კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოგზაურობის დაფინანსება

ადამიანთა უმრავლესობა, როგორც წესი, მოგზაურობას წინასწარ გეგმავს და იშვიათად ხდება სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს, თუ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ წასვლა იგეგმება. როდესაც გარკვეული ხნით ადრე გაქვთ დაგეგმილი მოგზაურობა, შესაბამისად, გაქვთ იმის დროც, რომ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა შეაგროვოთ და მისი სესხება არ დაგჭირდეთ.

თუმცა, სანამ მოგზაურობის მიზნით დაზოგვაზე ვისაუბრებთ, ჯერ სესხებისა და დანაზოგების ალტერნატივები შევადაროთ და თითოეული მათგანის ნაკლსა და უპირატესობაზე ვისაუბროთ. საუკეთესო გადაწყვეტილებას კი ამ ორ ალტერნატივას შორის, გვჯერა, თავადაც გააკეთებთ.

დაზოგვა თუ სესხება?

სესხებას გაკვეული უპირატესოებები აქვს -  ამ შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ მაშინვე მიიღოთ, იმოგზაუროთ და სესხი მერე გადაიხადოთ, დანაზოგით თანხის მოგროვება კი დროსთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ რაც უფრო ძვირი ჯდება მოგზაურობა, თანხის შესაგროვებლადაც მით მეტი დროა საჭირო. სესხება განსაკუთრებით მაშინაა ხელსაყრელი, თუ მოგზაურობა სპონტანურად გადაწყდა - მაგალითად, უცხოელმა მეგობარმა ქორწილში დაგპატიჟათ ან მეზობელ ქვეყანაში თქვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტი დაანონსდა. ასევე, შესაძლოა, კარგი სამოგზაურო შეთავაზება გამოჩნდეს - მაგალითად, სასტუმროს განახევრებული ფასი ან ავიაბილეთებზე ფასდაკლება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირდეს და სესხიც ამიტომ აიღოთ. 

თუმცა, სესხებას უარყოფითი მხარეებიც აქვს - ამ შემთხვევაში უფრო გიძვირდებათ მოგზაურობა, რადგან გემატებათ სესხთან დაკავშირებული საპროცენტო თუ სხვა სახის ხარჯები. სესხის შენატანები კი მოგზაურობის შემდეგაც გარკვეული ხნის განმავლობაში აისახება თქვენს ბიუჯეტზე. როდესაც მოგზაურობიდან დაბრუნებულს არც თუ ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გასასტუმრებელი ვალდებულება გხვდებათ, ეს გარკვეულწილად აფერმკრთალებს მოგზაურობით მიღებულ სიამოვნებას. ამასთან, სამოგზაუროდ აღებულმა სესხმა შესაძლოა, იმოქმედოს თქვენს გადახდისუნარიანობაზე - ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მომავალში სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნით დაგჭირდეთ თანხის სესხება და სამოგზაურო სესხის პარალელურად ახალი სესხის აღება ვეღარ შეძლოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც არ უნდა დამსახურებული იყოს თქვენი ეს მოგზაურობა, მის დასაფინანსებლად სესხის აღებით თქვენ არ ახდენთ ინვესტირებას  არც თქვენს უნარებში, არც ბიზნესში და არც პერსპექტიულ აქტივებში. პირიქით კი შეიძლება მოხდეს - თქვენ შესაძლოა, სახიფათო ფინანსური ქცევებიც ჩამოგიყალიბდეთ - მაგალითად, არც მომავალში თქვათ უარი ისეთი სურვილების ასრულებაზე, რისი ფინანსური საშუალებაც არ გაქვთ და სესხებას უფრო ხშირად მიმართოთ. ეს კი, გრძელვადიან პერიოდში, არც ისე კარგად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე. 

დანაზოგით თქვენი მიზანი, ამ შემთხვევაში  მოგზაურობა, მართალია უფრო გვიან მიიღწევა, მაგრამ ნაკლები ხარჯით და სამომავლოდ გასასტუმრებელი ვალდებულებების გარეშე. 

რამდენი უნდა იყოს დანაზოგი?

შესაძლოა, თქვენ უკვე ზოგავდეთ სხვადასხვა მიზნისთვის, მაგალითად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თუ სწავლის დასაფინანსებლად, ან შესაძლოა, ახლა აპირებდეთ დაზოგვის დაწყებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი მოგზაურობისთვის დანაზოგს ცალკე გამოყოფთ.

