რა არის პერსონალური მონაცემი?
პერსონალური მონაცემი არის იდენტიფიცირებად პირთან დაკავშირებული ინფორმაცია. ფინანსური ბაზრის მომხმარებლის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ბარათის მონაცემები და ა.შ.
როგორ ხორციელდება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა?
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევაში (ე.წ. Identity Theft), თაღლითი არა მხოლოდ ბარათის ან ინტერნეტბანკის მონაცემების მოპოვებას ცდილობს (მაგალითად, ფიშინგის ან სკიმინგის გზით), არამედ, ის მოქმედებს მსხვერპლის სახელით - თუ თაღლითმა საჭირო პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა, მან შეიძლება მომხმარებლის სახელით განახორციელოს გარკვეული საბანკო ოპერაციები, მაგალითად, აიღოს სესხი ან საკრედიტო ბარათი, გახსნას ახალი საბანკო ანგარიში, გადარიცხოს და მიითვისოს თანხა. მაშინ, როდესაც ფიშინგის ან სკიმინგის გზით, ერთჯერადად, ან რამდენჯერმეც შეიძლება მოხდეს თანხის გადარიცხვა, მომხმარებელს შეუძლია შემდგომი შემთხვევები თავიდან აიცილოს ბარათის დაბლოკვით ან ინტერნეტბანკის პაროლის ცვლილებით. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობის დროს კი აღებული სესხების, ასევე მათი გადაუხდელობისა და ჯარიმების შესახებ ინფორმაცია აისახება მსხვეპლის საკრედიტო ისტორიაში, რამაც შეიძლება მომავალში შეუზღუდოს სესხზე ხელმისაწვდომობა. ასევე, თაღლითობის ფაქტის გარკვევამდე, სრულიად შესაძლებელია თავად მომხმარებელს მოსთხოვონ სესხის გადახდა, საქმე გადაეცეს აღსრულებას და ყადაღა დაედოს მის ანგარიშებს. ასევე, თუ თაღლითმა მომხმარებლის სახელით გახსნა ანგარიში, შესაძლებელია მასზე აწარმოოს უკანონო ტრანზაქციები, მაგალითად, ფულის გათეთრების მიზნით, პასუხისმგებლობა კი თაღლითობის ფაქტის გარკვევამდე - მსხვერპლს დაეკისროს.
თაღლითები ცდილობენ შეაგროვონ ისეთი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, როგორიცაა მისი სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ბარათის მონაცემები, სხვადასხვა ანგარიშების მომხმარებლის სახელი და პაროლები.
აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია თაღლითებმა შეიძლება მოიპოვონ როგორც ფიზიკურად, მაგალითად, ჩვეულებრივი ფოსტიდან პერსონალური მონაცემების შემცველი წერილების მოპარვით, ან სანაგვე ურნაში გადაყრილი საბანკო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტებიდან; ასევე ონლაინ - ფიშინგის, მავნე პროგრამების, ვირუსების, ჯაშუშური პროგრამების გამოყენებით. თაღლითებისთვის პერსონალური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი საშუალება ასევე სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები ყოველდღიურად აზიარებენ პირად ინფორმაციას.
როგორ აირიდოთ თავიდან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა?
შეამოწმეთ საკრედიტო ისტორიის ამონაწერი
პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორიის ამონაწერი, რათა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახელით მოხდა სესხის აღება, ეს ფაქტი დროულად აღმოაჩინოთ. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან თქვენი საკრედიტო ისტორიის ამონაწერის მიღების უფლება წელიწადში სამჯერ უფასოდ გაქვთ.
აკონტროლეთ საბანკო ამონაწერიც
მუდმივად აკონტროლეთ თქვენი საბანკო ამონაწერი, მაგალითად, ინტერნეტბანკის მეშვეობით, ასევე გაიაქტიურეთ SMS-მომსახურება, რომელიც მომენტალურად გაწვდით ინფორმაციას თქვენს ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. ამ გზით, თქვენ დროულად აღმოაჩენთ თქვენს საბანკო ანგარიშზე თაღლითურად განხორციელებული ტრანზაქციის ფაქტს, რითაც შეძლებისდაგვარად დაიცავთ თავს მისი განმეორებისაგან.
