ნაბიჯი პირველი: ბიუჯეტის პერიოდის განსაზღვრა
განსაზღვრეთ, თუ რა პერიოდზე გსურთ პირადი ბიუჯეტის შედგენა.
თქვენი მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე პირადი ბიუჯეტი შეიძლება ნებისმიერ პერიოდზე შედგეს. ის შესაძლოა 1 კვირის, 1 თვის, 1 კვარტლის, 1 წლის ან სხვა, უფრო ხანგრძლივ პერიოდზე იყოს განსაზღვრული.
პირადი ბიუჯეტის შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ შემოსავლის მიღების პერიოდულობა, ანუ დროის ის შუალედი, რომლის განმავლობაშიც იღებთ ხოლმე შემოსავლებს: მაგალითად, ხელფასს, იჯარას ან სხვა.
როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ანაზღაურებას თვეში ერთხელ იღებენ, სწორედ ამიტომ სასურველია, ბიუჯეტის შედგენა ერთი თვის პერიოდზე დაიწყოთ. მოდი, შემდგომი ნაბიჯებიც ერთთვიანი ბიუჯეტის მაგალითზე განვიხილოთ.
ნაბიჯი მეორე: შემოსავლების განსაზღვრა
განსაზღვრეთ საპროგნოზო შემოსავალი
მას შემდეგ, რაც აირჩევთ ბიუჯეტისთვის პერიოდს, განსაზღვრეთ საპროგნოზო, ანუ სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ელოდებით. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის საპროგნოზო წყაროები და თითოეული მათგანის გასწვრივ მიუთითეთ მომდევნო პერიოდის ანუ მომავალი 1 თვის განმავლობაში მისაღები შემოსავლები. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავლებში იგულისხმება როგორც ფიქსირებული, ასევე ცვლადი ხასიათის შემოსავლები.
გაითვალისწინეთ ფიქსირებული და ცვლადი შემოსავლები
ფიქსირებულ შემოსავალს მიეკუთვნება ისეთი შემოსავლები, რომლებიც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ იცვლება. მაგალითად, სასწავლებლიდან მიღებული ყოველთვიური სტიპენდია, დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული ხელფასი, ბინის ან კომერციული ფართის გაქირავებიდან მიღებული ყოველთვიური ქირა და სხვა.
ცვლადი შემოსავლები კი ისეთი შემოსავლებია, რომლებიც განსხვავებულია სხვადასხვა პერიოდებში ან მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდში გვხვდება. მაგალითად, ახალ წელს ან დაბადების დღისთვის საჩუქრად მიღებული თანხა, საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავისგან გამოგზავნილი ფულადი გზავნილი, რიგგარეშე პრემია/ბონუსი და სხვა.
აღრიცხეთ ფაქტობრივი შემოსავალი
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცალკე სვეტში აუცილებლად უნდა აღრიცხოთ შერჩეული პერიოდის განმავლობაში მიღებული ფაქტობრივი შემოსავალიც. ეს კი უკვე იმ პერიოდში ანუ მომდევნო 1 თვის ბოლოს უნდა გააკეთოთ, რომლისთვისაც წინასწარ განსაზღვრეთ შემოსავლები. საპროგნოზო და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარების გზით, თქვენ თავიდან აირიდებთ მიმდინარე თვის ბიუჯეტში შესაძლო შეცდომებსა და უკეთ შეძლებთ მომდევნო თვის დაგეგმვას.
ნაბიჯი მესამე: შემოსავლების დაჯამება
შეაჯამეთ საპროგნოზო შემოსავლის სვეტში თქვენ მიერ მითითებული თანხები - ეს 1 თვის განმავლობაში მისაღები თქვენი მთლიანი შემოსავალია და, შესაბამისად, პირადი ბიუჯეტის შედგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე განვლილია.
