კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კერძო გარიგებებთან დაკავშირებული თაღლითობები

ამ სტატიაში თაღლითური სქემების რეალურ მაგალითებს განვიხილავთ, თუ როგორ ცდილობდნენ კიბერდამნაშავეები ფიშინგისა და ბარათებთან დაკავშირებული სხვა თაღლითობების გზით მომხმარებლის თანხების მითვისებას.

შეთავაზებები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

შემოთავაზება
ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გახშირდა შეთავაზებები, რომლებიც სხვადასხვა ნივთების - მაგალითად, საგზურის, მობილური ტელეფონის, მობილური ინტერნეტის და ა.შ. - მოგებას გპირდებათ. გვხვდება შემთხვევებიც, როცა ამა თუ იმ ნივთს არ იგებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გთავაზობენ (მაგალითად, 50 GB ინტერნეტი 2 ლარად, ხომ კარგი შემოთავაზებაა?).

ეს შეთავაზებები, ერთი შეხედვით, სანდო, თქვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიების მიერ გაკეთებულს ჰგავს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით ამ კომპანიის ვებგვერდის მისამართს, ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდის დასახელებას, აღმოაჩენთ, რომ ის რამდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება ნამდვილი მისამართისგან/დასახელებისგან.

ამ სქემაში „მოგებული“ ნივთის მიღების წინაპირობად, როგორც წესი, თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანა მოითხოვება. მაგალითად, საფოსტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საბაბით, რომლის შემდეგაც ნივთი თქვენთვის სასურველ მისამართზე გამოიგზავნება.

როგორ მუშაობს თაღლითობის ეს სქემა?

მას შემდეგ, რაც კომპანია დაგიდასტურებთ, რომ ეს ნივთი ნამდვილად მოიგეთ, მის მისაღებად მოგთხოვთ შეავსოთ ე.წ. „საფოსტო მომსახურების ფორმა“, რომელიც სინამდვილეში გაყალბებული ვებგვერდია და მიმსგავსებულია რომელიმე საფოსტო კომპანიის ნამდვილ ვებგვერდთან. ამ გვერდზე მოითხოვება, შეავსოთ თქვენი ბარათის მონაცემები - ბარათის ნომერი, მფლობელი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი და მობილურზე მოსული ერთჯერადი კოდიც. ცხადია, ამგვარად შეყვანილი მონაცემები თაღლითის ხელში მოხვდება და მას შესაძლებლობას მისცემს, ბარათიდან ჩამოჭრას და მიითვისოს თქვენი თანხა და თან იმაზე მეტიც, ვიდრე საფოსტო მომსახურებაში ფიქრობდით გადახდას.

როგორ მიხვდეთ, რომ შეთავაზება თაღლითურია?

კარგად შეისწავლეთ შეთავაზება და დააკვირდით:

  • რამდენად დამაჯერებელია ის და ძვირადღირებულ ნივთს მარტივი ქმედების, მაგალითად, შემოთავაზებულ ბმულზე გადასვლის სანაცვლოდ ხომ არ გთავაზობთ; 
  • ხომ არ მოითხოვს თქვენგან სასწრაფო ქმედებას;
  • ხომ არ არის ტექსტში გრამატიკული და სტილისტური შეცდომები ან სულაც უცხოური საიტიდან ავტომატურ ნათარგმნს ხომ არ ჰგავს;
  • ხომ არ გთხოვთ ბარათის მონაცემების შეყვანას რაიმე გვერდზე (და არა სპეციალურ გადახდის სისტემაში, რომელიც მხარდაჭერილია VISA და MasterCard-ის მიერ, რომლის მისამართიც იწყება https://-ით და მისამართის ველში ჩანს ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო).

