ამ სტატიაში გთავაზობთ მოკლე რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ სესხითა თუ სხვა ფინანსური პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და დაიცვათ ფინანსური უსაფრთხოება.
სესხის დაფარვის რიგითობის არჩევისას გაარკვიეთ, რომელ არხში უნდა დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა
რამდენიმე ვადამოსული ვალდებულების არსებობისას, როცა თქვენ მიერ შეტანილი თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვალდებულების დასაფარად, თქვენ უფლება გაქვთ, გადახდამდე აირჩიოთ რომელი ვალდებულების დაფარვა გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ არჩევანის გაკეთებისთვის, თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის შესაძლოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტული არხი (მაგალითად, ფინანსური ორგანიზაციის ფილიალი). შესაბამისად, თუ გსურთ ასეთი არჩევანის გაკეთება, აუცილებლად დააზუსტეთ, სად შეძლებთ თქვენი სურვილის შესახებ განაცხადის გაკეთებას. ხოლო, როცა ამგვარ არჩევანს გააკეთებთ, აუცილებლად მოითხოვეთ განაცხადის მიღების შესაბამისი დასტურიც.
წინსწრებით სესხის დაფარვისას შესაბამისი ფორმა გამოიყენეთ
სესხის წინსწრებით დაფარვის დროს აუცილებლად მოითხოვეთ აღნიშნულის რამე ფორმით დაფიქსირება. მაგალითად, თუ სესხის დაფარვას ფინანსური ორგანიზაციის სერვის-ცენტრში ითხოვთ, მოითხოვეთ წერილობითი განაცხადი, რათა მოგვიანებით შეძლოთ ამ მოთხოვნის არსებობის დადასტურებაც. გახსოვდეთ, მხოლოდ ანგარიშზე თანხის შეტანა არ არის საკმარისი სესხის წინსწრებით დასაფარად. ფინანსური ორგანიზაცია თქვენი მოთხოვნის გარეშე ანგარიშზე დადებული თანხით სესხს ვადაზე ადრე არ დაგიფარავთ, თუ ამისთვის რამე სპეციალური მიზეზი არ გააჩნია.
იზრუნეთ საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე
იზრუნეთ საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე - დროულად დაფარეთ ვალდებულებები. გახსოვდეთ, კარგი საკრედიტო ისტორია მომავალში უფრო მარტივი და ხელსაყრელი პირობებით სესხების ერთ-ერთი წინაპირობაა.
შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია
გარკვეული პერიოდულობით შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში მოცემული მონაცემები ზუსტია. გაითვალისწინეთ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში 3-ჯერ დამატებითი საფასურის გარეშე მოგემსახუროთ და გაგაცნოთ თქვენ შესახებ არსებული ჩანაწერები.
პრეტენზიის დაფიქსირებისას მოითხოვეთ მისი მიღების დამადასტურებელი ინფორმაცია
პრეტენზიის დაფიქსირებისას მოითხოვეთ მისი მიღების დამადასტურებელი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება, მაგალითად, პრეტენზიის განცხადების ასლი შესაბამისი მითითებით, რომ ის ჩაბარებულია, ან თქვენი პრეტენზიისთვის მინიჭებული ნომერი. ეს დაგეხმარებათ მოგვიანებით მოიკითხოთ ამ პრეტენზიის განხილვის მიმდინარე სტატუსი.
პროდუქტის გაუქმებისას მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განაცხადს ნუ დასჯერდებით
ანგარიშის დახურვისას და ან რომელიმე პროდუქტის გაუქმებისას მოითხოვეთ აღნიშნულის წერილობით/ელექტრონულად დაფიქსირება და შემდეგ დასტურის მიღება.
გაუფრთხილდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს
გაიგეთ მეტი პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვასთან დაკავშირებულ რისკებზე.
გაითვალისწინეთ ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი წესები
ფინანსური უსაფრთხოების ზომების დაცვა გულისხმობს: თქვენთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი (სენსიტიური) ინფორმაციის დაცვას მესამე პირებისგან; უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, ინტერნეტით და ბარათით სარგებლობისას და თქვენი მოწყობილობების - მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და ა.შ - უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. გაიგეთ მეტი - აქ.
ყურადღებით იყავით ვალუტის გადაცვლისას
ვალუტისვალუტის გადაცვლის/კონვერტაციის დროს ყურადღება მიაქციეთ გამოქვეყნებულ კურსებს. ამასთან, დაინტერესით, გექნებათ თუ არა დამატებით გადასახდელი მომსახურების საკომისიოც. ეს ინფორმაცია ტრანზაქციის შესრულებამდე კიდევ ერთხელ დააზუსტეთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელთან. მოითხოვეთ ტრანზაქციასთან დაკავშირებული ქვითარიც. გაითვალისწინეთ, ვალუტის გაცვლითი ოპერაციის განხორციელებიდან ნახევარ საათში, თუ თანხა 5,000 ლარს არ აღემატება, თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ ტრანზაქცია. თუმცა, ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ქვითრის წარდგენაც.
ყურადღებით იყავით გზავნილის განხორციელებისას
ფულადი გზავნილის განხორციელებისას, არ გაუზიაროთ გზავნილის ქვითარი, კოდი და სხვა მონაცემები მესამე პირებს.