გადახედეთ თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს და განსაზღვრეთ, ყოველთვიურად რამდენის დაზოგვა შეგიძლიათ მოგზაურობისთვის? ამასთან, დაიანგარიშეთ, დაახლოებით რა ხარჯები გექნებათ მოგზაურობისას ანუ რა თანხა გჭირდებათ ჯამში სამოგზაუროდ. შემდეგ კი სრული თანხა გაყავით ყოველთვიურად გადასადები თანხის რაოდენობაზე და მიიღებთ თვეების იმ რაოდენობას, რაც დაგჭირდებათ სასურველი დანაზოგის შესაგროვებლად ანუ სამოგზაუროდ მზადყოფნისათვის. თუ კი თქვენი მიზნის შესრულება შორეულად გეჩვენებათ, მაშინ შეეცადეთ, უფრო მეტი თანხა გადადოთ ყოველთვიურად. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, გახსოვდეთ, რომ გამონათქვამი "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - მიზნების შესრულების ამოცანასაც მიესადაგება და რომ მცირე შემოსვლის პირობებშიც შესაძლებელია ფინანსური მიზნების მიღწევა, თუკი მოთმინებას გამოიჩენთ.

რა ხარჯები გექნებათ?

როცა უცნობია რამდენი და რისთვის გჭირდებათ, დანაზოგზე ფიქრი შედარებით რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე დაიანგარიშოთ მოზაურობის ხარჯები, ანუ რა თანხა დაგჭირდებათ საბოლოდ. ასე უფრო კონცენტრირებული იქნებით მიზანზე.

პირველ რიგში, დაფიქრდით, მოიძიეთ ინფორმაცია და ჩამოწერეთ ის ხარჯები, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ მოგზაურობისას. მგზავრობის, ტრანსფერის, საცხოვრებელის, შიდა ტრანსპორტის, კვების, მუზეუმებისა და სხვა სანახაობების ბილეთების და ყოველდღიური სახარჯო ფული არის ის ძირითადი ხარჯი, რაც, როგორც წესი, აუცილებლად გასაწევია. ასევე, შესაძლოა გქონდეთ დაზღვევის, ვიზის, პასპორტისა და სხვა დოკუმენტების ხარჯები და ბანკის საკომისიოები (საზღვარგარეთ განაღდების, ვალუტის კონვერტაციის). თვითმფრინავისა თუ სხვა ტრანსპორტის ბილეთების საფასური შეგიძლიათ ნახოთ ავიაკომპანიებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებგვერდებზე, მაგალითად, Expedia.com-სა და Skyscanner.net-ზე სხვადასხვა ფრენების ფასების შედარება შეგიძლიათ. სასტუმროებისა და ბინების ფასებს კი შეგიძლიათ ონლაინ დაჯავშნის ვებგვერდებზე, მაგალითისთვის,  Booking.com-სა და Airbnb.com-ზე გადახედოთ. გაეცანით ინფორმაციას ადგილობრივი ტრანსპორტის შესახებ, რა ჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადააგდილება და რა სხვაობას იძლევა ტაქსის ფასებთან, ან მანქანის ქირაობასთან შედარებით. მუზეუმებისა თუ სხვა სანახაობების ბილეთების ფასების ნახვა ასევე შესაბამის ვებგვერდებზე შეგიძლიათ. კვების ხარჯის დაახლოებით განსაზღვრაც შეიძლება, თუ გადახედავთ ადგილობრივი რესტორნების, კაფეების, სუპერმარკეტების ფასებს - ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ონლაინაც არის ხელმისაწვდომი. მომხმარებლების მიერ საუკეთესოდ შეფასებული კვების ობიექტები კი შეგიძლიათ მაგალითისთვის, Tripadvisor.com-ზე მოიძიოთ.  ხარჯების წინასწარ განსაზღვრა გეხმარებათ იმაში, რომ უფრო გონივრულად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა, შესაძლებელია აირიდოთ ზედმეტი ხარჯები, ასევე დაზოგოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და არ თქვათ უარი მიმდინარე საჭიროებებზე მეტი თანხის დაზოგვის გამო. 

სად ჯობია დაზოგვა?