გასაყიდი ნივთის გაგზავნა ფოსტით

ფოსტით-გაგზავნა
თუ კი ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ან ფეისბუქ ჯგუფებში განთავსებული გაქვთ გასაყიდი ნივთი, შესაძლებელია დაგიკავშირდნენ კერძო პირები, ხშირად WhatsApp-ის ან Viber-ის საშუალებით და გთხოვონ ნივთის სხვა ქალაქში გაგზავნა ფოსტით, გაგზავნის საფასურის გადახდა კი საკუთარ თავზე აიღონ.

როგორ ახერხებს ამ დროს თაღლითი თქვენი თანხის მითვისებას?

„მყიდველი“ გწერთ, რომ თქვენი ნივთის და ასევე მისი გაგზავნის საფასური უკვე გადაიხადა, მაგალითად, რომელიმე საფოსტო მომსახურების ვებგვერდზე. გიგზავნით ბმულს, რომელსაც გაყალბებულ ვებგვერდზე გადაყავხართ და ის, როგორც წინა შემთხვევაში, საფოსტო კომპანიის ვებგვერდთან მიმსგავსებული ყალბი გვერდია. „მყიდველი“ გწერთ, რომ ნივთის მონაცემები უკვე შევსებულია და თქვენთვის თანხის გადმოსარიცხად დარჩა თქვენი ბარათის მონაცემებისა და მობილურზე მოსული კოდის შეყვანა. სავარაუდოდ, ის დაგარწმუნებთ, რომ თანხა მომენტალურად ჩაგერიცხებათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვა საფოსტო კურიერი თქვენთან ნივთის წამოსაღებად.

ცხადია, ბარათის მონაცემების მითითებით და მობილურზე მოსული კოდის შეყვანით, რომელიც თქვენი ტრანზაქციის დადასტურებაა, თანხას კი ვერ მიიღებთ, პირიქით, თაღლითს საშუალებას აძლევთ თქვენი ბარათიდან ჩამოჭრას თანხა.

როგორ მიხვდეთ, რომ ასეთი გარიგება თაღლითურია?

  • ამგვარ სქემებში, თაღლითი ხშირად ითხოვს ნივთის გაგზავნას სხვა ქალაქში და ყველა დამატებითი ხარჯის თავად მოგვარებას გპირდებათ;
  • თანხის გადახდის მეთოდს თავად გთავაზობთ და არ თანხმდება თქვენ მიერ შეთავაზებულს - მაგალითად, თანხის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშის ნომერზე;
  • ითხოვს თქვენს ბარათზე დატანილი ინფორმაციის გამჟღავნებას - ბარათის ნომრის, მოქმედების ვადისა და უსაფრთხოების კოდის, ასევე მობილურზე მოსული SMS კოდის, რაც რეალურად, თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო არ არის. თანხის ჩასარიცხად სრულიად საკმარისია, მაგალითად, თქვენი, როგორც  მიმღების ანგარიშის IBAN ნომრის ცოდნა.

მანქანის გაყიდვისას ბარათის მონაცემების გაგზავნა

მანქანის-გაყიდვა
ეს სქემაც წინა სქემის მსგავსია: გასაყიდი ავტომობილების მფლობელებს თაღლითები WhatsApp-ით, Viber-ით, ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და ავტომობილის ღირებულების მთლიანი თანხის ან ნაწილის (ე.წ. „ბე“-ს) ავანსად ჩარიცხვას სთავაზობენ. ამისთვის კი საბანკო ბარათისთვის ფოტოს გადაღებასა და მობილურზე მოსული კოდის გაგზავნას ითხოვენ, თითქოსდა იმ მიზეზით, რომ გამყიდველის მიერ შეთავაზებული გადახდის ფორმით თანხის ჩარიცხვას ვერ ახერხებენ და ბარათის მონაცემები სჭირდებათ, რათა თანხა ბარათზე ჩარიცხონ.

გახსოვდეთ, რომ ბარათზე დატანილი მონაცემები და მობილურზე მოსული ერთჯერადი კოდი წარმოადგენს სენსიტიურ ინფორმაციას და მისი გაზიარება სხვებისთვის დაუშვებელია!

