რა არის მავნე პროგრამა და როგორ მუშაობს ის?
ე.წ. მავნე პროგრამა (Malware) წარმოადგენს კომპიუტერულ ვირუსს, რომელიც გაუცნობიერებლად შეიძლება დააყენოთ თქვენს მოწყობილობაში, მაგ., კომპიუტერში, ტელეფონსა თუ პლანშეტში.
მისი ყველაზე გავრცელებული ტიპი არის „ტროიანი“ (Trojan), რომელიც მომხმარებლის მოწყობილობიდან კონფიდენციალურ, მათ შორის, ფინანსურ ინფორმაციას იპარავს, ან ახორციელებს სხვა არასანქცირებულ ქმედებებს.
ტროიანის სახელწოდება უკავშირდება „ტროას ცხენის“ ისტორიას. ის არის კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ისე შეიძლება დაყენდეს თქვენს მოწყობილობაში, რომ არც კი გქონდეთ წარმოდგენა ამის შესახებ. ტროიანი შენიღბულია, როგორც ლეგიტიმური პროგრამა ან/და დოკუმენტი და ერთი შეხედვით გამოიყურება, როგორც უწყინარი ფაილი.
მავნე პროგრამის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს ჯაშუშური პროგრამა (spyware), რომელსაც უწოდებენ კლავიატურის ჯაშუშს „keystroke logger”-ს (ან keylogger). ეს პროგრამა იწერს ყველაფერს, რასაც თქვენ კლავიატურაზე კრეფთ: მომხმარებელის სახელს, პაროლს, ბარათის ინფორმაციას და ა.შ. მაგალითად, როდესაც თქვენ შედიხართ თქვენს ინტერნეტბანკში, keylogger-ი იმახსოვრებს თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელს და პაროლს, რაც თაღლითებს საშუალებას მისცემს თქვენს ინტერნეტბანკზე და შესაბამისად, თქვენს თანხებზე წვდომა მოიპოვოს.
ტროიანის უფრო რთულ ვერსიებს შეუძლიათ ე.წ. pop-up ფანჯრის გაჩენა (ADWare) თქვენი ნამდვილი ინტერნეტბანკის გვერდის გახსნისას, ან ინტერნეტბანკის ვებგვერდის გახსნის ყოველი მცდელობისას თქვენი გადამისამართება არალეგიტიმურ ყალბ (ფიშინგ) გვერდზე და სხვა, რის შემდეგაც, ისინი ცდილობენ თანხა თაღლითის ანგარიშზე გადაგარიცხინონ ან მიითვისონ ინტერნეტბანკში შესასვლელი მონაცემები.
როგორ შეიძლება დავირუსდეს თქვენი მოწყობილობა მავნე პროგრამით?
არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც მავნე პროგრამა თქვენს მოწყობილობაში შეიძლება მოხვდეს. ყველაზე ხშირად ეს ხდება უცნობ, მოულოდნელ ელექტრონულ წერილებში მოცემული ბმულის გახსნით ან მიმაგრებული ფაილის ჩამოტვირთვით. შეიძლება მავნე პროგრამა არალეგალური ფაილების გასაზიარებელი სისტემებიდანაც ჩამოიტვირთოს, მაგალითად, პირატული ფილმების, მუსიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერისას. ასევე, მობილური მოწყობილობების შემთხვევაში, არაოფიციალური ვებგვერდებიდან აპლიკაციების გადმოწერისას. ასევე, საშიშია ნაპოვნი ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები (მაგალითად, დისკი, USB), მათი თქვენს კომპიუტერთან შეერთებითაც შეიძლება მოხვდეს მავნე პროგრამა თქვენს კომპიუტერში.
ე.წ. „ფაირვოლი“ (Firewall), განახლებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა და ბრაუზერის დაცვის პროგრამები კარგი საშუალებაა მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენი მოწყობილობები აღჭურვილი იყოს მსგავსი ლიცენზირებული დაცვის მექანიზმებით.
როგორ ამოიცნოთ/შენიშნოთ მავნე პროგრამები?
ელექტრონული ფოსტა
ელექტრონული წერილები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის malware-ს შეიცავენ, შეიძლება ნებისმიერი შინაარსის იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა მოულოდნელ, ან უცნობი გამომგზავნისგან მიღებულ წერილს სიფრთხილით მოეკიდოთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი წერილების მთავარი მსგავსება არის ის, რომ ისინი მოტყუებით ცდილობენ გადაგიყვანონ მასში მითითებულ ბმულზე ან ჩამოგაწერინონ მიმაგრებული ფაილი. ასეთი წერილები ხშირად საგანგაშო ხასიათისაა: მაგალითად, „თქვენი საბანკო ბარათი დაიბლოკა, გთხოვთ დააჭიროთ ბმულს“, ან თქვენს დაინტერესებას ცდილობს: მაგალითად „მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს, მეტი ინფორმაციისთვის, დააჭირეთ ბმულს“, ან „თქვენ გახდით გათამაშების მონაწილე“ და ა.შ. ასეთი ელექტრონული წერილების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანტი-სპამ პროგრამებით, რომელებიც სპამის გაფილტვრაში დაგეხმარებათ.
