სახელმწიფო პენსია
საქართველოში სახელმწიფო პენსია მამაკაცებს 65, ქალებს კი - 60 წლის ასაკის მიღწევის თარიღიდან ენიშნებათ. სახელმწიფო პენსიის მოცულობა განისაზვრება კანონმდებლობით.
სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც თავის მხრივ, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი სხვადასხვა ტიპის გადასახადით ივსება. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა და შესაძლებლობები ზღვრულია. ამასთან, გადასახადებით აკუმულირებული თანხებით პენსიების გარდა, სახელმწიფოს სხვა საჭიროებების დაფინანსებაც ხდება. ამ საჭიროებებს შორისაა, მაგალითად: განათლება, ჯანდაცვა და სხვა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ის ადამიანი, რომლებიც მთელი ცხოვრება შრომობდა და ემსახურებოდა თავის ქვეყანას, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მნიშვნელოვანი ობიექტი უნდა იყოს, სახელმწიფო პენსიის ოდენობა, დიდი ალბათობით, ვერასოდეს იქნება საკმარისი იმისათვის, რომ საპენსიო ასაკში შეუნარჩუნოს ადამიანს შემოსავლების იგივე დონე, რასაც შრომის ანაზღაურების საფუძველზე იღებდა.
სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემა
საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსახლეობისთვის დღევანდელთან შედარებით გაუმჯობესებული ცხოვრების დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელიც ვრცელდება დასაქმებულ და თვითდასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საპენსიო სქემა ითვალისწინებს სავალდებულო საპენსიო შენატანის გადახდას ყველა დასაქმებულთათვის, ხოლო თვითდასაქმებულთათვის შენატანის განხორციელება ნებაყოფლობითია.
საპენსიო სააგენტოს ვებ გვერდზე www.pensions.ge თქვენ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ამ ვებ-გვერდზე სხვა სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად შეგიძლიათ გაეცნოთ საპენსიო კალკულატორსაც, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ, დაითვალოთ თქვენი საპენსიო ასაკისთვის დაგროვილი საპროგნოზო თანხის ოდენობა.
საპენსიო სააგენტოს საიტზე დარეგისტრირებით ყველა ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია, ნახოს დეტალური ინფორმაცია საკუთარ საპენსიო მონაცემებზე, მათ შორის: ყოველთვიური საპენსიო შენატანის ოდენობა, ჯამური დანაზოგი, რა სახის ფინანსურ ინსტრუმენტებშია დაბანდებული მისი დანაზოგი.
არასახელმწიფო (კერძო) საპენსიო დაზღვევა
გარდა სახელმწიფო, სავალდებულო საპენსიო სქემებისა, საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია კერძო საპენსიო სქემებიც. ამგვარი სქემები შესაძლოა არსებობდნენ ინდივიდუალური ან კორპორატიული სქემების სახით.
ინდივიდუალური სქემის შემთხვევაში პირი ირჩევს საპენსიო სქემის პროვაიდერ კომპანიას, როგორც წესი, სადაზღვევო ორგანიზაციას და ნებაყოფლობით საფუძველზე, წინასწარ შეთანხებული პერიოდულობით და მოცულობით ათავსებს მას საკუთარ საპენსიო დანაზოგზე.
კორპორატიული საპენსიო სქემა სხვადასხვა სახით შეიძლება შეგხვდეთ და მისი პირობები განსხვავებულია ორგანიზაციების მიხედვით. არსებობს თანამშრომელთა საპენსიო სქემის შექმნის პრაქტიკა, როდესაც ყველა თანამშრომლისთვის ორგანიზაცია თავად რიცხავს საპენსიო ფონდში თანხას, არსებობს ისეთი პრაქტიკაც, როდესაც კომპანია მხოლოდ ორგანიზებას უწევს თანხის შეგროვებას ან თანამშრომელთან ერთად მონაწილეობს თანხის დაგროვების პროცესში.
კერძო საპენსიო სქემებიდან მიმდინარე ეტაპზე საქართველოში მხოლოდ კორპორატიული საპენსიო სქემებია გავრცელებული.