ალტერნატიული ფართის მოძიების ხარჯი
ამ ტიპის ხარჯი დაგჭირდებათ მაშინ, თუ რემონტს აკეთებთ თქვენს საცხოვრებელ ფართში და ამასთანავე რემონტის მასშტაბები არსებულ ფართში დარჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ძველი რემონტისა და ტიხრების დემონტაჟის ხარჯი
როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, საცხოვრებელი ფართის რემონტის ხარჯში ერთ-ერთი მნიშვნელოვან წილს ძველი რემონტის დემონტაჟის ხარჯები შეადგენს. ამ ეტაპზე გჭირდებათ სპეციალური მოწყობილობები, იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს არასასურველი ტიხრებისა თუ ძველი რემონტის ნაშთების დემონტაჟი. ხშირ შემთხვევაში, ეს სამუშაო დიდი ფიზიკურ ძალასაც მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, შრომის ანაზღაურების მოცულობასაც ზრდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენს სარემონტო გუნდთან ერთად თავიდანვე განსაზღვროთ დემონტაჟის ღირებულება.
სარემონტო ნარჩენების გატანა-გადაყრის ხარჯი
ხარჯებში სარემონტო ნარჩენების გატანის ხარჯიც უნდა გაითვალისწინოთ. სამშენებლო ნარჩენების უყურადღებოდ დატოვება ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით ფულადი ჯარიმით ისჯება. იმისთვის, რომ კანონდარღვევა თავიდან აირიდოთ და ასევე, სარემონტო სივრცე სამშენებლო ნარჩენებით არ დაგეტვირთოთ, სასურველია, თუ ნარჩენებს პერიოდულად, დადგენილი ნორმების შესაბამისად, გაიტანთ. ხშირად, ამ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა კონკრეტული პირების მომსახურებით სარგებლობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების ტომრებში მოთავსებას და შესაბამისი ავტომანქანით დაშვებულ ტერიტორიაზე გადაყრას. ამ ასპექტში სასურველია, თავიდანვე გათვალოთ, რომ დაგჭირდებათ ტომრის შეძენის, ნარჩენების ტომრებში ჩაყრის, და ავტომობილის მომსახურების ხარჯი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ნარჩენების გატანა მოგიწევთ პერიოდულად და არა ერთჯერადად.
შენობაში არსებული ავეჯისა და ტექნიკის დასაწყობების ხარჯი
თუ თქვენ საცხოვრებელ ფართში უკვე გაქვთ საოჯახო ტექნიკა და ავეჯი, რომლის გამოყენებასაც რემონტის დასრულების შემდეგაც გეგმავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ფართი, სადაც მათ დაასაწყობებთ რემონტის დასრულებამდე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დამატებით ხარჯს უკავშირდება. სასურველია, თავიდანვე განსაზღვროთ ამ ნივთების ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯის მოცულობა.
ხელოსნების მომსახურების ანაზღაურება
ხშირად, ამ ხარჯის შემცირება საკუთარი ჩართულობითაც შეიძლება. მაგალითად, შესაძლებელია თქვენ თავადაც მოისურვოთ დემონტაჟის გაკეთება, კედლების ჩამონგრევა ან სულაც გაყვანილობის მოწესრიგება. თუ თქვენთვის ეს განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, მაშინ ხელოსნების ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ.
სარემონტო მასალების შეძენის ხარჯები
სარემონტო სამუშაოებისას, ერთ-ერთი ძირითადი და ამავდროულად მსხვილი ხარჯი, სარემონტო მასალების შეძენის ხარჯია. სასურველია, თავიდანვე განსაზღვროთ, რა ტიპის მასალით გსურთ სარემონტო სამუშაოების წარმოება, რადგან მასალის ხარისხსა და მწარმოებელზეა ხშირად დამოკიდებული მასალის ფასი.
მასალების ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ხარჯები
ხშირად მასალებთან დაკავშირებული ხარჯები მათი შესყიდვით არ სრულდება. მასალის ყიდვის შემდგომ სარემონტო სამუშაოებამდე მიტანა და ისე დასაწყობება, რომ სამუშაოებს ხელი არ შეუშალოს, ცალკე გამოწვევაა. ამ საკითხის მოგვარებას ზოგჯერ თავად გამყიდველი კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს. რიგ შემთხვევებში კონკრეტული ვადითაც კი (მაგალითად, 2 კვირიდან 1 თვემდე ვადით) ინახავენ გაყიდულ საქონელს საკუთარ საწყობში. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ მასალა საჭირო დროზე ადრე, ხოლო საჭიროების დადგომისთანავე მარტივად გაიტანოთ ის. ხარჯების დაზოგვაში დაგეხმარებათ მასალის მიტანის მომსახურებაც. ზოგიერთი კომპანია ან გამყიდველი პირი შესაძლოა მასალის ადგილამდე მიტანას შეღავათიან ფასად ან დამატებითი საზღაურის გარეშეც გთავაზობდეთ. შესაძლოა, ეს შემოთავაზება დამოკიდებული იყოს შეკვეთის ღირებულებაზეც. მსგავსი დეტალები უმჯობესია დააზუსტოთ გამყიდველთან და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი შემოთავაზება.
სარემონტო სივრცის დასუფთავების ხარჯები
გაუთვალისწინებელი ხარჯები
როგორ დეტალურადაც არ უნდა დაგეგმოთ შესაძლო ხარჯები, სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, როგორც წესი, ბევრი ისეთი წვრილმანი ხარჯი იჩენს ხოლმე თავს, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა.