კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სამომხმარებლო ხელშეკრულებიდან გასვლა

რაში მდგომარეობს მომხმარებლის უფლება, გავიდეს სამომხმარებლო ხელშეკრულებიდან?

თუ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ სახეზეა შემდეგ პირობათაგან ერთ-ერთი:

  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა;
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.                        

რა შემთხვევაში აქვს მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება?

მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, 14 დღის განმავლობაში დააბრუნოს  დისტანციურად შეძენილი საქონელი ან მომსახურება.  ვადის ათვლა დაიწყება ნივთის ჩაბარებიდან ან მომსახურების ხელშეკრულების დადების მომენტიდან. დისტანციურად შეძენილი საქონლის დაბრუნების ან მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში,  მოვაჭრემ მომხმარებელს სრულად უნდა დაუბრუნოს გადახდილი თანხა, მიტანის ხარჯის ჩათვლით, 14 დღის განმავლობაში. თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული საქონელი ან მომსახურება 14 დღიანი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში დააბრუნოს.

ეს რეგულაცია არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

როდის არის შეუძლებელი დისტანციურად შეძენილი საქონლის დაბრუნება?

  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • მიწოდებული საქონელი ჰერმეტულად დაცულია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  • მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
  • ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო და სხვა.