კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საკუთარი სახსრები

საკუთარი სახსრებით ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოება, რა თქმა უნდა, ბიზნესის მიზნების მისაღწევად ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო გზაა. ბიზნესის გასავითარებლად შესაძლებელია როგორც ბიზნესის მოგების დაბრუნება ისევ ბიზნესში, ანუ რეინვესტირება, ისე მფლობელის მიერ ახალი ფულადი სახსრების დამატება - კაპიტალის გაზრდა. საკუთარი მოგებიდან ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთი უპირატესობა, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არის ის, რომ მეწარმე არ იხდის მოგების გადასახადს იმ თანხაზე, რომელსაც დახარჯავს რეინვესტირებისას, ანუ ისევ ბიზნესის საჭიროებისთვის; თუმცა, ეს შეღავათი ამ ეტაპზე არ ეხებათ ინდივიდუალურ  მეწარმეებს, რადგან ისინი იხდიან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და არა მოგების გადასახადს.

საკუთარი სახსრებით დაფინანსების ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში (მათ შორის, თანხის რეინვესტირებისას), დაფინანსების სხვა წყაროებისგან განსხვავებით, თანხის გამოყენება არ არის დაკავშირებული დროში გაწელილ სხვადასხვა პროცედურასთან. საკუთარი სახსრებით ინვესტირების უპირატესობაა ისიც, რომ ბიზნესს არ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება (მაგალითად, სესხის პროცენტის გადახდა) და რაიმე სახის უზრუნველყოფის (მაგალითად, უძრავი ქონების) წარდგენა, რასაც, თავის მხრივ, ახლავს სხვა რისკებიც: წარუმატებელი ბიზნესის შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე დაემუქროს უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბანკიდან და/ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან დაფინანსების მიღების შემთხვევაში, დამატებით სარგებლად შეიძლება ჩაითვალოს ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაწეული კონსულტაცია ან რჩევა, რაც მეწარმეს შესაძლოა დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 

საკუთარი სახსრებით ბიზნესის დაფინანსებისას საყურადღებოა შემდეგი გარემოება:

საკუთარი კაპიტალი 20000 ლარი

საკუთარი კაპიტალი 25000 ლარი
პირველი მეწილე  მეორე მეწილე პირველი მეწილე მეორე მეწილე
წილი: 50% წილი: 50% წილი: 60% წილი: 40%
კაპიტალი: 10000 ლარი კაპიტალი:  10000 ლარი კაპიტალი:  15000 ლარი კაპიტალი: 10000 ლარი
მოგება: 2500 ლარი მოგება: 2500 ლარი მოგება: 3000 ლარი მოგება: 2000 ლარი

მაგალითი: ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება თანხა და მფლობელმა ეს ფული პირადი დანაზოგიდან გაიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ მფლობელი ახდენს ბიზნესში დამატებით ინვესტირებას, რაც ზრდის ბიზნესის კაპიტალს. ამ გზით იზრდება მფლობელის წილიც, რაც გულისხმობს  მოგებიდან მის მიერ მისაღები თანხის (ანუ დივიდენდის) ზრდასაც მომავალში. ვთქვათ, ბიზნესს 2 მფლობელი ჰყავს, თითოეულის წილი 50%-ია, მთლიანი კაპიტალი კი 20 000 ლარს შეადგენს; ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაპირველად მფლობელებმა 10 000-10 000 ₾ ჩადეს ბიზნესში. ბიზნესს დამატებით დასჭირდა 5 000 ₾, რომელიც პირველმა მფლობელმა პირადი დანაზოგიდან ჩადო კაპიტალში. ამ შემთხვევაში კაპიტალი გაიზრდება: 20 000 ₾ + 5 000 ₾ = 25 000  ₾. დამატებითი ინვესტირების შედეგად პირველი მფლობელის წილი გახდება: 10 000 ₾ + 5 000 ₾ = 15 000 ₾/25 000 ₾ = 60%, ხოლო მეორე მფლობელის წილი იქნება: 100% - 60% = 40% (სხვაგვარად: 10 000 ₾/25 000 ₾ = 40%). მოგების განაწილების დროს გავრცელდება უკვე ახალი წილები (60% - 40%) და თუ მოგება 5 000 ლარია, პირველი მფლობელი დივიდენდის სახით მიიღებს 3 000 ლარს, ხოლო მეორე მფლობელი - 2 000 ლარს, მაშინ როდესაც, თავდაპირველი წილებით, მოგება შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: 2 500-2 500 ₾. ბიზნესისათვის საჭირო 5 000 ლარის მოძიების მეორე გზა არის სესხის აღება. ამ შემთხვევაში წილები დარჩებოდა უცვლელი (50%-50%), თუმცა ბიზნესს მოუწევდა სესხის პროცენტის, როგორც დამატებითი ხარჯის, გადახდა.

ინვესტიციის საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმა თავად უნდა გადაწყვიტოს, დაფინანსების მიღების რომელ გზას აირჩევს. მფლობელები ამ გადაწყვეტილებას იღებენ ურთიერთშეთანხმებით და ზოგ შემთხვევაში წილების ცვლილებას შეიძლება სესხით დაფინანსება ამჯობინონ.