ბიზნესსესხი - ეს არის თანხა, რომელსაც განვითარების მიზნით ვალის სახით იღებს ბიზნესი. ბიზნესსესხის მიზნობრიობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება ან ძირითადი საშუალებების შეძენა/განახლება.
როგორც წესი, საბრუნავი საშუალებებისთვის მიზანშეწონილია მოკლევადიანი სესხის აღება.
რაც უფრო მოკლევადიანია სესხი, მით უფრო მაღალია მისი ყოველთვიური შენატანი, თუმცა მოკლევადიანი სესხისთვის, საბოლოოდ, მეწარმეს ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა უწევს პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხისთვის მოუწევდა.
საბრუნავი საშუალებების სესხით დაფინანსების დროს შესაძლებელია ამ საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნება, რადგან გადასახდელი თანხა შედარებით მცირეა, და მისი მობილიზება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ძირითად საშუალებებს - მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება, შედარებით დიდი მოცულობიდან გამომდინარე, უმჯობესია გრძელვადიან პერიოდში განხორციელდეს, და ამ მიზნისთვის მიზანშეწონილია გრძელვადიანი სესხის აღება.
საბრუნავი საშუალებები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ბიზნესის ერთ ციკლთან: კონკრეტული ნედლეულის შესყიდვიდან - პროდუქტის გაყიდვამდე. ეს ციკლი, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება - მაქსიმუმ, ერთი წელი. ამიტომ მეწარმეს აქვს საშუალება, აღნიშნული პროდუქტის შესაქმნელად დახარჯული თანხა დაიბრუნოს (ამოიღოს), საშუალოდ, ერთი წლის განმავლობაში ამ პროდუქტის გაყიდვის გზით, მაშინ, როცა გრძელვადიანი აქტივის, მაგალითად მანქანა-დანადგარის, შეძენა გათვლილია მის რამდენიმეწლიან მოხმარებაზე და მისი ღირებულების დაფარვაც ბიზნესის მიერ გამომუშავებული მოგების ხარჯზე უნდა მოხდეს.
მაგალითი: თქვენ ფლობთ წვენის საწარმოს და პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო არსებული რესურსით ვერ ასწრებთ ბაზრისთვის საჭირო რაოდენობის წვენის მიწოდებას. ამიტომ გადაწყვიტეთ შეიძინოთ ავტომატური ჩამომსხმელი ხაზი, რომლის ღირებულებაც 70 000 ლარია და ეს ჩამომსხმელი ხაზი ბიზნესს რამდენიმე წლის განმავლობაში მოემსახურება. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ სესხის აღების მიზნით მიმართოთ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. რადგან საწარმოო დანადგარი ბიზნესისთვის არის ძირითადი საშუალება და ის რამდენიმე წლის განმავლობაში მოგემსახურებათ, არ არის აუცილებელი, რომ მისი შეძენისთვის საჭირო თანხა იმავე წელს დაიბრუნოთ ბიზნესის შემოსავლიდან. ამ შემთხვევაში სესხის აღებისას უმჯობესია გათვლა უფრო გრძელ ვადაზე გქონდეთ.მაგრამ, თუ თქვენ არ ყიდულობთ ჩამომსხმელს, არამედ თანხა გჭირდებათ აქტიური სეზონისთვის მეტი წვენის საწარმოებლად ხილის მარაგის შესავსებად, უმჯობესია ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოთ მოკლევადიანი (1 წელზე ნაკლები) სესხისთვის. ამ შემთხვევაში ხილი წარმოადგენს საბრუნავ საშუალებას. მაგალითად, თუ თქვენი აქტიური სეზონი ზაფხულის 3 თვეა, ე. ი. ხილის მარაგი უნდა შეიძინოთ იმ რაოდენობის წვენის საწარმოებლად, რომელიც 3 თვის განმავლობაში დაგჭირდებათ; 3 თვის თავზე კი თქვენ სრულად უნდა შეძლოთ აღნიშნული მარაგის გახარჯვა, წვენის წარმოება - გაყიდვა და იმდენი შემოსავლის მიღება, რომელიც საკმარისი იქნება ხილისთვის აღებული სესხის თანხის დასაფარად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მოკლევადიანი სესხის აღება.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო)
- ფასიანი ქაღალდები
- სესხის თანხა და ვადა
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- რა შეკითხვები უნდა დასვათ ფინანსურ ორგანიზაციასთან
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- სხვა დაფინანსების წყაროები