მანქანის შეძენისას თანხის გადარიცხვა გზავნილით

მანქანის-ყიდვა
ეს სქემა არცთუ ისე შორეულ წარსულში იყო პოპულარული და შესაძლოა დღესაც შეგხვდეთ. გასაყიდი მანქანის ძიებაში შესაძლოა, წააწყდეთ განცხადებებს, რომელთა ავტორიც მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას გპირდებათ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო გზავნილით დაუდასტურებთ, რომ თანხის ნახევარი ან გარკვეული ნაწილი მაინც გაქვთ.

როგორ მუშაობს ეს თაღლითური სქემა?

„გამყიდველი“ გთხოვთ, თანხის გარკვეული ნაწილი საერთაშორისო გზავნილის მეშვეობით გადაუგზავნოთ თქვენსავე ახლობელს, რათა დაადასტუროთ, რომ ეს თანხა ნამდვილად გაქვთ. გთხოვთ, გზავნილისთვის სურათის გადაღებას, სადაც შესაძლოა წაშალოთ გზავნილის კოდი (რომლის მეშვეობითაც თანხის განაღდებაა შესაძლებელი), თუმცა „გამყიდველისთვის“ ცნობილია თანხის ოდენობა, გამგზავნის (ანუ თქვენი) სახელი და გვარი და გაგზავნის ქვეყანა (ამ ყველაფერს ის თქვენთან კომუნიკაციის დროსაც იგებს). რაც მას სჭირდება, გზავნილის კოდია, მის გაგებას კი შემდეგნაირად შეეცდება: გამოგიგზავნით ბმულს, სადაც გზავნილის კოდი უნდა შეიყვანოთ, თითქოსდა იმ მიზნით, რომ შეამოწმოთ „დაჯდა“ თუ არა გზავნილის თანხა მიმღების სახელზე. ამ ბმულზე კი სინამდვილეში თაღლითის მიერ შექმნილი ფიშინგური ვებგვერდია, რომელზეც შეყვანილი ნებისმიერი მონაცემი პირდაპირ თაღლითის ხელში ხვდება. შედეგად, „გამყიდველს“ უკვე აქვს გზავნილის განაღდებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მისი განაღდება ანუ მსხვერპლის თანხის მითვისება რიგ შემთხვევაში, ინტერნეტბანკითაც კი შეუძლია.

როგორ მიხვდეთ, რომ ასეთი გარიგება თაღლითურია?

  • ამგვარ სქემაში „გამყიდველი“ თანხის არსებობაში დასარწმუნებლად ითხოვს მის გადარიცხვას, მაგალითად გზავნილის საშუალებით და არა მაგალითად ცნობას ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
  • თავად გამისამართებთ ბმულზე, სადაც კონფიდენციალური ინფორმაციის შეყვანას ითხოვს;
  • ნივთი, რომელსაც „გამყიდველი“ გთავაზობთ, შესაძლებელია იყოს საბაზროზე უკეთეს ფასად.

სესხის დამტკიცება უცხოური კომპანიისგან

სესხი-შემოსავლის-გარეშე
ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა სქემები, როცა უცხოური ორგანიზაციები, შესაძლოა უცხოური ბანკის სახელითაც, მომხმარებლებს სესხის მიღებას სთავაზობენ. სესხის თანხის გადმორიცხვამდე კი გარკვეული თანხის გადარიცხვას სთხოვენ საკომისიოს სახით. მეტი დამაჯერებლობისთვის, შესაძლოა მოგწერონ ბანკის ვებგვერდი, გამოაგზავნონ „ხელშეკრულება“, თუმცა მომხმარებლისთვის ძნელი გასარკვევია, მას ნამდვილად ამ ვებგვერდის მფლობელი ბანკი ესაუბრება თუ არა. მიმოწერა შეიძლება იყოს უცხოური ნომრიდან, WhatsApp, ან Viber-ის საშუალებით.  

