რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინვესტირების დასაწყებად:
მიზნების განსაზღვრა
პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ გჭირდებათ ინვესტირება. რა მიზნების შესრულებას უნდა მოემსახუროს ინვესტირებული თანხები? ჩამოწერეთ მიზნები, რომელთა მიღწევისთვისაც გჭირდებათ ფულადი სახსრები. ეს შეიძლება იყოს მანქანის შეძენა, შვილების სწავლის გადასახადი, ბინის შეძენა, პენსიაზე გასვლისას უზრუნველი ცხოვრება და სხვა მრავალი. მნიშვნელოვანია, რომ მიზნების ჩამოწერისას, ისინი გამოსახოთ თანხებში. რაც უფრო მკაფიოდ გაწერთ მიზნებს, მით უფრო სწორად შეადგენთ თქვენს საინვესტიციო გეგმას (სტრატეგიას).
მიზნების დროში გაწერა და რისკის ტოლერანტობის განსაზღვრა
მიზნების განსაზღვრისას, აუცილებელია, რომ თითოეული მიზნისთვის განსაზღვროთ შესაბამისი დრო, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გსურთ აღნიშნული მიზნისთვის საჭირო ფულადი რესურსების მოგროვება. ამავე დროს, უნდა შეაფასოთ რამდენად მაღალი ან დაბალია რისკისადმი თქვენი ტოლერანტობა. რისკისადმი ტოლერანტობის შეფასება გულისხმობს სწორად განსაზღვროთ თუ რამდენად ხართ მზად მოკლე ვადაში ფულის დაკარგვისათვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეძენილი აქტივების ფასის მერყეობით.
მიზნების პრიორიტეტებად დალაგება
როდესაც რამდენიმე მიზანი გაქვთ, მნიშვნელოვანია, პრიორიტეტების თანმიმდევრულად დალაგება და ზოგჯერ არჩევანის გაკეთებაც კი. დავუშვათ, რომ გაქვთ ორი მიზანი: 20 წელიწადში აგარაკის შეძენა, ხოლო 3 წელიწადში შვილის მაგისტრატურისთვის სწავლის საფასურის გადახდა. ამ პირობებში, დიდი ალბათობით, პრიორიტეტული შვილის სწავლა-განათლებაა, ასევე მოკლე პერიოდი გაქვთ და ამ მიზნის რისკისადმი ტოლერანტობაც შედარებით დაბალი გექნებათ. ეს არ ნიშნავს, რომ აგარაკისთვის ფულს არ გადადებთ, უბრალოდ ყოველთვიურად გადასადებ თანხაში მეტ წილს მიანიჭებთ მეტად პრიორიტეტულ მიზანს. პრიორიტეტების დალაგება გეხმარებათ, სწორად განვსაზღვროთ, რა პროპორციულობით უნდა გაანაწილოთ თქვენი პერიოდული შემოსავლები (ყოველთვიური) სხვადასხვა მიზნებს შორის და რა აქტივებში დააბანდოთ.
ინვესტიციების სწორად შერჩევა
მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ მიზნებს, განსაზღვრეთ თითოეული მიზნისადმი რა მოცულობის რისკის აღება შეგიძლიათ (რისკისადმი ტოლერანტობა) და დაალაგეთ ისინი პრიორიტეტულობის მიხედვით, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი, თუ რომელ აქტივებში ინვესტირებით შეძლებთ დასახული ფინანსური მიზნების მიღწევას. სწორედ ამ ეტაპზე გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენს თითოეული აქტივი, იქნება ეს აქციები, ობლიგაციები, სადეპოზიტო სერთიფიკატები თუ სხვა. რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია თითოეულ მათგანს. ყველაზე ზოგადი მიდგომით, გრძელვადიანი მიზნებისთვის არჩევენ უფრო რისკიან აქტივებს - აქციებს და აქციებისგან შემდგარ ფონდებს (Equity mutual funds, ETF და ა.შ.), მოკლევადიანი მიზნებისთვის ყველაზე ნაკლებ-რისკიან აქტივებს - საბანკო დეპოზიტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახაზინო ობლიგაციების ფონდები (Treasury ETFs), ხოლო საშუალო ვადიანობის მიზნებისთვის, ამ აქტივების ნაზავს სხვადასხვა პროპორციით. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ აქციებში ინვესტირებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია, მთლიანი კაპიტალის ერთი ან რამდენიმე კომპანიის აქციებში ინვესტირებით თქვენ საგრძნობლად მაღალ რისკს იღებთ საკუთარ თავზე. ამიტომ, მიზანშეწონილი და გაცილებით მარტივია (განსაკუთრებით დამწყებთათვის) ფონდებში (განსაკუთრებით ETF-ებში) ინვესტირება. ამ მიდგომის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი სახსრები დივერსიფიცირებული იყოს ეკონომიკური სექტორების, აქტივების ტიპების მიხედვით, რითაც რისკებსაც დააბალანსებთ.