ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც ენიჭება.
საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს შორის 2016 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა პროექტს "ფინანსური განათლება ჯარში", რომელიც, ტრენერთა მომზადების გზით, თავდაცვის სისტემის წარმომადგენლებში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ფინანსური განათლების მიმართულებით სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.
პროექტის გახსნითი ღონისძიება, ისევე, როგორც პირველი ტრენინგი, დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სასწავლო ცენტრში გაიმართა. პროექტი, რომელშიც ჯამში 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს, მიზნად ისახავს შეიარაღებულ ძალებში ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გარშემო, რაც, საბოლოო ჯამში, პროქტის ბენეფიციართა და მათი ოჯახების ფინანსურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. მომდევნო ტრენინგები რამდენიმე ეტაპად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონული დირექტორი ანია დაინცერი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი. სტუმრებმა მიმოიხილეს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების პროგრამის მნიშვნელობა, ასევე, ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
"ფინანსურად განათლებული ადამიანები ინფორმირებული მომხმარებლები არიან, რომლებიც გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ამცირებს ფინანსურ რისკებს როგორც თავად მომხმარებლებისთვის, ისე მთლიანად ფინანსური სექტორისთვის. ფინანსური განათლების პროექტი ჯარში მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღონ ინფორმაცია და აიმაღლონ ცოდნა ისეთ საკვანძო ფინანსურ საკითხებში, როგორიცაა პირადი და ოჯახის ფინანსების მართვა, სესხება და დაზოგვა, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეებში ფინანსურად ჯანსაღი ქცევებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.