ნაბიჯი მეოთხე: ხარჯების განსაზღვრა
განსაზღვრეთ საპროგნოზო, ანუ სავარაუდო ხარჯები
შემოსავლების მსგავსად, ხარჯებიც შეიძლება იყოს ფიქსირებული და ცვლადი. მაგალითისთვის, სესხის ან ბინის ქირის გადასახადი, ზოგიერთი კომუნალური, როგორიცაა ინტერნეტის ან ტელევიზიის გადასახადი ფიქსირებულ ხარჯებს განეკუთვნება, ხოლო საკვები პროდუქტების, სამოსის შეძენის, განტვირთვის - თეატრისა და კინოს ბილეთების ღირებულება, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი ცვლადი სახის ხარჯია. ცვლადი ხარჯების მოცულობა დამოკიდებულია თქვენი ხარჯვის თავისებურებაზე, მაგალითად, რამდენად გვიყვარს მაღაზიებისა თუ გასართობი ადგილების ხშირად სტუმრობა.
გამიჯნეთ აუცილებელი და არააუცილებელი ხარჯები
ბიუჯეტის ეფექტური მართვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია აუცილებელი და არააუცილებელი ხარჯების განსაზღვრა.
აუცილებელი ხარჯები ისეთი ხარჯებია, რომლებზედაც უარის თქმა თითქმის შეუძლებელია და რომლებიც საკუთარი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ასეთია კომუნალური (ელექტროენერგიის, წყლის, და სხვა) გადასახადები, ბინის ქირა (თუ სახლს ქირაობთ), სესხის გადასახადი (თუ სესხით სარგებლობთ), საკვების და ტრანსპორტის ხარჯები, სადაზღვევო შენატანი (თუ დაზღვევით სარგებლობთ) და სხვა.
რაც შეეხება არააუცილებელ ხარჯებს - მასში ყველა ის დანარჩენი ხარჯი მოიაზრება, რომელთა გაწევაც შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო, მაგრამ თქვენი სურვილების ასრულებას და კომფორტის უზრუნველყოფას ემსახურება. არააუცილებელი ხარჯის მაგალითია კინო-თეატრის ბილეთები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად ტაქსით მგზავრობის ხარჯი, შუადღეზე წასახემსებლის სახლიდან წაღების ნაცვლად კაფესა და რესტორანში ვიზიტის ხარჯი და სხვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელი ხარჯები, მეტწილად, საჭიროების დაკმაყოფილებას ემსახურება, ხოლო არააუცილებელი ხარჯები, როგორც წესი, საკუთარი სურვილების ასრულებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ორი ტიპის ხარჯის ერთმანეთისგან გამიჯვნა?
ხარჯების აუცილებელ და არააუცილებელ ტიპებად დაყოფა:
- დაგეხმარებათ ხარჯვის დროს დასახოთ პრიორიტეტები, შედეგად კი, არასაჭირო ნივთების შეძენისგან თავის შეკავებას შეძლებთ;
- დაგიცავთ ხარჯვის დროს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ფულის გაფლანგვისგან;
- დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში და ფულის გააზრებულად ხარჯვაში;
- დაგეხმარებათ თანხის უფრო ოპტიმალურად დაზოგვაში.
იმისთვის, რომ მიიღოთ პირადი ფინანსური კეთილდღეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გონივრული, გააზრებული და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული. მათ შორის, კარგად უნდა იყოს გააზრებული ცხოვრების კონკრეტული მომენტისთვის არსებული საკითხი თქვენთვის საჭიროების საგანია თუ მხოლოდ სურვილი.
საჭიროება თუ სურვილი?
განვიხილოთ ახალი ლეპტოპის შეძენის შემთხვევა ორი სხვადასხვა ადამიანის მაგალითზე:
ანი დიზაინერია, გიორგი კი ექიმი, მართალია ორივეს აქვს ლეპტოპი, მაგრამ ორივე მათგანს სურს ახლის შეძენა. ანის პროფესიიდან გამომდინარე, სჭირდება ლეპტოპის შეცვლა - ის ხომ თავისი საქმის შესრულებას ახალი კომპიუტერით უკეთ შეძლებს, სასურველ პროგრამებს ჩაწერს და უფრო სწრაფად და ხარისხიანად დაასრულებს პროექტებზე მუშაობას.