აღსანიშნავია, რომ კომპანია სესხის მისაღებად თქვენგან არც შემოსავლების დადასტურებას ითხოვს და არც თქვენი საკრედიტო ისტორია აინტერესებს. ერთადერთი, რასაც თქვენგან ითხოვს, მხოლოდ საკომისიოს გადარიცხვაა. თანაც, ის შეიძლება არც თუ ისე პატარა თანხა იყოს. ასეთი კომპანიები არ არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, და ხშირად, მათი რეპუტაცია საეჭვო ან გაურკვეველია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ თქვენი თანხების მითვისების რისკი.

როგორ მიხვდეთ, რომ ასეთი გარიგება თაღლითურია?

  • „გამსესხებლისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი თქვენი გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ისტორია;
  • კომპანია არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან/და საკრედიტო კავშირი, რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და სესხის გამცემი სუბიექტი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებული ფინანსური ორგანიზაციების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე:

შეგიძლიათ, ასევე, მიმართოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელი ხაზის: (032) 2 406 406 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: cp@nbg.gov.ge.

ინტერნეტ-თაღლითობა

ზემოთ ჩამოთვლილი სქემები თაღლითობის მხოლოდ რამდენიმე გავრცელებული მაგალითია. თაღლითები ყოვედღიურად ხვეწენ თავიანთ მეთოდებს და სხვადასხვა გზებით ეცდებიან თქვენი თანხის ხელში ჩაგდებას. შესაბამისად, ყურადღებით იყავით ნებისმიერ გარიგებასა თუ შეთავაზებასთან:

  • გადაამოწმეთ, ვისი სახელით ვრცელდება შეთავაზება, ხომ არ არის ეს ნამდვილი კომპანიის გაყალბებული ვებგვერდი, ან ყალბი გვერდი სოციალურ ქსელში;
  • არასოდეს გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, მფლობელის სახელი და გვარი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების CVV/CVC კოდი) და მობილურზე მოსული ერთჯერადი კოდი მესამე პირებს;
  • ერიდეთ ასეთ შეთავაზებებში მოცემულ ბმულებზე გადასვლას და მასში პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შეყვანას.

 

მაღალსარგებლიანი დაბანდება ტექნიკურ დახმარებასთან ერთად

თუ თქვენთვის საინტერესოა მაღალსარგებლიანი ვირტუალური დაბანდებები, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მცირე დანაზოგის ამ ტიპის აქტივებში მიმართვა არც ისე სარისკოა და ცდად ღირს, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება შესაძლო თაღლითობის ამ სქემაზე უნდა გაამახვილოთ.

 

როგორ ახერხებს თაღლითი მომხმარებლის თანხების მითვისებას?

 

ამ სქემაში პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება მიმზიდველი შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით იწყება - სარეკლამო რგოლები, სოციალურ არხებითა თუ სხვა პირადი შეთავაზებების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი მოგების დაპირებას იძლევიან. დაბანდება ხშირად ვირტუალური აქტივის (მაგალითად ე.წ. კრიპტო-ვალუტის) შეძენასა და, იმავდროულად, ტექნიკურ დახმარების შეთავაზებასაც მოიცავენ.  

დაინტერესებული მომხმარებლების გამოჩენის შემთხვევაში თაღლითები, პირველ ეტაპზე, მისი ნდობის მოპოვებაზე იწყებენ მუშაობას. ამ მიზნით კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგალითად, მომხმარებელს პერიოდულად მცირე „სარგებელს“ ურიცხავენ, სხვადასხვა  მხარდაჭერას უწევენ და ა.შ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ნდობა მოპოვებულია, თაღლითები თანხის დაბანდებაში ტექნიკური დახმარების შეთავაზებაზე გადადიან. 

