კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის ინვესტირება?

ინვესტირება ნიშნავს ფულადი სახსრების განთავსებას ისეთ აქტივებში, რომლებსაც გააჩნიაგრძელვადიანი ზრდის პოტენციალი და შესაძლებლობა, გადააჭარბონ ინფლაციას (ინვესტირებული კაპიტალი შედარებით მეტად გაიზარდოს, ვიდრე ფასები იზრდება). 

რა ფორმით შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური სარგებელი ინვესტირებისას?

ინვესტირებისას ფინანსური სარგებელი შესაძლოა მიიღოთ 2 ძირითადი ფორმით:

  • შეძენილი აქტივის ფასი დროთა განმავლობაში ზრდით ან/და 
  • პერიოდული შემოსავლით (საპროცენტო შემოსავალი, დივიდენდი, იჯარა და ა.შ.).

რაც უფრო დიდი პერიოდი გაქვთ ინვესტირებისთვის, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით მეტი დოვლათის დაგროვების შესაძლებლობა გექნებათ. ასეთ შემთხვევაში დრო თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. უპირატესობა, რასაც დრო გაძლევთ, ფინანსური ტერმინოლოგიით "რთული პროცენტის მეთოდში" მდგომარეობს (compounding interest), როდესაც ყოველ მომდევნო პერიოდში სარგებელი ერიცხება როგორც ჩადებულ საწყის თანხას, ასევე წინა პერიოდში მიღებულ სარგებელსაც.

დავუშვათ, გაწიეთ 1,000 ლარის (შემდგომში ₾) ინვესტიცია, რომელიც წელიწადში 10%-ს გამოიმუშავებს (ანუ პირველი წლის ბოლოს მიიღებთ 100 ლარის მოგებას). ახლა უკვე გექნებათ 1,100 ₾. მეორე წელს, თუ იგივე 10%-ს გამოიმუშავებთ, წლის ბოლოს სარგებელი დაერიცხება უკვე 1,100 ₾-ს და წლის ბოლოს გექნებათ 1,210 ₾ (ანუ თუ პირველ წელს სარგებელი იყო 100 ₾, მეორე წელს სარგებელი შეადგენს 110). აღნიშნული ეფექტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იძლევა ინვესტიციის რამოდენიმე ჯერადად გაზრდის შესაძლებლობას. აღნიშნულ მაგალითს რომ გავყვეთ, მიღებული სარგებელი და დაგროვილი დოვლათი წლების მიხედვით იქნება შემდგეგი:

დაგროვილი თანხა 1-ლი წლის ბოლოს: ₾1,000 x (1+10%)¹ = ₾1,100

დაგროვილი თანხა მე-2 წლის ბოლოს: ₾1,210

დაგროვილი თანხა მე-10 წლის ბოლოს: ₾2,593

დაგროვილი თანხა 30-ე წლის ბოლოს: ₾17,449. 

აღნიშნული მაგალითიდან კარგად ჩანს თუ რა დიდი გავლენა აქვს დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტირების ადრე დაწყება. თუნდაც უმნიშვნელო თანხამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი  სარგებელი მოგიტანოთ გრძელ ვადაში - მხოლოდ ერთჯერადად შეტანილი 1,000 ₾, წლიური 10%-იანი სარგებლით, შესაძლებლობას გაძლევთ 30 წელიწადში მიიღოთ 17.5-ჯერ მეტი თანხა.

ინვესტირებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პოტენციურად მაღალ სარგებელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკებიც  - განსხვავებით დაზღვეული საბანკო   დეპოზიტისგან, რომელიც ვადის ბოლოს აბრუნებს კონტრაქტით წინასწარ განსაზღვრულ თანხას, აქციების ან სხვა აქტივების ფასი შესაძლოა შემცირდეს. ინვესტირების პროცესში აუცილებელია კარგად შეაფასოთ რისკები, გაეცნოთ კონკრეტული აქტივების მახასიათებლებს და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ინვესტირება და მისი უკუგება გრძელვადიანი პროცესია, რომლის დროსაც დოვლათი ეტაპობრივად იზრდება.

რატომ არის ინვესტიციები მნიშვნელოვანი?

თითოეულ ადამიანს აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ფინანსებთან – იქნება ეს ბინის შეძენა, განათლების მიღება, მოგზაურობა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება თუ უზრუნველი ცხოვრება პენსიაზე გასვლისას. ამ მიზნების მისაღწევად, ხშირად, მხოლოდ დაზოგვა (ბანკის მიმდინარე ანგარიშზე, ვადიან ანაბარზე ან ყულაბაში თანხის დაგროვება) საკმარისი არ არის. რატომ? დროთა განმავლობაში, მიზნებთან დაკავშირებულ მომსახურებასა თუ პროდუქტებზე ფასები იზრდება (ინფლაცია) და ამის გამო, თქვენი დანაზოგის მსყიდველუნარიანობა შესაძლოა საკმარისად არ გაიზარდოს ან შემცირდეს კიდეც. ინვესტირება კი გეხმარებათ საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში, როდესაც „ფული ჩვენ მაგივრად და ჩვენთვის მუშაობს“ და გამოიმუშავებს დამატებით ფულს.