მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) საფინანსო სექტორის წარმომადგენელია, რომლის რეგისტრირება და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მისოც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო საქმიანობას.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რისთვისაც ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ მოთხოვნებს. თუმცა, კომერციული ბანკისგან განსხვავებით, მისოს ზედამხედველობა გაცილებით მსუბუქია და შესაბამისად, საქმიანობაც უფრო შეზღუდული.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა
ქვემოთ მოცემულია მისოსთვის ნებადართული ძირითადი საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის კანონში:
- საკრედიტო პროდუქტების გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. საკრედიტო პროდუქტი შეიძლება იყოს სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი და სხვა;
- ფულადი გზავნილების განხორცილება;
- სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
- ვალუტის გაცვლა ;
- სესხების მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;
- მიკროლიზინგი, ფაქტორინგის, დერივატივის დადება, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია და გამოსყიდვა, აგრეთვე, ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ მისო თანხებს იზიდავს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, კერძოდ, ახორციელებს მათგან თანხის მიღებას სესხის ან გამოშვებული თამასუქების ფორმით, ამ შემთხვევაში თითოეული პირისგან მოზიდული თანხის მოცულობა მხოლოდ 100,000 ლარს ზემოთაა დასაშვები.