სავალუტო რისკი
თუ ბიზნესს ძირითადი შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო სესხს უცხოური ვალუტით აიღებს, სესხის დასაფარად საჭირო თანხა (ლარში გამოსახული) დამოკიდებული იქნება ვალუტის კურსის ცვლილებაზე. თუ ლარი გაუფასურდება უცხოური ვალუტის მიმართ, მაშინ მეტი ლარის კონვერტაცია იქნება საჭირო უცხოური ვალუტით შენატანების გასაკეთებლად, ხოლო თუ ლარი გამყარდება - მაშინ, პირიქით, ლარში გამოხატული შენატანები შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან გაცვლითი კურსი არაპროგნოზირებადია, უცხოური ვალუტით სესხების შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტი სამომავლო გათვლების გაკეთება. შესაბამისად, სესხის ვალუტის შერჩევამდე, ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ვალუტის კურსის ცვლილების რისკი.
თუ მეწარმე სარგებლობს უცხოური ვალუტის სესხით და გადაწყვეტს ამ სესხის ლარში კონვერტაციას, ამისთვის მას შეუძლია მომსახურე ან სხვა ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მეწარმე რეალურად ახალ სესხს იღებს, რომლითაც ფარავს ძველ სესხს. შესაბამისად, გაფორმდება ახალი სესხის ხელშეკრულება.
სავალუტო რისკის და მისი მართვის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ამ გვერდზე შეგიძლიათ.
დაზღვევა
არსებობს დაზღვევის მრავალი ტიპი, რომლებსაც აქტიურად იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მეწარმეებს შეუძლიათ დააზღვიონ ბიზნესის მფლობელობაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონება, კერძოდ: შენობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, ექსპორტით ან იმპორტით დაკავებულ მეწარმეებს შეუძლიათ დააზღვიონ ტვირთი ტრანსპორტირების პერიოდში, ხოლო მეწარმეებს, რომლებსაც დაქირავებული მუშახელი ჰყავთ, შეუძლიათ დააზღვიონ საკუთარი თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილზე დაზიანების მიღების რისკი და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ სესხის განაცხადის განხილვისას ფინანსურმა ინსტიტუტმა რისკების შემცირების მიზნით შესაძლოა მოითხოვოს ბიზნესის დაზღვევა. გარდა ამისა, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ შესაძლოა მეწარმეს შესთავაზოს სესხის უზრუნველყოფის ან სიცოცხლის დაზღვევის შეძენაც. რიგ შემთხვევებში, ეს დაზღვევა სავალდებულოა. ასეთ დროს დაზღვევის ხარჯი, როგორც წესი, შესულია კრედიტის ყოველთვიურ შენატანში, ასახულია საპროცენტო განაკვეთში და გათვალისწინებულია სესხის ხელშეკრულებაში.
ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა
მსგავსი თემები
- ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- საკრედიტო კავშირი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო)
- სესხის გამცემი სუბიექტი (სგს)
- სხვა დაფინანსების წყაროები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- კომერციული ბანკი