ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი - იქნება ეს ოჯახის შექმნა, ბავშვის შეძენა, საკუთარი საქმის დაწყება თუ სხვა, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. მაგალითად, ქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ ბინის შეძენა ან დაქირავება, საოჯახო ნივთების შეძენა, გაზრდილი ყოველდღიური ხარჯების დაფინანსება და სხვა. ასევე, თუ ოჯახში პატარა გემატებათ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თქვენს ბიუჯეტში მისი კვებისა და მოვლის ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ. იმისათვის, რომ თითოეულ ასეთ მომენტს მომზადებული შეხვდეთ და ყველა ახალ გამოწვევას მარტივად გაუმკლავდეთ, მნიშვნელოვანია, მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები წინასწარ გაითვალისწინოთ, გააანალიზოთ და დაგეგმოთ.
ამ ბლოკში ვისაუბრებთ, როგორ მოემზადოთ ფინანსურად ცხოვრების სხვადასხვა ეტაპისთვის. გირჩევთ, რა კითხვები დასვათ იმისთვის, რომ ცხოვრების მთავარი მომენტები ფინანსურად სწორად შეაფასოთ და, შესაბამისად, სწორადაც მართოთ.