ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და წინასწარ ყველაფერს ვერ განსაზღვრავთ. შეიძლება წვიმის დროს სახლის სახურავი დაზიანდეს და სასწრაფოდ შესაკეთებელი გაგიხდეთ ან მობილური ტელეფონი დაკარგოთ და ახლის ყიდვა გახდეს საჭირო. შეიძლება, მოულოდნელად ავად გახდეთ, სამსახური დაკარგოთ ან ოჯახის წევრი გარდაიცვალოს. ასეთი რთული და ზოგჯერ ემოციურად მძიმე მომენტები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. დაუგეგმავი ხარჯები, იქნება ეს შედარებით მცირე თუ მსხვილი, ყოველთვის შეიძლება, გამოჩნდეს და მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ბიუჯეტზე. წინასწარ ყველა მოვლენის გათვლა შეუძლებელია, თუმცა, მაინც შეიძლება მოემზადოთ და დაგეგმოთ თქვენი ფინანსები ისე, რომ მსგავსი მომენტების დადგომისას ფინანსურად მზად იყოთ და ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდეთ დაუგეგმავ ხარჯებთან გასამკლავებლად.
გაუთვალისწინებელი მომენტებისთვის მოსამზადებლად, რეკომენდებულია, განიხილოთ შემდეგი სამი შესაძლებლობა:
დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის
დაუგეგმავი ხარჯების გაჩენის ან შემოსავლის შემცირების შემთხვევაში კარგი იქნება, გქონდეთ გარკვეული თანხის რეზერვი, საიდანაც შეძლებთ ამ ხარჯების დაფარვას და დანაკლისის შევსებას ისე, რომ თქვენს მიმდინარე თვის ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს. დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის - ეს არის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადადებული თანხა, რომელსაც ინახავთ ისეთი დაუგეგმავი ხარჯების დასაფარად, როგორიცაა გაფუჭებული ტექნიკის შეკეთება, გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯები და ა.შ. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის შექმნა არ არის მოკლევადიანი პროცესი, ის თქვენგან მოითხოვს ნებისყოფასა და ყოველთვიურად შემოსავლის გარკვეული ნაწილის დაზოგვის ჩვევის გამომუშავებას. სასურველია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის შექმნილი დანაზოგი უნდა მოიცავდეს სამიდან ექვს თვემდე ცხოვრებისთვის საჭირო თანხას. გაიგეთ მეტი, როგორ შეიძლება შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
დაზღვევა
დაუგეგმავ ხარჯებთან გამკლავება დაზღვევითაც არის შესაძლებელი. თუ მანქანა გაგიფუჭდათ, ხანძარმა სახლი დააზიანა, ავად გახდით ან მოსავალი გაგინადგურდათ და შესაბამისი დაზღვევით უკვე სარგებლობთ, ამ დროს თქვენ მარტო აღარ გიწევთ ხარჯების დაფარვა, არამედ ინაწილებთ ხარჯებს სადაზღვევო კომპანიასთან ან სადაზღვევო კომპანია ზარალს მთლიანად ანაზღაურებს. სანაცვლოდ, თქვენ წინასწარ, გარკვეული პერიოდულობით უხდით სადაზღვევო კომპანიას გარკვეულ თანხას სადაზღვევო პრემიის სახით. სადაზღვევო შემთხვევები და ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა კი სადაზღვევო პოლისით არის განსაზღვრული. შესაძლოა ზემოაღნიშნული შემთხვევები არც დადგეს, თუმცა, მათი მოხდენის შემთხვევაში, დაზღვევის გარეშე ბევრად მეტი ხარჯი გექნებათ გასაწევი, ვიდრე ეს სადაზღვევო შენატანების ხარჯი იქნებოდა. აქ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი დაზღვევის შესახებ.
ბიუჯეტირება
თქვენს ბიუჯეტში დანაზოგისათვის თანხის გამოყოფა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაუთვალისწინებელი მომენტებისთვის მოსამზადებლად. თუმცა ბიუჯეტირებას ბევრი სხვა სიკეთეც აქვს. ბიუჯეტი გეხმარებათ საჭიროებებისა და სურვილების გარჩევაში და შესაბამისად, აუცილებელ და არააუცილებელი ხარჯებს შორის პრიორიტეტების სწორად განაწილებაში. ის გეხმარებათ, იცხოვროთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და ამავე დროს, გაუთვალისწინებელი მომენტების დადგომისას, შეკვეცოთ გარკვეული ხარჯები და თანხა ამ მომენტებთან დაკავშირებულ დაუგეგმავ ხარჯებს მოახმაროთ. გაიგეთ მეტი ბიუჯეტირების შესახებ.