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, რა თანხა გჭირდებათ მოგზაურობისთვის და რამდენი უნდა გადადოთ ამისათვის ყოველთვიურად, დაიწყეთ ამ თანხის გადადება პირველივე შემოსავლის მიღებისას. თუ გსურთ თქვენი დანაზოგი უსაფრთხოდ იყოს შენახული, სარგებელიც დაერიცხოს და მისი დახარჯვის სურვილმაც ადვილად არ წაგძლიოთ, უმჯობესია, თუ ამისთვის ზრდად დეპოზიტს გახსნით. ზრდადი დეპოზიტი კონკრეტული ვადით, მაგალითად, 6 თვით იხსნება და მასზე თანხის დამატება პერიოდულად შეგიძლიათ. აუცილებლად ჰკითხეთ ბანკს, არის თუ არა ამ დეპოზიტზე ყოველთვიური მინიმალური შენატანი. ეს ის თანხაა, რომელიც სავალდებულოდ უნდა შეიტანოთ, თუმცა მის გარდა, ნებისმიერი თანხის ნებისმიერი პერიოდულობით დამატება შეგიძლიათ. როგორც წესი, რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით მეტია მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. თუ თანხას ვადაზე ადრე გამოიტანთ, ამით ხელშეკრულების პირობა დაირღვევა და უფრო ნაკლები, ან ნულოვანი საპროცენტო სარგებელი დაგერიცხებათ. მოიკითხეთ ზრდადი დეპოზიტის პირობები სხვადასხვა ბანკში და თქვენთვის მისაღები შეარჩიეთ. შესაძლებელია, ხელფასს რომელიმე ბანკში იღებდეთ და დეპოზიტის ამ ბანკში გახსნაც გერჩივნოთ, რადგან ავტომატური გადარიცხვები უფრო მარტივად და იაფად განახორციელოთ. 

როცა თანხას უბრალოდ, მაგალითად, სახლში ინახავთ, მისი დახარჯვა უფრო ადვილია, ცალკე, დეპოზიტზე გადადებული კი უფრო მიუწვდომელია და დახარჯვის ცდუნება ნაკლებად გექნებათ. 

თუ სახელფასო ანგარიშით სარგებლობთ, დააზუსტეთ თქვენს მომსახურე ბანკში ავტომატური გადარიცხვის სერვისის გააქტიურების შესაძლებლობა და პირობები. ავტომატური გადარიცხვების სერვისის ფარგლებში თქვენს მიერ მითითებული თანხის რაოდენობას ყოველთვიურად, მითითებულ თარიღში, მაგალითად, ხელფასის ჩარიცხვისთანავე ავტომატურად გადარიცხავს სხვა ანგარიშზე, მაგალითად, თქვენს ზრდად დეპოზიტზე. შედეგად, არ დაგავიწყდებათ თანხის დასაზოგად გადადება და მანამდე გადაინახავთ ხელფასის ნაწილს, ვიდრე მის ხარჯვას დაიწყებდეთ. ინტერნეტბანკით, როგორც წესი, შეძლებთ მარტივად აკონტროლოთ, რა თანხა დაგროვდა თქვენს ზრდად დეპოზიტზე. ზოგიერთ ბანკში, ზრდადი დეპოზიტის გახსნა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტბანკითაც შეგიძლიათ, ასევე შეგიძლიათ დეპოზიტს თქვენს ინტერნეტბანკში შესაბამისი სახელი - მაგალითად, „ჩემი ბედნიერი მოგზაურობა“ დაარქვათ და კიდევ უფრო კონცენტრირდეთ თქვენს მიზანზე. 

რა ვალუტაში ჯობია დაზოგვა?

იმის მიხედვით, თუ რა ვალუტით გსურთ დაზოგვა, ქართული ბანკები დეპოზიტებს ძირითადად 3 ტიპის ვალუტაში - ლარში, დოლარსა და ევროში სთავაზობენ მომხმარებლებს. ზოგადად, რეკომენდირებულია, რომ თანხა მიზნის შესაბამისად ანუ იმ ვალუტაში დაიზოგოს, რომელშიც იგეგმება მისი დახარჯვა. თუმცა, თუ მოგზაურობას უცხოეთში გეგმავთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც წესი, ლარის დეპოზიტების საპროცენტო სარგებელი ბევრად აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტის საპროცენტო სარგებელს. ამასთან, თუ შემოსავალი ლარში გაქვთ და უცხოურ ვალუტაში დაზოგვა გსურთ, ყოველთვიურად მოგიწევთ თანხის კონვერტაცია შესაბამის ვალუტაზე. ლარი კი შეიძლება ამ პერიოდის განმავლობაში გაუფასურდეს ან გამყარდეს, შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი ან უცხოურ ვალუტაში აღმოჩნდეს დეპოზიტის ქონა ან ლარში. ამიტომ არჩევანი თქვენზეა, გაითვალისწინეთ საპროცენტო სარგებელი და ასევე კურსის ცვალებადობა და თავად გადაწყვიტეთ, შემოსავლის ვალუტაში გსურთ დაზოგოთ, თუ იმ ვალუტაში, რაშიც უნდა დახარჯოთ. 

