კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლება - ქალების გაძლიერების წინაპირობა

ფინანსური განათლება ქალებს  სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც, საბოლოოდ, მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება.  ფინანსური განათლება ქალების გაძლიერების აუცილებელი პირობაა,  ვინაიდან იგი ხელს უწყობს ქალებს დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევასა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში და, საბოლოოდ, მდგრადი ფინანსური მომავლის შექმნაში.

ბარიერების გადალახვა და თავდაჯერებულობის ამაღლება

ფინანსური დამოუკიდებლობა - ფულის მართვის ცოდნა ხელს უწყობს თავდაჯერებულობის ზრდას, ამცირებს სხვებზე ფინანსურ დამოკიდებულებას და ზრდის საკუთარ თავზე ფინანსური გადაწყვეტილებების აღების უნარსა და შესაძლებლობას; 

ინფორმირებული გადაწყვეტილებები - ფინანსურად განათლებულ ქალებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ბიუჯეტის, დაზოგვის, ინვესტირების, სესხის აღებისა და სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც  მათს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება; 

შემცირებული მოწყვლადობა - ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა ეხმარება ქალებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და არ გახდნენ  ფინანსური ექსპლუატაციის მსხვერპლნი.

მდგრადი ფინანსური მომავლის შექმნა 

გრძელვადიანი ფინანსური გეგმა - ქალები, რომლებიც კარგად ერკვევიან ფინანსურ საკითხებში, გრძელვადიან ფინანსურ გეგმებს ისახავენ, მაგალითად, ახალგაზრდობიდანვე ემზადებიან საპენსიო ასაკისთვის, აგროვებენ დანაზოგებს განათლებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ფინანსური „უსაფრთხოების ბალიშის“  შექმნა, ანუ დანაზოგების აკუმულირება,  ქალებს გონივრულად რისკიანი და ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების მოტივაციას აძლევს.

ოჯახის ფინანსურად ხელშეწყობა - ქალებს მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ოჯახის ფინანსურ სტაბილურობაში. სათანადო ფინანსური განათლებით კი მათ ოჯახის ფინანსურ მდგრადობასა და კეთილდღეობაში მეტი წვლილის შეტანა შეუძლიათ, რაც, შედეგობრივად, მომავალ თაობაზეც სასიკეთოდ აისახება.

შესაბამისად, ქალების ფინანსური გაძლიერება არ არის მხოლოდ კონკრეტული სეგმენტის მხარდაჭერა, ეს არის გზა უფრო ძლიერი სოციუმის შესაქმნელად.