მას შემდეგ, რაც მეწარმე გადაწყვეტს, რომ საქმიანობისთვის სჭირდება სესხი და ამ მიზნით მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტს, სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტი მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას ბიზნესის შესახებ, რათა შეძლოს მისი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
თუ მეწარმე ახლა იწყებს ბიზნეს-საქმიანობას, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად. მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობისა და დაბეგვრის ფორმა განსხვავდება მისი სტატუსიდან გამომდინარე. სტატუსის შესარჩევად მნიშვნელოვანია მეწარმემ გაითვალისწინოს ბიზნესის ტიპი და მასშტაბი (ბრუნვა, დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ.) მეწარმეს შეუძლია საქმიანობის შესაბამისად აირჩიოს ინდივიდუალური ბიზნესფორმა (ინდივიდუალური მეწარმე სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით: მიკრო, მცირე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი) ან ჯგუფური ბიზნესის ფორმებიდან ერთ-ერთი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი და სხვ.). ეს ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით. ბიზნესსტატუსებსა და ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილია კანონში მეწარმეთა შესახებ (www.matsne.gov.ge) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge).
საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მარტივი პროცედურაა და ამისთვის ერთი დღეც საკმარისია - საჭიროა მხოლოდ მეწარმე სუბიექტის ფორმის განსაზღვრა. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (www.napr.gov.ge).
დარეგისტრირების შემდეგ მეწარმეს შეუძლია ფინანსურ ინსტიტუტს წარუდგინოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.