კიდევ როგორ შეიძლება მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა/შეგროვება?

დეპოზიტს გარკვეული ვადით ხსნით, შესაბამისად, ეს თანხა უშუალოდ მოგზაურობის დაწყების წინ და მოგზაურობის დროს გახდება ხელმისაწვდომი.

ზოგიერთი ხარჯის გაწევა კი, მაგალითად, თვითმფრინავის ბილეთების შეძენა ან სასტუმროს ნომრის დაჯავშნა წინასწარ, გაცილებით ადრე ჯობია, რადგან სწორედ ამ პერიოდში იყოს ის ხელმისაწვდომი ყველაზე ხელსაყრელ ფასად. ამიტომ, როდესაც მოგზაურობას დაგეგმავთ და დაახლოებით ხარჯებს განსაზღვრავთ, შესაძლებელია, გადაანაწილოთ ეს ხარჯი თვეებზე - მაგალითად, მესამე თვეს იყიდოთ თვითმფრინავის ბილეთები, მეხუთე თვეს დაჯავშნოთ სასტუმრო, მეექვსე თვეს იყიდოთ ადგილობრივი ტრანსპორტის აბონემენტი და მუზეუმის ბილეთები და ა.შ. პარალელურად, კი შეაგროვოთ და დეპოზიტზე შეინახოთ კვებისა და ყოველდღიურად სახარჯი თანხები.

როგორ დაზოგოთ/შეაგროვოთ კიდევ უფრო მეტი თანხა?

გთავაზობთ რამდენიმე ზოგად რჩევას, რომელიც შეიძლება გაითვალისწინოთ, თუ სასურველი თანხის უფრო სწრაფად შეგროვების დამატებით შესაძლებლობებზე ფიქრობთ.

შესაძლებლობის შემთხვევაში, შეითავსეთ დამატებითი სამუშაო - რამდენიმე საათი კვირაში - რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ და ეს შემოსავალი მთლიანად მოგზაურობისთვის გადადეთ. გაიხსენეთ, რა უნარებს და ცოდნას ფლობთ თქვენი ძირითადი პროფესიის გარდა და გამოიყენეთ ის მეტის გამოსამუშავებლად. მაგალითად, მოსწავლეების მომზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გაყიდვა და სხვა.

შეამცირეთ არააუცილებელი ხარჯები - მაგალითად, არ იყიდოთ მზა ყავა და მოამზადეთ ის შინ, სამსახურში და სასწავლებელში სახლში მომზადებული ლანჩი წაიღეთ, ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და უკეთ დაინახავთ, რისი შემცირება ან ჩანაცვლება არის უფრო მოსახერხებელი თქვენთვის, რის გარეშე ცხოვრებას შეძლებთ მოგზაურობამდე - ეს დაზოგილი თანხა ხომ თქვენი მოგზაურობისთვის დანაზოგს დაემატება;

დაზოგეთ მორჩენილი ხურდები - შეგიძლიათ დღის განმავლობაში მორჩენილი ხურდები ყულაბაში ჩაყაროთ: ამ გზით ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც გარკვეული თანხა დაემატება თქვენს დანაზოგს.

გაყიდეთ არასაჭირო ნივთები - გადახედეთ, გაქვთ ისეთი ნივთები სახლში, რაც კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აღარ ან იშვიათად იყენებთ? არსებობს სპეციალური ჯგუფები სოცილურ ქსელში ან სხვა პლატფორმები, სადაც ასეთ ნივთებს ყიდიან. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მიღებული თანხა მოგზაურობისთვის გადადეთ.

დაბოლოს, რაც უფრო ადრე დაიწყებთ თანხის დაზოგვას, მით უფრო მალე აისრულებთ თქვენს სურვილს იმოგზაუროთ და დაისვენოთ სასიამოვნოდ.