დაზოგვა სხვადასხვა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გარკვეული ნაწილის სამომავლოდ გადადებას ნიშნავს. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ყველაფერი, რასაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის მოიხმართ: მაგალითად, ენერგო, წყლის თუ სხვა რესურსები, ასევე, რა თქმა უნდა - ფული. ფულის დაზოგვა ნიშნავს, რომ თქვენს შემოსავლებს სრულად კი არ ხარჯავთ, არამედ მის გარკვეულ ნაწილს სამომავლო საჭიროებებისთვის ინახავთ. დაზოგილი თანხა კი მრავალი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ, იქნება ეს სასურველი ნივთის შეძენა, დასვენება, სწავლა თუ აგარაკის აშენება. დანაზოგის გასაკეთებლად დღეისათვის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ თანხა სახლში შეინახოთ ან ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოთ და თანხის შენახვასთან ერთად მასზე დამატებითი სარგებელიც მიიღოთ. დაზოგვის პროცესში მნიშვნელოვანია, სწორად გააანალიზოთ მიზნები და ისე აირჩიოთ დაზოგვის თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდი.
ფულის დაზოგვის პროცესი შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, თუ თანხებს სპონტანურად, ახალ-ახალი სურვილებისა თუ საჭიროებების შესაბამისად ხარჯავთ. ახალი ნივთების შეძენის, გართობის თუ ხარჯებთან დაკავშირებული სხვა სურვილები ყოველდღიურად თავისუფალი თანხის ბოლომდე ათვისებისკენ გიბიძგებთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაზოგვას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი სურვილების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება მოგიწევთ და ამის მიხედვით უნდა აირჩიოთ - რომელ სურვილს აისრულებთ ახლავე და რომელს გადადებთ სამომავლოდ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ თქვათ უარი თავისუფალ ხარჯვაზე თუ ამის შესაძლებლობა არსებობს? ან რატომ უნდა დაიწყოთ დაზოგვა თუ ის თქვენგან დისციპლინის და დამატებითი ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს? ამ კითხვებზე პასუხები, თავის მხრივ, იმ სარგებელზე მიანიშნებს, რაც დაზოგვით მიიღწევა.