კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სამსახურის შეცვლის ალტერნატივების შეფასება

სამსახურის შეცვლა ადამიანის კარიერული წინსვლის ერთ-ერთი შესაძლო თანმდევი ფაქტორია. ქვემოთ განხილულია ის ძირითადი საკითხები, რომელზე დაფიქრებაც მოგიწევთ ახალ ალტერნატივებზე ფიქრისას.

რატომ გსურთ სამსახურის შეცვლა

ალტერნატივის შესაფასებლად საუკეთესო გზაა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან გაარკვიოთ, რატომ გსურთ სამსახურის შეცვლა. მაგალითად, გჭირდებათ ახალი პოზიცია, სამუშაო გარემო, ანაზღაურება თუ სხვა. ასე გეცოდინებათ ახალი შემოთავაზების განხილვისას რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

მსგავსია თუ არა კომპანიების მიერ შემოთავაზებული სარგებელი

ალტერნატივების შეფასება შესაძლოა იმის განხილვით დაიწყოთ, თუ როგორია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ არამატერიალური სარგებელიც. მაგალითად,  ერთი კომპანია შეიძლება გთავაზობდეთ უფრო მაღალ ხელფასს, თუმცა შემოთავაზება არ მოიცავდეს დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევას. მაშინ როდესაც, მეორე ორგანიზაცია უფრო დაბალ ხელფასს, მაგრამ მასთან ერთად კარგ სადაზღვევო პაკეტსაც გთავაზობდეთ. ამ შემთხვევაში საჭიროა, დაფიქრდეთ ხელფასებს შორის სხვაობა დაგიბალანსებთ თუ არა იმ ხარჯს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლსა და გაუმჯობესებაში დაგჭირდებათ.

როგორია პოტენციური დამსაქმებლების ადგილმდებარეობა

ვინაიდან საცხოვრებლიდან დაშორებული სამსახური დამატებით ხარჯებს უკავშირდება, სამსახურის არჩევისას დაფიქრდით იმაზეც, რომელი სამსახურის ადგილმდებარეობაა თქვენთვის უფრო ხელსაყრელი.

როგორია ახალი კომპანიის ორგანიზაციული კულტურა 

ხშირად ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას ორგანიზაციაში არსებული წესებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რაც ორგანიზაციულ კულტურას ქმნის. შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ის საკითხი არაა, რომელიც სამსახურით თქვენს კმაყოფილებას განაპირობებს, თუმცა, ის იმაზე მეტად იმოქმედებს თქვენზე, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინოთ. რამდენად კმაყოფილიც უნდა იყოთ ანაზღაურებით, მაინც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც თქვენ მუშაობას აპირებთ და ამ გარემოში დამტკიცებული წესები.

რამდენად სანდოა დამსაქმებელი

თუ თქვენ არსებული სამსახურის შეცვლას აპირებთ ან სხვადასხვა შეთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთება გსურთ, სასურველია, დაფიქრდეთ დამსაქმებლის სანდოობაზე. შეისწავლეთ კომპანიის ისტორია, რამდენად შეგიძლიათ გათვალოთ მათთან გრძელვადიანი ურთიერთობა.

თქვენი ახალი პოზიცია იქნება თუ არა თანხვედრაში თქვენს მომავალ მიზნებთან

ახალი ორგანიზაციის არჩევა აუცილებელია დაუკავშიროთ თქვენს მიზნებს, რათა მომავალში არ დაგეუფლოთ იმედგაცრუება. მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, აკმაყოფილებს თუ არა შემოთავაზება თქვენი კარიერული განვითარების მიზნებს, ასევე, შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები ესადაგება თუ არა თქვენს კომპეტენციას და მოგცემთ თუ არა ის თქვენი პროფესიული მიზნების რეალიზაციის შესაძლებლობას.

როგორი იქნება სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსი

სამსახურის არჩევის თუ შეცვლის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, დაფიქრდეთ, რამდენად დაგრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის ამ სამსახურის არჩევისას. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, დაუბალანსებელი პირადი და სამსახურეობრივი სივრცე ადრე თუ გვიან სტრესს და სამსახურით უკმაყოფილებას გამოიწვევს.

როგორ იმოქმედებს სამსახურის შეცვლა არსებულ პროფესიულ კავშირებზე

როდესაც სოციუმის ცვლილებას გადაწყვეტთ და ახალ გარემოში ადაპტაციის ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად დაფიქრდით, ხომ არ სუსტდება თქვენი არსებული კონტაქტები  ამ გადაწყვეტილებით.  შესაბამისი გარემოცვა კარგი საშუალებაა ახალი შეთავაზებების მისაღებად და სიახლეების გასაცნობად. როდესაც სამსახურს იცვლით, განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო მიმართულების ცვლილებასაც მოიცავს, დაფიქრდით ამ ნაბიჯით ხომ არ შორდებით იმ წრეს, რომლის შექმნასაც დიდი დრო სჭირდება.