რა არის საკრედიტო ბარათი?
საკრედიტო ბარათიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი სამომხმარებლო სესხია, რამდენადაც არ ხასიათდება რამე კონკრეტული მიზნობრიობით. ის განახლებადი, ანუ რევოლვირებადი კრედიტია. რამდენადაც თანხის ათვისების პერიოდულობის სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მას დაფარვის გრაფიკი არ აქვს. თუმცა, ხელშეკრულებაში გაწერილია პრინციპი, რის მიხედვითაც დაანგარიშდება პერიოდული (უფრო ხშირად, ყოველთვიური) მინიმალური გადასახდელის მოცულობა. ამასთან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ბარათის აღებისას შეთანხმებული არხით (მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტბანკი) მოგეწოდებათ.
საკრედიტო ბარათის პირობები
როგორც წესი, საკრედიტო ბარათიდან თანხის განაღდება ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადახდებთან შედარებით გაცილებით მაღალ ხარჯებს უკავშირდება. კერძოდ, საკრედიტო ბარათიდან თანხის განაღდება სადებეტო ბარათისგან გასხვავებით ბევრად ძვირია. ასევე, განაღდებით ათვისებულ ლიმიტს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გახარჯულ თანხასთან შედარებით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ერიცხება. გასათვალისწინებელია, რომ საკრედიტო ბარათზე პროცენტის დარიცხვა ათვისებული ლიმიტისა და ათვისების არხის შესაბამისად ხორციელდება. მაგალითად, თუ ფლობთ საკრედიტო ბარათს 1,000 ლარიანი ლიმიტით და ერთ დღეს 200 ლარი გაანაღდეთ, ხოლო 50 ლარით მაღაზიაში წიგნები შეიძინეთ, ამ თარიღისთვის 200 ლარზე მოხდება განაღდების ოპერაციებისათვის გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის, ხოლო 50 ლარზე - გადახდის ოპერაციებისთვის გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ერთ დღეზე გაანგარშებით. თუ მომდევნო დღეს კიდევ 100 ლარი გაანაღდეთ და 120 ლარით კი ინტერნტმაღაზიაში ივაჭრეთ, ამ დღეს 300 (200+100) ლარს დაერიცხება განაღდების ოპერაციებისათვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო 170 (50+120) ლარს - გადახდის ოპერაციებისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი ერთი დღის გაანგარიშებით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათი გადმოგეცათ 1,000 ლარიანი ლიმიტით, საპროცენტო სარგებელი ირიცხება არა სრულ 1,000 ლარზე, არამედ მხოლოდ იმ თანხაზე, რომელიც ათვისებული იქნება ლიმიტიდან, ყოველდღიურად.
საკრედიტო ბარათის დაფარვა
საკრედიტო ბარათს სხვა საკრედიტო პროდუქტებისგან ყველაზე მეტად მისი დაფარვის თავისებურებები გამოარჩევს. კერძოდ:
დაანგარიშების თარიღი
როგორც წესი, ყოველთვიურად, თვის ერთსა და იმავე რიცხვში ხდება საკრედიტო ბარათიდან ათვისებული თანხის მიხედვით დასაფარი მინიმალური გადასახადის ოდენობის დაანგარიშება.
მინიმალური გადასახადი
ეს არის მინიმალური თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება მსესხებელს. მინიმალური თანხა მოიცავს ათვისებული ლიმიტის გარკვეულ ნაწილს და მასზე დარიცხულ დამატებით ხარჯებს. კერძოდ, დაიანგარიშება საკრედიტო ბარათიდან ათვისებული ლიმიტის ანუ ძირითადი თანხის გარკვეული ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განაკვეთის მიხედვით, რომელსაც ემატება წინა დაანგარიშების თარიღიდან მიმდინარე თარიღამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და დარიცხული საკომისიოები.
საშეღავათო პერიოდი
პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საკრედიტო ბარათიდან ათვისებულ ლიმიტს საპროცენტო სარგებელი არ ეკისრება. ამ ეტაპზე ბაზარზე გავრცელებული საკრედიტო ბარათების უმრავლესობისთვის აღნიშნული პერიოდის ხანგრძლივობა დაანგარიშების თარიღიდან 25-დღიან პერიოდს მოიცავს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დაანგარიშების თარიღისთვის ათვისებული ლიმიტს სრულად დაფარავთ, პროცენტის გადახდა აღარ მოგიწევთ.
რჩევები საკრედიტო ბარათით სარგებლობისთვის
საკრედიტო ბარათს, ისევე, როგორც სხვა საკრედიტო პროდუქტებს, თავისი ხარჯები აქვს, მათ შორის ბარათის დამზადებისა და მომსახურების საკომისიო. თუმცა, ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ამ პროდუქტს აქვს, არის შესაძლებლობა, პრაქტიკულად დამატებითი ხარჯების გარეშე ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით, თუ მას მიზნობრივად, სავაჭრო ობიექტებში გამოიყენებთ. სწორედ ამ თავისებურებით გამოირჩევა ის სხვა საკრედიტო პროდუქტებისგან.
იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათით მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით ისარგებლოთ, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
არ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი სესხის დასაფარად
მოერიდეთ საკრედიტო ბარათის ლიმიტის სხვა სესხის შენატანების ან სხვა გადასახდელების გადასახდელად გამოყენებას.
დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ლიმიტის სრულად ათვისება
შეეცადეთ, როცა ამისი საჭიროება არ არსებობს, არ აითვისოთ საკრედიტო ლიმიტი სრულად მხოლოდ იმიტომ, რომ ლიმიტი ამის შესაძლებლობას გაძლევთ - შეიძლება მისი გადახდა რთული გახდეს.
არ გაანაღდოთ საკრედიტო ბარათიდან
საკრედიტო ბარათი ძირითადად სავაჭრო ობიექტებში გადახდებისათვის გამოიყენეთ და მოერიდეთ ბარათიდან თანხის განაღდებას.
ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდში დაფარეთ
შეეცადეთ, ათვისებული საკრედიტო ლიმიტი საშეღავათო პერიოდში სრულად დაფაროთ და ამით საპროცენტო ხარჯი აიცილოთ თავიდან.