კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

აქცია ფასიანი ქაღალდია, რომლის შეძენის მიზანი ინვესტირება და სარგებლის მიღებაა.  რამდენადაც აქცია კომპანიის წილია, ამ კომპანიის შემოსავლებისა და მოგების ზრდასთან ერთად იზრდება აქციების მფლობელების (აქციონერების) სარგებელიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიის წარმატება აისახება აქციის ფასზე, რაც თავის მხრივ ზრდის მასში ინვესტირებულ კაპიტალს.

როგორ ხდება აქციის ფლობით სარგებლის მიღება?

აქციებიდან სარგებლის მიღება შესაძლებელია 2 გზით:

1. აქციის ფასის ზრდა

აქციების ფასის ზრდა, თქვენი,  როგორც აქციონერების, დოვლათის ზრდას იწვევს (მაშინაც კი, თუ ამ აქციებს ჯერ არ ყიდით). წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ კომპანია ABC-ს 100 აქცია. შეძენის მომენტში 1 აქციის ფასი იყო 10 აშშ დოლარი, შესაბამისად, ჯამში გადაიხადეთ 1,000 აშშ დოლარი. თუ ხვალ 1 აქციის ფასი გაიზრდება 11 აშშ დოლარამდე, თქვენ გექნებათ 1,100  აშშ დოლარის (100 X 11) ღირებულების აქციები - თქვენი კაპიტალი გაიზრდება 100 აშშ დოლარით.

2. დივიდენდები

კომპანიების ნაწილი, საკუთარ ინვესტორებს (წილის მფლობელებს) სთავაზობს რეგულარულ დივიდენდებს, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით. ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული სარგებელი - პირობითად 1 აქციაზე 0.2 ცენტი წელიწადში ან მიბმული სხვადასხვა ცვალებად კომპონენტზე, მაგალითად, წმინდა მოგებაზე (პირობითად, წმინდა მოგების 40% ნაწილდებოდეს დივიდენდების სახით). თუმცა, აღსანიშნავია რომ, წინასწარ განსაზღვრული დივიდენდის გეგმის (პერიოდულობა, მოცულობა და ა.შ.) არსებობის მიუხედავად,  კომპანიას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული გეგმა შეცვალოს  და საერთოდ, უარიც კი განაცხადოს დივიდენდის გადახდაზე. თუ ობლიგაციის კუპონის გადაუხდელობა გამოწვეულია კომპანიის გადახდისუუნარობით, რაც ავტომატურად კომპანიის გაკოტრებას იწვევს, აქციების შემთხვევაში, დივიდენდის გადახდაზე უარის თქმა შეიძლება ყოველთვის კომპანიის ფინანსური სირთულეებს არ უკავშირდებოდეს და მისი მიზანი იყოს, მაგალითად, მოგების რეინვესტირება კომპანიის გასაფართოვებლად.

დივიდენდების განაწილების კუთხით შეიძლება გამოვყოთ 2 ტიპის კომპანია:

1. კომპანიები, რომლებიც მოგების დიდ ნაწილს გასცემენ დივიდენდების სახით. ძირითადად, ესენი არიან ბაზრის ლიდერები, დიდი და სტაბილური შემოსავლების მქონე კომპანიები, რომელთაც  ინდუსტრიაში ზრდის შედარებით ნაკლები პოტენციალი აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი გაჯერებული და ათვისებულია, მაგალითად, კოკა-კოლა, პროქტერ & გემბელი და ა.შ. ასეთი ტიპის კომპანიების აქციების ფასებს შედარებით დაბალი ზრდის პოტენციალი აქვთ, თუმცა, იხდიან მაღალ დივიდენდს, რაც ხელსაყრელია ისეთი ინვესტორებისთვის, ვისაც სურთ სტაბილური და რეგულარული (კვარტალური, ნახევარწლიური, წლიური) შემოსავლები დივიდენდის სახით.

2. კომპანიები, რომლებიც არ გასცემენ დივიდენდებს ან მოგების მხოლოდ მცირე ნაწილს გასცემენ დივიდენდების სახით. ძირითადად ასეთი კომპანიები წარმოდგენილები არიან სწრაფად მზარდ და განვითარებად ინდუსტრიებში, მაგალითად, ტექნოლოგიების, სამედიცინო და მსგავს სექტორებში, სადაც მოგების რეინვესტირების გზით ახდენენ ახალი პროდუქტების განვითარებას, ახალი სეგმენტების და ახალი ბაზრების ათვისებას. ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების აქციების ფასს გააჩნია ზრდის დიდი პოტენციალი და შედარებით მაღალი რისკი. ასეთ კომპანიებში ინვესტირება ხელსაყრელია მათთვის, ვინც მიმდინარე რეგულარულ შემოსავლებს (დივიდენდის სახით) ამჯობინებენ აქციის ფასის სამომავლო ზრდის პოტენციალს.

ისტორიულად, სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით, აქციები დოვლათის დაგროვების გაცილებით დიდ შესაძლებლობას იძლევა. ამისი მრავალი მაგალითიდან ერთ-ერთია კომპანია APPLE (აქციის ტიკერი: AAPL), რომლის აქცია 2000-იანი წლების დასაწყისში 1 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 240 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ კომპანიის 1,000 აქცია რომ შეგეძინათ 2000-იანი წლების დასაწყისში 1,000 აშშ დოლარად, 2024 წლის ბოლოს დაახლოებით 240,000 აშშ დოლარის ღირებულების აქციები გექნებოდათ. ასევე, კომპანია NVIDIA-ს (აქციის ტიკერი: NVDA) 1 აქციის ფასი 2000 წლის განმავლობაში თუ 9 ცენტიდან 33.63 ცენტამდე მერყეობდა, 2024 წლის ბოლოს 140 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ფასის მინიმუმ 416-ჯერ ზრდას გულისხმობს. (აღნიშნულ მაგალითში ფასები მოცემულია აქციების დაყოფის ეფექტის ე.წ. stock split-ის გათვალისწინებით)