დაზღვევის პროდუქტებთან დაკავშირებით ბევრ სპეციფიურ ტერმინს შეხვდებით. ამ გვერდზე თავმოყრილია იმ ძირითად ტერმინთა განმარტებები, რომლებიც ხშირად შეგხვდებათ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე არსებული შემოთავაზებების გაცნობისას.
- დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება მომხმარებლის პირადი ან ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ;
- მზღვეველი - სადაზღვევო ორგანიზაცია;
- დამზღვევი - პირი, რომელმაც შეიძინა დაზღვევა;
- დაზღვეული - პირი, რომელიც დაზღვეულია. დამზღვევი და დაზღვეული ერთი და იგივე პირია, თუ სხვა რამ არ არის მითითებული;
- მოსარგებლე – პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
- დაზღვევის აგენტი – პირი, რომელიც მზღვეველის სახელით სთავაზობს მომხმარებლებს დაზღვევას;
- სადაზღვევო ბროკერი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. მოიძიებს დაინტერესებული პირზე მორგებულ სადაზღვევო პირობებს და ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში;
- დაზღვევის ობიექტი – ქონებრივი ან პირადი ინტერესი, რომლის დაზღვევაც ხორციელდება;
- სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;
- სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადაზღვევო პოლისში მიეთითება დაზღვევის კონკრეტული მონაცემები (დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო თანხა პრემია და სხვა.);
- სადაზღვევო პრემია - თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
- სადაზღვევო თანხა - თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაუხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
- სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რისთვისაც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას მზღვეველი დაზღვეულს აუნაზღაურებს დამდგარ ზიანს;
- სადაზღვევო ანაზღაურება – თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად;
- ფრანშიზა – თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს;
- უპირობო ფრანშიზა - თანხა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ ოდენობას თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას თუ ზიანი ფრანშიზის ოდენობაზე ნაკლებია;
- პირობითი ფრანშიზა - თანხა, რომლის ფარგლებშიც დამდგარი ზიანი თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს არ ანაზღაურდება, თუმცა, თუ ზიანმა გადააჭარბა პირობითი ფრანშიზის ოდენობას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სრულად.