ვებგვერდები
არსებობენ მავნე ვებგვერდები, რომლებიც ჩვეულებრივ, შეიცავენ მავნე კოდს, რომელსაც შეუძლია თქვენს კომპიუტერზე საშიში პროგრამების, მაგალითად, „ტროიანის“ ან სხვა ვირუსის ინსტალირება.
მსგავსი ვებგვერდი შეიძლება ისევე გამოიყურებოდეს, როგორც ჩვეულებრივი ვებგვერდი, თუმცა, ის პარალელურად, მავნე კოდს დააყენებს თქვენს კომპიუტერში. თქვენ კი, დიდი ალბათობით, ამას ვერც შენიშნავთ, თუმცა ზოგჯერ პროგრამა შეიძლება გაეშვას მოულოდნელად, ან შენიშნოთ ბევრი აქტივობა თქვენს ინტერნეტ კავშირზე, რადგან ამ დროს ფაილები იტვირთება. მავნე კოდი ვებგვერდზე შეიძლება ისე იყოს შენიღბული, რომ სპეციალური ცოდნის გარეშე მომხმარებლისთვის მისი აღმოჩენა გართულდეს.
როგორ დაიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან?
მავნე პროგამები ხშირად სარგებლობენ თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ან ვებბრაუზერის მოწყვლადობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სარგებლობდეთ ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიით და აინსტალირებდეთ სისტემისა თუ ბრაუზერის ყველა განახლებას (როგორიცაა მაგალითად, უსაფრთხოების განახლებები). ოპერაციული სისტემებისა და ბრაუზერების უმეტესობა მომხმარებელს ავტომატურ განახლებებს სთავაზობს, თუმცა განახლებების ჩამოტვირთვა, ასევე, შესაძლებელია შესაბამისი ვებგვერდებიდან.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ფინანსური უსაფრთხოება თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობების უსაფრთხოებაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ რჩევები მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად:
ყურადღება გამოიჩინეთ უცნობ ელექტრონულ წერილებთან
ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ მოულოდნელ და განსაკუთრებით, უცნობი გამომგზავნისგან მიღებულ ელექტრონულ წერილებს და არასდროს არ გადახვიდეთ ამ წერილში მოცემულ ბმულებზე.
ისარგებლეთ ანტივირუსული პროგრამებით
დააინსტალირეთ ლიცენზირებული ანტივირუსული და ბრაუზერის დამცავი პროგრამები და მუდმივად აწარმოეთ მათი განახლებები. დააყენეთ და ისწავლეთ, როგორ ისარგებლოთ პერსონალური ფაირვოლით.
განაახლეთ ოპერაციული სისტემა
დააყენეთ ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია და ვებბრაუზერის განახლებები.
ყურადღება გამოიჩინეთ გადმოწერილ ფაილებთან
იყავით ყურადღებით, როდესაც იწერთ გამშვებ (.exe) ან დაარქივებულ (.zip) ფაილებს ინტერნეტიდან ან ელექტრონული ფოსტიდან. ასევე, ექსელის ფაილებიც შესაძლოა შეიცავდნენ Macros-ს, მავნე მითითებებით. გახსოვდეთ, თუ ფაილებს არაოფიციალური საიტიდან იწერთ, თქვენს კომპიუტერს მაღალი რისკის წინაშე აყენებთ.
დააკვირდით გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ვებგვერდებზე შესვლისას
ბევრი ბრაუზერი და ანტივირუსული პროგრამა გაფრთხილებთ, როდესაც ცდილობთ ისეთ ვებგვერდზე შესვლას, რომელიც შესაძლოა საშიში იყოს თქვენი კომპიუტერისთვის. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება აღნიშნულ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს და თავი შეიკავეთ ასეთი ვებგვერდებით სარგებლობისგან.
პერიოდულად გააკეთეთ მოწყობილობის სკანირება
გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად მინიმუმ თვეში ერთხელ), სასურველია აწარმოოთ მოწყობილობის სკანირება ანტივირუსული პროგრამის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს კომპიუტერში აღმოაჩენთ რაიმე სახის მავნე კოდს, უნდა ცადოთ მისი წაშლა ანტივირუსული პროგრამით, ან დაუკავშირდეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელს. თუ კი აღმოჩენიდან ბოლო პერიოდში გამოყენებული გაქვთ ინტერნეტბანკი, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ბანკს, რათა მასთან ერთად გადადგათ ნაბიჯები თქვენი ანგარიშების თაღლითებისგან დასაცავად
მეტი ინფორმაცია ანტივირუსული პროგრამებისა და კომპიუტერის დაცვის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.