მეტა_აღწერა_აქ

რამდენადაც თანხის დაბანდება ვირტუალურად ხდება, ამდენად, ტექნიკური საჭიროებაც შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, მაგალითად, სპეციალური აპლიკაციიის (პლატფორმის, ბირჟის და სხვა) ინსტალაცია, განახლება და სხვა. ზემოხსენებული „დახმარების“ გასაწევად მომხმარებლისათვის ხდება ისეთი აპლიკაციებისა თუ პროგრამების (მაგ., „anydesk“, „TeamViewer” და ა.შ.) ჩაწერის შეთავაზება, რომლებიც მომხმარებლის მოწყობილობაში (ლეპტოპი, მობილური ტელეფონი) დისტანციურად შემოსვლის საშუალებას მისცემთ. ასეთი პროგრამები მომხმარებლის ეკრანზე ნაჩვენებ გამოსახულებას გადასცემენ სხვა პირების (ამ შემთხვევაში, თაღლითების) მოწყობილობებს და შედეგად, ორივე მათგანი ერთსა და იმავე, მომხმარებლის ეკრანზე არსებულ, გამოსახულებას ხედავს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხედვისა, დამატებით, შესაძლებელი ხდება მოწყობილობაზე ქმედებების შესრულებაც. 

მომხმარებელი თაღლითის მითითებას - შევიდეს მობილბანკსა თუ ინტერნეტბანკში, რათა გადარიცხოს დასაბანდებელი თანხა, „დამხმარემ“ აუხსნას საინვესტიციო პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა და ვიზუალურად აჩვენოს, და ა.შ. - ემორჩილება, რადგან ამას დახმარების ნაწილად აღიქვამს. თუმცა, ვერ ითვალისწინებს, რომ როგორც კი გახსნის საბანკო აპლიკაციას, თაღლითსაც ავტომატურად ეძლევა მომხმარებლის ანგარიშებზე წვდომა თუ სხვა, დამატებით ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა (მაგალითად, მომხმარებლის სახელზე სესხის აღება ან მისი ანაბრის დარღვევა), საბოლოოდ კი თანხების სხვა პირების ანგარიშზე გადარიცხვის ან/და ე.წ. კრიპტო-ვალუტის შეძენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ოპერაციების დასტურად საბანკო აპლიკაციები, დამატებით დასტურს ითხოვენ, არც მათი მოპოვება ხდება რთული, რადგან თაღლითებს მოწყობილობებზე წვდომიდან გამომდინარე წვდომა, ასევე, აქვთ მომხმარებელთან მოსულ SMS შეტყობინებებზეც.

 

როგორ მივხვდეთ, რომ შეთავაზება თაღლითურია?

 

  • დააკვირდით შემოთავაზებას - გახსოვდეთ, მაღალი ან განსაკუთრებული სარგებლის მიღების შესაძლებლობა უკვე საეჭვოა და სკეპტიკურად შეხედეთ ყველა ამგვარ შესაძლებლობას. 
  • ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გაარკვიეთ, ვისგანაა ეს შემოთავაზება, არის თუ არა ის ლიცენზირებული ორგანიზაცია, მოიპოვება თუ არა მათზე ინფორმაცია ოფიციალურ და სანდო წყაროებში; (საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.)
  • ყურადღებით დააკვირდით, პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ჩაწერასაც გთხოვენ, მობილური ტელეფონიდან ფუნქციისთვის შეუსაბამო წვდომის უფლებებს ხომ არ ითხოვს;
  • თუ უცხო პირი სპეციალური პროგრამების საშუალებით (მაგალითად „Anydesk“, “TeamViewer”) თქვენს მობილური ტელეფონსა თუ ლეპტოპზე შემოსვლის ნებართვას გთხოვთ, უნდა გახსოვდეთ, რომ რეალურად ეს ნებართვა ამავე მოწყობილობაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე (SMS-ები, სურათები, მიმოწერები და ა.შ) წვდომასაც მოიცავს და იმავდროულად, ნებისმიერ სხვა, მათ შორის, ფულთან დაკავშირებულ ქმედებას, რასაც თავად გააკეთებდით ამ მოწყობილობის საშუალებით (მაგ. მობილბანკში შესვლა და ტრანზაქციები, სხვა პირად კონტაქტებთან დაკავშირება და თანხის მოთხოვნა).