მიკრობანკის სტატუსი
მიკრობანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც, თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.
იმისთვის, რომ ორგანიზაციას მიკრობანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული, მოთხოვნები, რომლებიც შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 10 (ათი) მილიონ ლარს.
დღეს, საქართველოში მოქმედი ერთადერთი მიკრობანკია - ს.ს "მიკრობანკი ემბისი".
მიკრობანკის საქმიანობა
მიკრობანკების ძირითადი საქმიანობა შეიძლება იყოს:
- სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები. აღსანიშნავია, რომ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სხვადასხვა ტიპის ვალდებულების მაქსიმალური ჯამური ოდენობა 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს.
- პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში, რაც მიმდინარე პერიოდში 30 000 ლარს შეადგენს.
- საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა;
- საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება;
- უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა.
დეტალურად მიკრობანკების საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კანონში „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“.