თავისთავად, ლეპტოპი გიორგისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს. ის ინტერნეტის დახმარებით ახალ ინფორმაციას და საერთაშორისო პრაქტიკას ეცნობა, მის მოთხოვნებს კი არსებული ლეპტოპიც აკმაყოფილებს. გამოდის, რომ გიორგის უბრალოდ ტექნიკის ახალი მოდელი მოსწონს და საკუთარი თავის დასაჩუქრება სურს.
ამ ორი კონკრეტული შემთხვევის განხილვის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ გიორგისთვის ახალი შენაძენი უბრალოდ სურვილია, ანისთვის კი სწორი ინვესტიცია და საჭიროება.
ფიქრობთ, არააუცილებელი ხარჯები ბიუჯეტის შედგენისას საერთოდ არ უნდა იყოს გათვალისწინებული?
რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, არააუცილებელ ხარჯებზე საერთოდ უარი თქვათ, მეტიც, ზოგიერთი არააუცილებელი ხარჯის გაწევა, პირიქით, დროის კონკრეტული მომენტისთვის, თქვენთვის სარგებლის მომტანიც კი შეიძლება იყოს. ხანდახან საჭიროა კიდეც გაანებივროთ თავი საყიდლებზე სიარულით, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით, მათთან ერთად ფინჯანი ჩაის დალევითა და სასიამოვნო საუბრებით. გარდა ამისა, კარგია თუ გაქვთ ჰობი და არ გავიწყდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებაც, მაგალითად, სტუმრობთ საცურაო აუზსა თუ სპორტ დარბაზს. ამ სახის არააუცილებელი ხარჯის გაწევა ადამიანისათვის სტიმულის მომცემია და ხანდახან განტვირთვისა და გახალისების საუკეთესო გზა - შეგვიძლია ისინი პერიოდულად აუცილებელ ხარჯადაც კი მივიჩნიოთ.
აღრიცხეთ ფაქტობრივი ხარჯები
გაითვალისწინეთ, რომ ფაქტობრივი შემოსავლების მსგავსად, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივი ხარჯების აღრიცხვაც მნიშვნელოვანია. საპროგნოზო ხარჯები შესაძლოა განსხვავდებოდეს თვის განმავლობაში რეალურად გაწეული თანხებისგან. მათი შედარება კი მომავალი თვეების უკეთ დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი მეხუთე: ხარჯების დაჯამება
შეაჯამეთ საპროგნოზო ხარჯების სვეტში თქვენ მიერ მითითებული თანხები - ეს 1 თვის განმავლობაში თქვენ მიერ დაგეგმილი ხარჯების პირველადი ვერსიაა, რომელიც შეიძლება შემდეგ კიდევ გადაიხედოს, რადგან ბიუჯეტის შედგენის და შემოსავლების გადანაწილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დანაზოგების ოპტიმალური მოცულობისთვის მომზადებაა.
ნაბიჯი მეექვსე: ნაშთის გამოანგარიშება
გამოაკელით მთლიან საპროგნოზო შემოსავალს მთლიანი საპროგნოზო ხარჯი. მიღებული შედეგების მიხედვით მოგიწევთ ან დაუბრუნდეთ წინა ნაბიჯებს ან გადახვიდეთ შემდეგ, მეშვიდე ნაბიჯზე.
მაშ, ასე:
შედეგი 1: ნაშთი 0-ზე ნაკლებია
ანუ თქვენი ხარჯები შემოსავალს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი „დეფიციტურია“ და ფინანსური სირთულეები გარდაუვალია. ასეთ დროს საუკეთესო გზაა ხარჯებს გადაავლოთ თვალი და მათ შემცირებაზე იზრუნოთ იმდენად, რომ საბოლოო ჯამში მიღებული სხვაობა შემოსავლების 10%-ზე მეტი მაინც იყოს.
