კონვერტაცია
უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ცხადია, ამ ქვეყნის ვალუტა დაგჭირდებათ. წინასწარ გასარკვევია, როგორ და სად შეძლებთ ამ ვალუტის ყიდვას. არსებობს კონვერტაციის ორი გზა: ნაღდი და უნაღდო სახით. მაგალითად, ნაღდი ფულის შემთხვევაში, გასარკვევია, შესაძლებელია თუ არა ლარით უცხო ქვეყანაში იყიდოთ ამ ქვეყნის ვალუტა? ან შესაძლებელია თუ არა, საქართველოში, ლარით იყიდოთ სხვა ქვეყნის ვალუტა? მაგალითად, ევრო ან აშშ დოლარი შეგიძლიათ საქართველოშივე მარტივად იყიდოთ ლარით, ასევე, შესაძლებელია მაგალითად, გირვანქა სტერლინგის, შვეიცარული ფრანკის, თურქული ლირას, რუსული რუბლის, აზერბაიჯანული მანათის და ზოგიერთი სხვა ვალუტის ყიდვა. დანარჩენი ვალუტის შემთხვევაში, კი დიდი ალბათობით, ორმაგი კონვერტაცია მოგიწევთ:
გადახდის მეთოდი
განსაზღვრეთ, რა მეთოდით გადაიხდით: ბარათით, თუ ნაღდი ფულით. როგორც წესი, საერთაშორისო ბარათები, VISA და MasterCard ყველგან გამოიყენება ანგარიშსწორებისას, ამასთან, ბარათზე თანხის განთავსება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი თანხით მოგზაურობა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ნაღდი თანხაც დაგჭირდეთ, მაგალითად, „ჩაის“ დატოვებისას, ტაქსით მგზავრობისას, ქუჩაში სუვენირის შეძენისას და ა.შ. ამიტომ თანხის ნაწილი იქონიეთ ნაღდი სახით.
ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, რამდენია ბარათიდან განაღდების დღიური ლიმიტი და განაღდების საკომისიო. როგორც წესი, საზღვარგარეთ თანხის განაღდება მინიმუმ 2%-ია. რაც შეეხება განაღდების ლიმიტებს, განსხვავდება ბანკებისა და ბარათების კლასის მიხედვით. როგორც წესი, მაღალი კლასის ბარათებს განაღდების უფრო მაღალი ლიმიტი აქვთ.
დაბოლოს, წაიღეთ დამატებითი ბარათიც - იმ შემთხევაში, თუკი ერთი ბარათი დაკარგეთ ან მოგპარეს და მისი დაბლოკვა მოგიწიათ.
ინტერნეტბანკი
იმისათვის, რომ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება და თქვენი ანგარიშების კონტროლი საზღვარგარეთაც შეძლოთ, კარგი იდეაა ინტერნეტბანკის გამოყენება. თუ ორდონიანი აუთენთიფიკაციით სარგებლობთ, რაც ინტერნეტბანკში შესასვლელად დამატებით, კოდის მობილურის ნომერზე მოსვლას გულისხმობს, ან მაგალითად, გადარიცხვის განხორციელებისას ავტორიზაციის კოდი მობილურის ნომერზე მოგდით, დარწმუნდით, რომ ეს ნომერი ჩართული გექნებათ საზღვარგარეთ მოგზაურობისას, რათა არ შეფერხდეთ ტრანზაქციების განხორციელებისას.
ამასთან, წინასწარ იზრუნეთ მომავალ გადასახადებზე, იქნება ეს კომუნალურები თუ სესხის შენატანი, რათა მოგზაურობისას არ იფიქროთ მათზე. განათავსეთ საკმარისი თანხა თქვენს ანგარიშზე. სესხის შემთხვევაში, როგორც წესი, შენატანი ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან, კომუნალურების გადასახდელად კი შეგიძლიათ ავტომატური გადარიცხვის სერვისი გააქტიუროთ, რომელიც ავტომატურად გადარიცხავს თანხას თქვენი აბონენტის ანგარიშზე.
დაზღვევა
ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულოა ევროკავშირში მოგზაურობისთვის, ასევე, როგორც წესი, საჭიროა სხვა ქვეყნის ვიზის მოსაპოვებლადაც. მიუხედავად იმისა, სარგებლობთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევით, ცალკე სამოგზაურო დაზღვევის შეძენა აუცილებელია და ამისთვის შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიას მიმართოთ.
ბანკისთვის შეტყობინება
გამგზავრებამდე აცნობეთ ბანკს/ბარათის გამცემს, რომელ ქვეყანაში და როდის აპირებთ მოგზაურობას. რადგან, უსაფრთხოების გამო, ბანკმა/ბარათის გამცემმა შეიძლება დაბლოკოს ბარათი, თუ საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციები საეჭვოდ მიიჩნია.
მსგავსი თემები
- ბანკომატი
- სესხთან დაკავშირებული საკომისიოები
- როგორ იშოპინგოთ ონლაინში უსაფრთხოდ
- საგადახდო ბარათები
- თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით
- 10 რჩევა ფიშინგისგან თავის დასაცავად
- სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა
- მომხმარებლისთვის გადასაცემი დოკუმენტების სტანდარტი