აიცილებთ. ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა მაგალითად, გაუმართავი წყალგაყვანილობის სისტემის გამო სახლის დაზიანება, ავტოავარია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დამატებითი ხარჯების გაწევას საჭიროებს. შეგიძლიათ ისარგებლოთ სადაზღვევო პროდუქტებით და თქვენთვის მოსახერხებელი პირობებით შეძენის შემთხვევაში, მსგავსი შემთხვევების ხარჯს სადაზღვევო კომპანია დაფარავს.
5. დააბანდეთ ოჯახის მომავალში - შეეცადეთ თქვენი თანხა განკარგოთ გონივრულად. თუ თანხას სახლში შეინახავთ, სადაც მას არც სარგებელი ერიცხება და არც სხვა დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლია, თქვენ პოტენციურ სარგებელს დაკარგავთ. ამიტომ სასურველია, რომ თქვენი ოჯახის თავისუფალი თანხა შედარებით სარგებლიანად დააბანდოთ;
6. ხშირად გადახედეთ თქვენს ფინანსურ გეგმას - როგორც უნდა დაგეგმოთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები, გეგმების ცვლილების საჭიროებას ვერ გამორიცხავთ. გეგმის განახლება და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა ფინანსური მიზნების მიღწევასა და ოჯახის ფინანსების მართვასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.
ფინანსური მიზნები და მათი მნიშვნელობა
ფინანსური გეგმის შედგენა ფინანსური მიზნების დასახვით იწყება. მიზნების სწორად დასახვა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
როგორ დავისახოთ ფინანსური მიზნები?
ფინანსური მიზნების დასახვის დროს სასურველია გაითვალისწინოთ 2 საკითხი:
- რა დროში გეგმავთ მის მიღწევას
- რამდენად მკაფიოდ და კონკრეტულადაა მიზანი განსაზღვრული და ფორმულირებული
1. ვადიანობა - მიღებული პრაქტიკაა მიზნების დაყოფა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მიზნებად. მოკლევადიან მიზნებად მოიაზრება 3 წლამდე ვადაში მიღწევადი მიზნები, საშუალოვადიანი მიზნების მიღწევა 5 წლამდე ვადაშია შესაძლებელი, ხოლო გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად მინიმუმ 5 წელი დაგჭირდებათ. თუ განსაზღვრული გაქვთ მიზნების ვადები შეგიძლიათ მათ მისაღწევად შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ. მაგალითად, თუ დაისახეთ მოკლევადიანი მიზანი, მის მიღწევაში დაგეხმარებათ მოკლევადიანი დავალიანების შემცირება, შემნახველი ანგარიშის შექმნა და ბიუჯეტის წარმოება, რომელიც შეესაბამება თქვენი ოჯახის ცხოვრების წესს. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, აქცენტი უნდა გადაიტანოთ ფინანსურ სტაბილურობასა და საპენსიო ასაკისთვის ფინანსურ მზაობაზე.
2. მიზნის მიღწევის გზების გასამარტივებლად სასურველია, მიზნის მკაფიოდ და სწორად ჩამოყალიბება. მაგალითად, თუ ოჯახს სურს საოჯახო ბიზნესის წამოწყება, არასწორად ფორმულირებული მიზანი იქნება: „გვინდა საოჯახო ბიზნესი“, საჭიროა ეს მიზანი შეძლებისდაგვარად დაკონკრეტდეს, მაგალითად: „ვგეგმავთ 1 წელიწადში გავხსნათ საოჯახო საკონდიტრო, რომელშიც გამოცხვება პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები, ტკბილეული. საჭირო იქნება 4 000 ლარის ღირებულების საცხობი ინვენტარი და 2 000 ლარის ინგრედიენტები. ყოველთვიურად გვაქვს 500 ლარის დაზოგვის საშუალება. “
კონკრეტიკისთვის, მიზნის სწორი ფორმულირებისთვის რეკომენდებულია გამოიყენოთ ე.წ. SMART მიდგომა. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული(Specific), გაზომვადი (Measurable), მიღწევადი(Achievable), სიტუაციის შესაბამისი (Relevant) და განსაზღვრულ დროში მიღწევადი(Time-bound).
რა შემთხვევაში არ ამართლებს ოჯახის ფინანსების დაგეგმვა
ფინანსების სწორად მართვის და დაგეგმვის მზაობის მიუხედავად, შესაძლოა, მცდელობამ არ გაამართლოს და რეალობა შემუშავებულ გეგმებს სრულებით ასცდეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ხისტი ფინანსური გეგმა- თუკი დასაწყისშივე მკაცრად გადაწყვეტთ, რომ გეგმა არ უნდა შეიცვალოს და რასაც დაგეგმავთ მიზნის მიღწევამდე არ შეიცვლება. ასეთი გეგმა დასაწყისშივე განწირულია. ცვალებად გარემოში შეუძლებელია ხისტმა გეგმამ შედეგი გამოიღოს;
- უარი პროფესიონალის დახმარებაზე- ზოგჯერ შესაძლოა ფინანსურ დაგეგმვასა თუ მართვაში უფრო გამოცდილი ადამიანის ჩართვა იყოს საჭირო. დახმარებაზე უარის თმამ შესაძლოა არასწორ დაგეგმვასა და მიზნების ჩავარდნამდე მიგიყვანოთ.
- არაგონივრული სესხება - თუ გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა იმატა და თქვენი ხარჯებიც გაიზარდა, შესაძლოა სესხის აღების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღოთ. არაგონივრული, იმპულსური სესხება უმეტესად ფინანსურ ტვირთად იქცევა ხოლმე და არა მხოლოდ გეგმის გადახედვის, არამედ მიზნებზე უარის თქმის მიზეზიც ხდება.
- სადაზღვევო პროდუქტების ცალსახა უგულებელყოფა - სადაზღვევო შემთხვევები, რასაკვირველია, ყოველთვის არ ხდება. სწორედ ამიტომ შესაძლოა იფიქროთ, რომ არ ღირს სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობა. თუმცა, თუ რისკების სხვა გზით არ დააზღვიეთ და შემთხვევაც დადგა, ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დასახული გეგმების შესრულებაზე.