ფიშინგი
ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიშინგი. ტერმინი „ფიშინგი“ (phishing) ინგლისური სიტყვიდან - fishing - მოდის, რაც თევზაობას ნიშნავს. თაღლითობის ამ სქემის ფარგლებში, თაღლითების მხრიდან პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ინტერნეტმომხმარებლის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება ხდება, როგორიცაა: პირადი ნომერი, ინტერნეტბანკის პაროლი, საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი, პაციენტის სამედიცინო ისტორია და სხვა კონფიდენციალური მონაცემები.
ჩვეულებრივ, ფიშინგი ელექტრონული წერილების (Email) მასობრივად დაგზავნის გზით ხორციელდება, სადაც წერილის გამგზავნად ცნობილი ორგანიზაციები თუ ბრენდები ეთითება; ასევე, სოციალური ქსელების საშუალებით. თაღლითურ გზავნილში ხშირად არის მოცემული ვებგვერდის ბმული, რომლის ვიზუალური მხარეც თითქმის არ განსხვავდება ნამდვილი გვერდისგან. თუმცა, გაყალბებულ ვებგვერდზე გადასვლისას, მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია - სახელი და გვარი, პაროლი, საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი, უსაფრთხოების კოდი და ა.შ. - ავტომატურად ხვდება ე.წ. „ფიშერის“ ხელში. თქვენთვის გამოგზავნილი ვებგვერდის ბმული შეიძლება რეალურიც იყოს, თუმცა თავად მომსახურება, რასაც ამ ვებგვერდის საშუალებით გთავაზობენ - არარეალური. ასევე, ხშირია ელექტრონული ფოსტის საშუალებით არარეალური შეთავაზებების გამოგზავნაც, მაგალითად, ფულადი ჯილდოს მიღების სანაცვლოდ თქვენი მონაცემების გაგზავნის, ან სიმბოლური თანხის გადარიცხვის მოთხოვნა. ფიშინგი რამდენიმე სხვადასხვა სახით შეიძლება განხორციელდეს:
სპამინგი
სმიშინგი
ვიშინგი
მავნე პროგრამები
ინტერნეტთაღლითობის თავიდან არიდება
ინტერნეტთაღლითობის თავიდან აცილების მიზნით ინტერნეტშესყიდვების მოყვარულებმა უმჯობესია არ გამოიყენოთ ისეთი ბარათი, რომელზეც დიდი ოდენობის თანხა გაქვთ განთავსებული. ასეთი შესყიდვებისთვის სასურველია იქონიოთ ცალკე ანგარიში და ბარათი, სადაც თანხის ზუსტად იმ ოდენობას შეინახავთ, რომელიც ინტერნეტშესყიდვის შესასრულებლად არის საჭირო. დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტტრანზაქციები უნდა განახორციელოთ სერტიფიკატით დაცულ ვებ-გვერდებზე, სადაც საიტის მისამართი იწყება “HTTPS://”-ით ან “SHTTP://”-ით. თუ საიტი “HTTP://”-ით იწყება, იცოდეთ, რომ თქვენ არასანდო ვებგვერდზე ხართ. ვებგვერდის დაცულობაზე ასევე მიუთითებს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო, რომელიც ვებგვერდის მისამართის ველში ჩანს.