შედეგი 2: ნაშთი 0-დან შემოსავლების 10%-მდეა
თუ ნაშთი 0-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება შემოსავლების 10%-ს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავლებიდან გარკვეული თანხა გრჩებათ, მაგრამ დანაზოგის შესაქმნელად არც თუ ისე ოპტიმალური მოცულობით. გირჩევთ, გადაავლოთ თვალი ხარჯებს, განსაკუთრებით კი არააუცილებელ ხარჯებს და ისინი ისე შეამციროთ, რომ საპროგნოზო შემოსავლებისა და საპროგნოზო შემოსავლების სხვაობა შემოსავლების 10%-ს მაინც შეადგენდეს;
შედეგი 3: ნაშთი შემოსავლების 10% ან მეტია
თუ მიღებული სხვაობა შემოსავლების 10%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თავისუფალი თანხა გრჩებათ, რომელიც შეგიძლიათ დანაზოგების შესაქმნელად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რაც მეტია ეს სხვაობა, მით მეტი თანხების მიმართვა შეგიძლიათ დანაზოგებზე და თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაც უფრო ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი. თუ ფიქრობთ, რომ მეტი თანხის დაზოგვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, შეგიძლიათ ხარჯებს ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი, რომ დანაზოგებისთვის კიდევ უფრო ოპტიმალური რაოდენობის თანხა მიიღოთ.
საპროგნოზო ბიუჯეტის დასაკორექტირებლად შეგეძლოთ გათვლები შემოსავლების გაზრდაზეც გაგეკეთებინათ, თუმცა, ალბათ, ეს უფრო ნაკლებ მოსალოდნელია. თუმცა, არც გამორიცხული არაა და სავსებით რეალურია თუ ისეთი ტიპის შემოსავლები გაქვთ, რომლის მოცულობა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა გარემო პირობებზე თუ სხვა, მესამე პირებზე.
რაც შეეხება 10%-იან სხვაობას, ზოგადად რეკომენდებულია რომ შემოსავლების მინიმუმ 10% მაინც უნდა გადაიდოს დანაზოგებისათვის. რა თქმა უნდა, დანაზოგის მოცულობა მეტიც შეიძლება იყოს და მისი კონკრეტული მოცულობა თქვენი ფინანსური მიზნებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, თუმცა ითვლება, რომ მიუხედავად შემოსავლების მოცულობისა, თუ მისი მინიმუმ 10% მაინც მიემართება დანაზოგებში, ე.ი. პირადი ფინანსების მართვა გონივრულად ხდება.
ნაბიჯი მეშვიდე: დაზოგვა
გადადეთ თანხა დანაზოგისთვის
დროა განვიხილოთ ბიუჯეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი - დაზოგვა და მეექვსე ნაბიჯზე მიღებული სხვაობის მიხედვით მიღებული თავისუფალი სახსრები თქვენი მომავალი მიზნების შესასრულებლად საჭირო დანაზოგებში ასახოთ. ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაზოგვა და რა გზებით შეგიძლიათ დანაზოგების მოგროვება, ამ თემას შესაბამის მენიუში გაეცნობით. ბიუჯეტის შესადგენად კი თქვენ ფინანსურ მიზნებზე დაფიქრება და მათი მიღწევის შესაბამისი გრაფიკის განსაზღვრა იქნება საჭირო.
განსაზღვრეთ ფინანსური მიზნები
ფინანსური მიზნები შეიძლება იყოს მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი. მაგალითად, მოკლევადიან მიზნებს შესაძლოა განეკუთვნებოდეს ტელეფონის, ლეპტოპის ან სამოგზაუროდ პაკეტის შეძენა. საშუალო ვადიანს - მანქანის შეძენა ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციფიკური კურსის გავლა. რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, აქ შეგვიძლია სახლის ან აგარაკის შეძენა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაც მოვიაზროთ.
განსაზღვრეთ კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საჭირო თანხა
რამდენადაც მეექვსე ნაბიჯზე დაზოგვისთვის უკვე კონკრეტული თანხა დაგეგმეთ, ახლა ის თქვენს კონკრეტულ მიზნებში გადაანაწილეთ. თუ მაგალითად, თქვენ სამივე ზემოაღნიშნული ტიპის მიზანი გაქვთ და აპირებთ 6 თვეში შეიძინოთ ტელეფონი, დაახლოებით 2 წელიწადში ავტომობილი, 5 წლის შემდეგ კი სახლის შესაძენად თანამონაწილეობის თანხის მოგროვებას აპირებთ, ტელეფონის ღირებულება 6-ზე გაყავით, და დარჩენილი თანხები ავტომობილისა და სახლის თანამონაწილეობის თანხებზე ისე გადაანაწილეთ, რომ დანაზოგისთვის განკუთვნილ მოცულობაში ჩაჯდეთ. და თუ მიზნები უფრო ამბიციური გაქვთ, ვიდრე დანაზოგებისთვის განკუთვნილი თანხა, მაშინ მე-4 ნაბიჯს დაუბრუნდით და კიდევ ერთხელ გადახედეთ, რამდენად შესაძლებელია ხარჯების მეტი ოპტიმიზირება გააკეთოთ.