სხვადასხვა ანგარიშისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლი
სხვადასხვა ანგარიშისთვის - მაგალითად, ფეისბუქი, პირადი ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტბანკი - გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლი. პაროლების შედგენისას იხელმძღვანელეთ შემდეგი მინიმალური მოთხოვნებით: პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 10-12 სიმბოლოსგან, ამასთან, უნდა გამოიყენოთ დიდი და პატარა რეგისტრის ასოები, სიმბოლოები და რიცხვები. მომხმარებლის სახელი უნდა განსხვავდებოდეს ელ. ფოსტის დასახელებისგან და მასში არ უნდა იკითხებოდეს პირადი ნომერი. გაიგეთ მეტი რთული პაროლების შედგენის შესახებ.
გაანადგურეთ პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია
პერსონალური მონაცემების შემცველი ფიზიკური დოკუმენტაცია, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ, გადაგდებამდე აუცილებლად დააქუცმაცეთ.
თავი შეიკავეთ სოციალურ ქსელებში პირადი ინფორმაციის გაზიარებისგან
სოციალური ქსელით შეგროვებული ინფორმაცია, მაგალითად, პირველი ტელეფონის ნომერი, პირველი შინაური ცხოველის სახელი, საყვარელი პერსონაჟი - შეიძლება დაეხმაროს თაღლითს თქვენი პაროლის გატეხვაში.
თავი შეიკავეთ პერსონალური ინფორმაციის გაზიარებისგან საკომუნიკაციო არხებით
მაგალითად: ტელეფონით, ელექტრონული ფოსტითა ან სოციალური ქსელით. ვისი სახელითად არ უნდა გიკავშირდებოდნენ, იქნება ეს ბანკი თუ ნაცნობი ორგანიზაცია, პირველ რიგში, დარწმუნდით მოსაუბრის ვინაობაში და იმაში, რომ ნამდვილად მომსახურე ორგანიზაციას წარმოადგენს. გადაამოწმეთ ინფორმაციის ნამდვილობა კომუნიკაციის სხვა საშუალებითაც.
დააკვირდით ვებგვერდის მისამართს ბარათის მონაცემების შეყვანამდე
გაითვალისწინეთ, რომ გადახდების ვებგვერდზე, სადაც თქვენი ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოთ, ვებგვერდის მისამართი უნდა იწყებოდეს https-ით, ხოლო მისამართის გვერდით უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ ასეთ ვებგვერდზე შეყვანილი ინფორმაცია მიმღებთან დაშიფრული სახით მიდის. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა თაღლითის მიერაც გამოიყენებოდეს ssl-დაშიფრვა თაღლითური გვერდისთვის.
დაიცავით თქვენი მოწყობილობები ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან
აიშენეთ „ვირტუალური ციხესიმაგრე“ ანუ დაიცავით თქვენი მოწყობილობები, ანტივირუსული და მავნე პროგრამებისგან დამცავი პროგრამული უზრუნველყოფით. არ შეინახოთ ბარათის შესახებ და მსგავსი ფინანსური ინფორმაცია კომპიუტერში და უარი თქვით მომხმარებლის სახელის, პაროლების და ბარათის ნომრის ვებგვერდზე დამახსოვრებაზე. გაიგეთ მეტი მოწყობილობების უსაფრთხოების შესახებ.
ყურადღება გამოიჩინეთ უსადენო ინტერნეტის (Wi-Fi) გამოყენებისას
სახლის უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi) დაიცავით პაროლით, ხოლო საჯარო ინტერნეტ ქსელით სარგებლობისას, მაგალითად, აეროპორტში, კაფეებსა თუ სხვა სივრცეებში, არ შეხვიდეთ ინტერნეტბანკში და გადახდის ვებგვერდებზე არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები. გაიგეთ მეტი ინტერნეტით უსაფრთხო სარგებლობით შესახებ.