ყურადღებით იყავით თანხების ინვესტირებისას
თანხების ინვესტირებისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. გაითვალისწინეთ, რომ დეპოზიტის გახსნის უფლება აქვს მხოლოდ კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, ამასთან ამ უკანასკნელს მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის. არავის ანდოთ თქვენი ფინანსები სანამ არ დარწმუნდებით აღნიშნული ორგანიზაციის სანდოობასა და გადახდისუნარიანობაში. გაეცანით თავისებურებებსა და რისკებს. თუ ფიქრობთ, რომ შემოთავაზება თქვენთვის ხელსაყრელია და მოგებაც საკმაოდ შთამბეჭდავია, გაითვალისწინეთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მაღალი სარგებელი მაღალ რისკსაც უკავშირდება და თუ რისკზე წასვლას გადაწყვეტთ, გარისკეთ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს. ასევე, თავი შეიკავეთ ინვესტირებისგან ნასესხები თანხით.
გადაამოწმეთ ინფორმაცია ორგანიზაციასთან დაკავშირებით
ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობის დაწყებამდე გადაამოწმეთ მისი მონაცემები, რეპუტაცია, გამოხმაურებები და, მათ შორის, არის თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი, ხოლო, ასეთ შემთხვევაში, რა სახის რეგულაცია ვრცელდება მასზე.
თქვენს უფლებებზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზეც (032) 2 406 406.
თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე
თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე ამ ხელშეკრულების დადებიდან ან მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, კერძოდ, ეს უფლება არ ვრცელდება ისეთი საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაზე, რომლის ფასსაც განსაზღვრავს ფინანსურ ბაზარზე განხორციელებული ცვლილებები და არ არის დამოკიდებული ფინანსურ ორგანიზაციაზე, მაგალითად, ასეთია კონვერტაციის ოპერაციები. ასევე, ისეთ ხელშეკრულებაზე, რომლის პირობებიც თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე 14 დღიანი ვადის ამოწურვამდე სრულად შესრულდა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ იყენებთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, ამის შესახებ ფინანსურ ორგანიზაციას უნდა აცნობოთ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ფორმით.
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების 14 დღიანი ვადა დაცულია, თუ ამ ვადაში აგზავნით შეტყობინებას ფინანსურ ორგანიზაციაში, იმის მიუხედავად, როდის მოხდება ამ შეტყობინების მიღება.
ამასთან, თქვენ უფლება გაქვთ, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე უარი თქვათ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე. მაგალითად, თუ თქვენ უარი თქვით საკრედიტო ბარათზე, რომლის სარგებლობისთვისაც შეიძინეთ შესაბამისი უმუშევრობის დაზღვევის პროდუქტი, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლება გაქვთ, უარი თქვათ, ასევე, ამ დაზღვევაზეც.
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მოგთხოვოთ ხარჯის ანაზღაურება გამოყენებული პერიოდისა და ხელშეკრულების შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების და პერიოდის პროპორციულად (მაგალითად, ანგარიშის მომსახურების საკომისიო იმ შესაბამისი პერიოდის გამოყენებისთვის რითიც ისარგებლეთ) და ასევე, იმ ხარჯის ანაზღაურება, რაც ფინანსური ორგანიზაციის მიერ გადახდილია/გადასახდელია მესამე პირებისთვის (მაგალითად, ბარათის დამზადების საკომისიო).
საყურადღებოა, რომ ფინანსური ორგანიზაცია ვერ მოგთხოვთ ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურებას, თუ ხელშეკრულებაში არ იქნება განსაზღვრული უარის თქმის უფლების შესახებ ინფორმაცია და უარის თქმასთან დაკავშირებული ვალდებულებები; ასევე, თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ამოწურვამდე დაიწყო ხელშეკრულების შესრულება თქვენი წინასწარი თანხმობის/მოთხოვნის გარეშე.
ამასთან, ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, გადასახდელი თანხების და/ან ქონების დასაბრუნებლად, დამატებით გაქვთ 30 კალენდარული დღე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ასევე, ფინანსურ ორგანიზაციასაც თავის მხრივ 30 დღიანი ვადა აქვს მისი ვალდებულების შესასრულებლად.
თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ საკრედიტო ხელშეკრულებებზე
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ როგორც დისტანციურად, ისე მატერიალურად გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელშეკრულების დადებიდან ან მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. ეს უფლება არ ვრცელდება 1,000,000 ლარის ზემოთ გაცემულ კრედიტებზე, ასევე, ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, გარდა სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებისა, დამატებით, გამონაკლისია საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხები და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთით/მოძრავი ქონებით, გარდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ძვირფასი ლითონებით ან/და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილი კრედიტებისა.
თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება, ის თუ რა პროცედურები იქნება საჭირო, ამის ნახვა შეგეძლებათ თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში, უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, ფინანსურ ორგანიზაციას უნდა გადაუხადოთ კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე ხელშეკრულების შესაბამისად, დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი. ფინანსურ ორგანიზაციას ასევე უფლება აქვს აიღოს ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების საფასური ან/და სანოტარო ხარჯი.
გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება გაქვთ 2024 წლის 1 ივლისიდან დადებულ ხელშეკრულებებზე, ასევე, ამ თარიღამდე დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანისას, რეფინანსირებისას ან რესტრუქტურიზაციისას ამ ცვლილების, რეფინანსირების ან რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე.
მსგავსი თემები
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- ბიზნესისთვის რელევანტური პროდუქტები და მომსახურებები
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითებისგან?
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ?
- სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?