კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომხმარებლისთვის გადასაცემი დოკუმენტების სტანდარტი

თუ აპირებთ თქვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ქონების ან პასუხისმგებლობის დაზღვევას, შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტის შესაძენად, შეგიძლიათ მიმართოთ მზღვეველს ან სადაზღვევო ბროკერს .

იმისათვის, რომ ზუსტად იყოთ ინფორმირებული, თუ რას ყიდულობთ და რა პირობებით, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებაა სადაზღვევო პროდუქტის შერჩევისას მიიღოთ დაზღვევის პირობების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია. 

ამასთან, კანონმდებლობით დადგენილია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მოგეწოდებოდეთ მზღვეველთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე და გაწერილია ის მოთხოვნებიც, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის გადმოსაცემი დოკუმენტაცია.

კონკრეტული არჩევანის გაკეთებამდე, მიზანშეწონილია, შეადაროთ სხვადასხვა ალტერნატივა და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზება. 

საინფორმაციო ფურცელი

თუ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება ხორციელდება წერილობით ან ელექტრონულად,  მზღვეველი ვალდებულია მოგაწოდოთ საინფორმაციო ფურცელი.

საინფორმაციო ფურცელი წარმოადგენს მზღვეველის მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო პროდუქტის შესახებ აღწერილობას და მისი გაცნობა არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და მოთხოვნებს მხარეთა შორის.

საინფორმაციო ფურცელი არ არის ხელშეკრულება - ის, უბრალოდ, აღწერს სადაზღვევო შემოთავაზებას! 
 საინფორმაციო ფურცელში მოცემული უნდა იყოს:

  • მზღვეველის სრული დასახელება;
  • დაზღვევის ხელშეკრულების სახე (სახელწოდება);
  • დაზღვეული რისკის აღწერილობა და სადაზღვევო დაფარვის პირობები;
  • პრემიის გარდა მომხმარებლის მიერ ნებისმიერი სხვა ფინანსური ხარჯის გაწევის წინაპირობები, ოდენობა და წესი;
  • ფრანშიზის სახე, ოდენობა და გამოყენების წინაპირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • დაზღვევის გამონაკლისი პირობების სრულყოფილი ჩამონათვალი;
  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის შეტყობინების გაგზავნის, მოთხოვნის წარდგენის, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ფორმა და ვადები. 

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თუ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების ცალკეული პირობა (მაგ.: დაფარული რისკები, გამონაკლისები, ფრანშიზა ან სხვა) განისაზღვრება მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, შეთავაზება უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო ალტერნატივას. 

მზღვეველის მიერ სადაზღვევო პროდუქტის ზეპირი ფორმით შეთავაზებისას, მზღვეველმა უნდა მოგაწოდოთ საინფორმაციო ფურცლით გათვალისწინებული ინფორმაცია ზეპირად.

დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე, დარწმუნდით, რომ მასში სწორედ ის პირობებია მოცემული, რომელიც მანამდე შეარჩიეთ და დაეთანხმეთ.

გახსოვდეთ, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას,  უნდა მოგაწოდოს დოკუმენტები ან წვდომა ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებზე:

სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

სადაზღვევო პოლისი უნდა შეიცავდეს:

  • ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს);
  • დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
  • სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
  • დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
  • სადაზღვევო თანხის ოდენობას;
  • სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

ამასთან, თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.

ხელშეკრულების თავსართი

ხელშეკრულების თავსართი, სათაურით - „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ უნდა მოიცავდეს":

  • მზღვეველის სრულ დასახელებას;
  • დაზღვევის ხელშეკრულების სახეს (სახელწოდება);
  • დაზღვეული რისკის აღწერილობასა და სადაზღვევო დაფარვის პირობებს;
  • ფრანშიზის სახეს, ოდენობასა და გამოყენების წინაპირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მითითებას, რომ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას დაზღვევის პირობების შესახებ და ჩამონათვალს ყველა იმ დოკუმენტისა და დანართის შესახებ, რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას ან მის ნაწილს (დოკუმენტის სახელწოდება, მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმისაწვდომობის წყარო). აღნიშნული მითითება წინ უნდა უსწრებდეს სხვა ინფორმაციას და შესრულებული უნდა იყოს მუქი ნაბეჭდით;
  • სადაზღვევო პერიოდისა და დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადას მათ დასაწყისსა და დასასრულზე ზუსტი (წელი, თვე, რიცხვი, დაზღვევის დაწყების დრო) მითითებით. ამასთან, დათქმას პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე, მზღვეველის  უფლებამოსილების შესახებ;  
  • სადაზღვევო თანხის ოდენობას;
  • მითითებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის შეტყობინების გაგზავნის, მოთხოვნის წარდგენის, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ დეტალური პროცედურების მომწესრიგებელ მუხლ(ებ)ზე;   
  • მომხმარებლის მიერ მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მნიშვნელობას და ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს;
  • მზღვეველთან პრეტენზიის წარდგენის ფორმებს, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყაროს, მაქსიმალურ ვადას პასუხის მიღებისათვის შესაბამისი ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, მზღვეველის სტრუქტურულ ერთეულს (პირს), რომელშიც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა;
  • მითითებას, დაზღვევის გამონაკლისი პირობების მომწესრიგებელ მუხლებზე და იმ პირობების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლებს ითვალისწინებს. ასევე, მითითებას დაზღვევის უჩვეულო გამონაკლის პირობებზე, რომელიც ჩვეულებრივ უცხოა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებისთვის;
  • მზღვეველის საზედამხედველო ორგანოს დასახელებას და მისამართს.

ხელშეკრულება ანუ დაზღვევის პირობები

ხელშეკრულების ამ ნაწილში მოცემული იქნება დაზღვევის ძირითადი პირობების აღწერილობაც. კერძოდ, აქ შედარებით დაწვრილებით იქნება აღწერილი ის პირობები, პროცედურები და დეტალები, ასევე, გამონაკლისები და ანაზღაურების ნიუანსები, რომლითაც იქნა შეძენილი სადაზღვევო პროდუქტი.

ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულების თავსართში.

გაითვალისწინეთ, როყველა იმ დოკუმენტის დასახელება, რომელშიც აღწერილია თქვენი დაზღვევის პირობები, მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების თავსართში.