ნაბიჯი მერვე: ბიუჯეტის კონტროლი
ახლა კი გადავდივართ ბიუჯეტირების ყველაზე საინტერესო ნაწილზე - საპროგნოზო და ფაქტობრივი ბიუჯეტების კონტროლზე.
აღრიცხეთ მცირე ხარჯებიც კი
გახსოვდეთ, რომ პირადი ფინანსების უკეთ კონტროლისთვის სასურველია მცირე დანახარჯიც კი, როგორიცაა მაგალითად ტკბილეულის ან თუნდაც საღეჭი რეზინის შეძენა, მყისიერად მიუთითოთ ფაქტობრივი დანახარჯების სვეტში.
პერიოდულად შეადარეთ საპროგნოზო და ფაქტობრივი ბიუჯეტები
ეცადეთ ყოველ დღე, ან კვირაში რამდენჯერმე საპროგნოზო და ფაქტობრივი ბიუჯეტები შეადაროთ ერთმანეთს. მათ შორის მცირე სხვაობა ბუნებრივი და ხშირ შემთხვევაში გარდაუვალიც კია, მაგრამ თუ ფაქტობრივ და საპროგნოზო ბიუჯეტებს შორის მნიშვნელოვან სხვაობას აღმოაჩენთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ გამომწვევი მიზეზის პოვნაზე და, შესაბამისად, შეცვალოთ თქვენი, როგორც მხარჯველის ქცევა.
ბიუჯეტის შედგენისას უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და ბიუჯეტის შემადგენელი თითოეული პუნქტი შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით უნდა შევავსოთ.
რა იწვევს სხვაობას ფაქტობრივ და საპროგნოზო ბიუჯეტებს შორის?
იმ შემთხვევაში თუ საპროგნოზო ხარჯები აჭარბებს ფაქტობრივ ხარჯებს - დაუკვირდით, იქნებ საპროგნოზო ბიუჯეტში საკუთარი ფულის დაზღვევის მიზნით მეტობით ჩაწერეთ საპროგნოზო დანახარჯები? მაგალითად, შემოდგომის დადგომასთან ერთად გაზარდეთ ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო გადასახადი. თვის ბოლოს კი მრიცხველების ანათვალის შესაბამისად გაცილებით ნაკლები ოდენობის კომუნალური ხარჯების გაწევა მოგიწიათ.
იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ხარჯები აჭარბებს საპროგნოზოს - ეს იმას ნიშნავს, რომ ან რომელიმე ხარჯი არ გაგითვალისწინებიათ ბიუჯეტირებისას, ან თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოგიწიათ დამატებით ხარჯების გაწევა. მაგალითად, მეგობარმა გთხოვათ თანხის სესხება. ან სავაჭრო ობიექტების მიერ გამოცხადებულ სეზონური ფასდაკლების ცდუნებას ვერ გაუძელით და იმპულსურად გააკეთეთ შენაძენები. ფაქტობრივი დანახარჯების სვეტში კი დაგავიწყდათ შესაბამისი რიგგარეშე თუ გაუთვალისწინებელი ხარჯების აღნიშვნა.
ამრიგად, ფაქტობრივი და საპროგნოზო ბიუჯეტების ერთმანეთთან ხშირი შედარება გაძლევთ საშუალებას დაინახოთ საკუთარი ხარჯვისა და დაზოგვის ტენდენციები. ამასგარდა, უფრო მარტივად შეძლებთ მომდევნო თვეში ზუსტად გაწეროთ ბიუჯეტი და თანხვედრაში მოიყვანოთ ფაქტობრივი და საპროგნოზო მაჩვენებლები.