საპენსიო ასაკი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძირითადად აქტიური სამუშაოსგან დასვენების პერიოდთან ასოცირდება. იმისათვის რომ ამ ეტაპს მშვიდად, ბედნიერად და ფინანსურად მყარად შეხვდეთ, საჭიროა, წინასწარ იზრუნოთ მასზე.
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წინასწარ უნდა იფიქროთ თქვენს საპენსიო ასაკზე, თქვენი ჯანმრთელობაა. საპენსიო ასაკის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალოს და მასზე მეტი ზრუნვა დაგჭირდეთ, ვიდრე ახალგაზრდულ წლებში, როცა ჯანმრთელობა ადამიანს საჩუქარივით გადაეცემა. შესაბამისად, შედარებით მეტი ხარჯის გაწევა მოგიწიოთ საჭირო სამედიცინო კვლევებსა და მედიკამენტებზე.
საყვარელი საქმის კეთება საპენსიო ასაკში
ერთ-ერთი საკითხი, რომელზე დაფიქრებაც მოგიწევთ, ის აქტივობაა, რომლითაც უნდა დაკავდეთ საპენსიო ასაკში, იმის გათვალისწინებით, რომ აღარ მოგიწევთ სამსახურში სიარული. ახალგაზრდულ ასაკში ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ პენსიაზე გასვლის შემდეგაც სურთ მუშაობა, თუმცა ხდება ისეც, რომ ეს სურვილი და ენთუზიაზმი ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. თუ თქვენი ცხოვრება საპენსიო ასაკამდე იყო დატვირთული და აქტიური, შესაძლოა უმოქმედობა ცუდად აისახოს თქვენს მდგომარეობაზე. საპენსიო ასაკის მიღწევამდე, დაფიქრდით, რის გაკეთებას მოისურვებთ, რა დაგჭირდებათ იმისათვის, რომ შეძლოთ აკეთოთ სასურველი საქმე პენსიაზე გასვლისას, შემდეგ კი განსაზღვრეთ, რა უნდა მოიქმოდოთ იმისათვის, რომ შეძლოთ დაკავდეთ სასურველი საქმიანობით.
ფინანსური გეგმის დასახვა საპენსიო ასაკისთვის მზადებისას
შესაძლოა, თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის საერთო ბიუჯეტში და მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოჯახის ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა. დაფიქრდით თქვენი პენსიაზე გასვლის საკითხზე რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, განსაზღვრეთ და დასახეთ ფინანსური გეგმა, რომლის მიღწევაც უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის ფინანსურ სტაბილურობას მომავალში. მაგალითისთვის, საპენსიო ფონდში ყოველთვიურად თანხის გადარიცხვის პარალელურად, შეგიძლიათ თქვენი შემოსავლიდან, დამატებით, თავადაც დაზოგოთ საპენსიო ასაკისთვის ან რაიმე სახის ინვესტიცია განახორციელოთ, რომელიც ხანგრძლივად მოგიტანთ შემოსავალს. ეს შეიძლება ფასიანი ქაღალდების ან უძრავი ქონების ყიდვა ან რაიმე სხვა სახის დაბანდება იყოს.
ვალდებულების არსებობა საპენსიო ასაკის მიღწევისას
აუცილებელია, ასევე, წინასწარ დაფიქრდეთ, ხომ არ გექნებათ გადასახდელი სასესხო ვალდებულება პენსიაზე გასვლის შემდგომ. შესაძლოა, თქვენ გქონდეთ გრძელვადიანი იპოთეკური სესხი, რომლის დაფარვის ვადა იწურება მას მერე, რაც თქვენ საპენსიო ასაკს გადაცდებით. დაფიქრდით, კვლავ შეძლებთ გააგრძელოთ ამ დროს მუშაობა, თუ სხვა, ალტერნატიული წყაროდან უნდა დაიფაროს თქვენი სასესხო ვალდებულება? შესაძლოა, ამ ეტპზე ამ შემოსავლის წყაროდ ზუსტადაც რომ ეს ინვესტიცია განიხილოთ და მომავალში ამ ქონების იჯარით გაქირავებიდან მიიღოთ შემოსავალი.
სხვა მნიშვნელოვანი დასაფიქრებელი საკითხები
სახელმწიფო პენსიასთან ერთად დღეს უკვე შეგიძლიათ გამოითვალოთ ის საპროგნოზო თანხა, რომელიც, დაგროვდება თქვენი შემოსავლიდან კერძო თუ სახელმწიფო დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე. თუმცა, წინასწარ დაფიქრდით შემდეგ საკითხებზეც:
საკმარისი იქნება თუ არა პენსიის სავარაუდოდ მისაღები თანხა მომავალში თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანს განსხვავებული ფინანსური ქცევა ახასიათებს, ზოგიერთს უყვარს ძვირადღირებული ნივთების შეძენა, გართობასა და დასვენებაში სოლიდური თანხის გადახდა. თუ თქვენ ასეთი კატეგორიის ადამიანს მიეკუთვნებით დაფიქრდით რას მოიმოქმედებთ მომავალში: ნელ-ნელა შეეცდებით შეცვალოთ, თქვენი ქცევები თუ იმ მოცულობით დაზოგვა შეგიძლიათ, რომ საპენსიო ასაკშიც შეძლოთ საკუთარი თავის განებივრება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ფინანსურად უზრუნველყოფილი რომ იყოს თქვენი საპენსიო ასაკი?
იმისათვის, რომ ფინანსურად ძლიერი იყოთ პენსიაზე გასვლის შემდეგ, აუცილებელია, იფიქროთ დანაზოგზე. შეგიძლიათ დანაზოგი საბანკო ანაბრის საშუალებით განახორციელოთ ან დაფიქრდეთ სხვა სახის გრძელვადიან ინვესტიციაზე, მაგალითად, აქციებსა ან ობლიგაციებში, რომელიც გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ დანაზოგთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ.
როდიდან უნდა დაიწყოთ დაზოგვა საპენსიო ასაკისთვის?
ზოგადი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება ადრე. ბუნებრივია, რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაზოგვას საპენსიო ასაკისთვის, მით უფრო მეტი თანხა დაგეზოგებათ. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი დაისახო დროში საკმაოდ გრძელვადიანი 20, 30 ან 40 წლიანი ფინანსური გეგმა, თუმცა, თუ მოინდომებთ და ყველაფერს კარგად დაგეგმავთ, ეს შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება. მცირედი ყოველთვიური დანაზოგიც კი წლების გასვლასთან ერთად შეიძლება სოლიდურ თანხად იქცევს.