კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როდესაც სესხის გადახდის პრობლემა ხანგრძლივდება

თუ სესხის გადახდის პრობლემა გახანგრძლივდა ან გაჩნდა რისკი, რომ გადახდას საერთოდ ვეღარ შეძლებთ, სიტუაციაც, შესაბამისად, უფრო რთულდება. ზოგჯერ, შეიძლება იფიქროთ, რომ სესხის გამცემთან ურთიერთობისა შეწყვეტა და მისგან დამალვა საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, სინამდვილეში, პირიქითაა - კრედიტორთან კომუნიკაცია საკითხის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. სესხის გადახდის გართულებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ბოლომდე გააცნობიეროთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და იპოვოთ მისი მოგვარების გზები. სესხის ხანგრძლივი ვადაგადაცილებისას კი კრედიტორი, როგორც წესი, სხვა, დამატებით ზომებს იღებს:

ვალდებულების სესხის ამოღებაზე მომუშავე კომპანიისთვის სამართავად გადაცემა

შედარებით ხანგრძლივად ვადაგადაცილებული სესხების მართვას, რაც, მათ შორის, თქვენთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებების წარმოებას გულისხმობს, კრედიტორი ორგანიზაცია ხშირად ე.წ. პრობლემური ვალდებულებების მმართველ კომპანიებს ანდობს ხოლმე. აღსანიშნავია, რომ სესხის სამართავად გადაცემა კრედიტორ ორგანიზაციას მსესხებელთან წინასწარი თანხმობის მოპოვების გარეშეც შეუძლია. შედეგად, თქვენთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას თქვენი საკრედიტო ოფიცრის ნაცვლად სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი წარმართავს. კომუნიკაცია ხორციელდება დაკავშირების ყველა შესაძლო არხის საშუალებით - სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით თუ მატერიალური წერილის სახით. დაკავშირების მთავარი მიზანია თქვენთან მოლაპარაკება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის გზების ძიება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მსესხებელი არ პასუხობს ზარებს, რადგან ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა არ სურს ან ჰგონია, რომ ზარის პასუხით სიტუაციას გაირთულებს. რეალურად, კი პირიქით შეიძლება იყოს. პრობლემის დროულად დაფიქსირება და დაბრკოლებებთან დაკავშირებით ღია საუბარი და თანამშრომლობისთვის მზაობა, როგორც წესი, მსესხებლისთვის უფრო მომგებიანი შედეგების მომტანია ხოლმე. სესხის გამცემი პრობლემის წარმოშობის ადრეულ სტადიაზევე ახდენს სიტუაციის შეფასებას და არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესოს არჩევაში გეხმარებათ. ხოლო, თუ თანამშრომლობაზე უარს იტყვით, კრედიტორი თქვენთან დამატებითი შეთანხმების გარეშე შეძლებს სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებას. ეს კი მასთან მოლაპარაკებისა და თქვენთვის სასარგებლო შედეგის მიღწევის შანსს ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კრედიტორი, ისევე, როგორც მის მიერ შერჩეული სესხის ამომღები კომპანია ვალდებულია თქვენთან კომუნიკაცია წარმართოს ეთიკის და საყოველთაოდ მიღებული ნორმების ფარგლებში.

იურიდიული სამართალწარმოების დაწყება

როგორც წესი, სესხის გამცემი ორგანიზაცია იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა მსესხებელთან შეთანხმებას მიაღწიოს და მას სესხის დაფარვის ურთიერთმისაღებ სქემაზე შეუთანხმდეს. ამისთვის ის ზოგჯერ მზადაა, გარკვეული კორექტირება გაუკეთოს სესხზე უკვე დარიცხულ პირგასამტეხლოებსა თუ საპროცენტო ხარჯებს. თუმცა, თუ ამ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი ბერკეტების გამოყენებას იწყებს, რათა მის მიერ სესხად გაცემული თანხა და სხვა გადასახდელები დაიბრუნოს. ამ მიზნით, თქვენი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით, კრედიტორი ხელშეკრულების შესაბამისად სასამართლოს ან არბიტრაჟს მიმართავს. თუ დავის განმხილველმა ორგანომ გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ მიიღო, ის უკვე კერძო ან სახელმწიფო აღმასრულებელს მიმართავს და არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით თქვენი ქონების რეალიზაციას, თქვენს საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების სესხის დასაფარად მიმართვას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს მოითხოვს.

იძულებითი აღსრულების ღონისძიებები

იძულებითი აღსრულების ეტაპი მსესხებლისთვის ყველაზე არასასიამოვნო ეტაპია. აღნიშნული მოიცავს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე მოთხოვნებზე ყადაღის დადებას. მესაკუთრეს ეკრძალება დაყადაღებული ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად. დაყადაღების შემდეგ ხდება ქონების რეალიზაცია. ქონების დაყადაღების გარდა, აღმასრულებელი საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებასაც მიმართავს იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება ეს სახელფასო, საპენსიო, საკრედიტო, საანაბრე თუ სხვა ნებისმიერი სახის ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშებს შეეხება შეზღუდვა - მათზე განთავსებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ დაიბლოკება და მის გამოყენებას ვერ შეძლებთ. აღმასრულებელი ასევე უფლებამოსილია, ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინება მოვალის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალების საფუძველზე მოახდინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ანგარიშზე, რომელზეც ინკასო ვრცელდება, თანხის შეტანა/ჩარიცხვა დაფიქსირდება, საინკასო დავალების საფუძველზე ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება და მიიმართება იმ დავალიანების დასაფარად, რის გამოც მოხდა ანგარიშებზე ინკასოს გავრცელება. უძრავი ქონების რეალიზაციისას მიღებული თანხა სრულად ხმარდება სესხის გამცემის მიმართ თქვენი დავალიანების დაფარვას. ამასთან, თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა დავალიანებას სრულად არ დაფარავს, სესხის გამცემ ორგანიზაციას დარჩენილი თანხის დაფარვაც შეუძლია მოითხოვოს. მეორე მხრივ, თუ უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა აღემატება დავალიანების მოცულობას, სხვაობა უზრუნველყოფის მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს. ანალოგიურად ხდება უზრუნველყოფაში არსებული მოძრავი ქონების შემთხვევაშიც. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა სესხის გაცემა მოხდა ფიზიკური პირზე მისი გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე (ძირითადად, სალომბარდე სესხების შემთხვევაში). აღნიშნული გამონაკლისის პირობებით, უზრუნველყოფაში არსებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფის რეალიზაციიდან მიღებული თანხა დავალიანების სრულად დასაფარად საკმარისია თუ არა, კრედიტორს საკრედიტო მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.

გამარტივებული სააღსრულებო წარმოება

სესხის გამცემი ორგანიზაცია აგრეთვე უფლებამოსილია გამოიყენოს გამარტივებული სააღსრულებო წარმოება. აღნიშნული გულისხმობს სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით კრედიტორების ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დახმარებას. პროცესის შესახებ მოვალეს წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში ეცნობება და მას შეუძლია წერილობითი პროტესტი წარადგინოს, რაც გამარტივებული წარმოების დასრულებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა კიდევ 1 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, რათა კრედიტორმა შეძლოს დავის სასამართლოში დაწყება.