სავალუტო რისკი საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი შემადგენელია. როგორც სხვა ფინანსური რისკი, იგი შეიძლება ვმართოთ ან თავიდან ავირიდოთ. ფინანსური რისკების მართვას შესაბამისი ცოდნა და რესურსი ჭირდება და ამით მხოლოდ სპეციალიზებული ფინანსური ინსტიტუტები (მაგალითად ჰეჯ-ფონდი) არიან დაკავებული. აღსანიშნავია, რომ არც კომერციული ბანკები არ იღებენ სავალუტო რისკებს, მათი აქტივები და ვალდებულებები ერთი და იგივე ვალუტით არის დენომინირებული. ამიტომ, მოსახლეობისა და ბიზნესისათვის რეკომენდირებულია სავალუტო რისკის თავიდან არიდება.
ვალუტების გაცვლითი კურსების მკვეთრი ცვალებადობის დროს ადამიანების ქცევა სხვადასხვაგვარია. ქცევის იდეალური ტაქტიკა არ არსებობს. თუმცა, გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ძირითადი რჩევა, რაც მოსალოდნელი ფინანსური რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ; ამასთან, კურსის ძლიერი რყევების პერიოდში ზოგიერთი ჩვენგანისთვის დამახასიათებელ არასასურველ ქცევებსაც გაგაცნობთ. ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მაგალითები, მსგავსი გარემოებების დადგომისას დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ისესხეთ იმ ვალუტაში, რომელშიც გაქვთ შემოსავლები
სესხის აღებისას, სავალუტო რისკის არიდების ყველაზე მარტივი საშუალებაა ე.წ „ბუნებრივი ჰეჯირება“ ანუ სესხის იმავე ვალუტით აღება, რომლითაც შემოსავლები გაქვთ. საქართველოს შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობისათვის ეს ნიშნავს, რომ სესხი უმჯობესია ლარით აიღოთ. თუკი შემოსავალს (დასაქმებულისთვის - ხელფასს, ბიზნესისთვის - სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ თანხას) იღებთ ლარით, მაშინ უმჯობესია სესხიც ლარით აიღოთ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, თუ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ გაუფასურდა, მაშინ ამ უცხოური ვალუტით აღებულ სესხზე საჭირო შენატანის გასაკეთებლად მეტი ლარის გადაცვლა იქნება საჭირო, რაც გაზრდის სესხზე გადასახდელ ლარში გამოხატულ თანხას და შეამცირებს თქვენი შემოსავლებიდან სხვა მიზნებისთვის გათვლილ წილს.
გრძელვადიანი იპოთეკური სესხის შემთხვევაში დამატებით გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების დროს, შეიძლება შემცირდეს შეძენილი უძრავი ქონების უცხოური ვალუტით გამოხატული ღირებულებაც და, საბოლოო ჯამში, უცხოური ვალუტის სესხის მოცულობამ შეიძლება გადააჭარბოს შეძენილი ქონების ღირებულებას. ამიტომ, იპოთეკური სესხის აღებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სესხი ლარით იყოს დენომინირებული.
დანაზოგების ვალუტა თქვენს მიზნებს მოარგეთ
როცა თანხას ზოგავთ (მაგალითად, ინახავთ საბანკო დეპოზიტებზე), უმჯობესია თანხა იმ ვალუტით შეინახოთ, რომელ ვალუტითაც სამომავლოდ მოგიწევთ ხარჯების გაწევა. მაგალითად, თუკი თანხას საქართველოში ხარჯების გასაწევად ზოგავთ, უმჯობესია, დანაზოგი ლარით გააკეთოთ. ხოლო თუ ახლო მომავალში კონკრეტულ ქვეყანაში განათლებისთვის ან სხვა მომსახურების შეძენას აპირებთ, უმჯობესია დანაზოგიც ამ ქვეყნის ვალუტით გააკეთოთ. თუ თქვენი მიზნები განსხვავებულია, დანაზოგებიც, შესაბამისად, სხვადასხვა ვალუტით განახორციელეთ.
მაგალითად, თუ თანხას შვილის სწავლის გადასახადისთვის აგროვებთ და ერთ წელიწადში 2,400 ლარის შეგროვებას ისახავთ მიზნად, ყოველთვიურად 200 ლარიანი დანაზოგის გაკეთება მოგიწევთ. ამასთან, თუ ამ თანხას საბანკო ანაბარზე დააგროვებთ, წლის ბლოს საპროცენტო სარგებელსაც მიიღებთ, რომელიც, როგორც წესი, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე დაწესებულ სარგებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ამისგან განსხვავებით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში დანაზოგს უცხოურ ვალუტაში დააგროვებთ, გარდა იმისა, რომ ვადის ბოლოს მისაღები საპროცენტო სარგებლის მოცულობა გაცილებით დაბალი იქნება, ერთი წლის შემდეგ უცხოურ ვალუტაში დაგროვებული თანხის ლარზე გადაცვლისას მიღებული თანხა, ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, თავიდან დასახულ მიზანზე (2,400 ლარზე) ნაკლები იყოს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიურად დანაზოგის გაკეთებისას უცხოური ვალუტის ყიდვა მოგიწევთ, რაც გაცვლითი კურსიდან გამომდინარე ყოველთვიურად განსხვავებულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რადგან ბანკების მხრიდან უცხოურ ვალუტასთან შედარებით ლარის რესურსზე მოთხოვნა უფრო მაღალია, საბაზრო განაკვეთთან შედარებით ლარის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალია, ვიდრე სავალუტო დეპოზიტზე.
საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად უმჯობესია ფულის ლარით დაზოგვა, რადგან უძრავი ქონების ფასი გრძელვადინ პერიოდში ლარით განისაზღვრება.
საჭიროებისამებრ, ისარგებლეთ რისკის დაზღვევის ფინანსური ინსტრუმენტებით
გაცვლითი კურსის რისკის დაზღვევის კიდევ ერთი გზა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაა (სავალუტო ფორვარდი, სვოპი ან ოფციონი). მაგალითად, შეგიძლიათ ბანკში ფორვარდული ხელშეკრულება გააფორმოთ, რაც განსაზღვრული თარიღისთვის გაცვლითი კურსის წინასარ დაფიქსირებას გულისხმობს. ამრიგად, თქვენ გაქვთ საშუალება წინასწარ ცნობილი კურსით მოახდინოთ მომავალში თანხის კონვერტაცია და ზუსტად გათვალოთ მომავალი ხარჯები ან შემოსავლები. ეს მეთოდი გარკვეულ ფინანსურ ცოდნას საჭიროებს, ამიტომ, როგორც წესი, მხოლოდ იურიდული პირების მიერ გამოიყენება. საქართველოში, სავალუტო რისკების დასაზღვევად ფინანსურ ინსტრუმენტებს ჯერ-ჯერობით აქტიურად მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია იყენებს, თუმცა ეს მეთოდი მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული.
როგორც ყველა დაზღვევას, სავალუტო რისკისგან დაზღვევასაც გააჩნია გარკვეული ხარჯი. კერძოდ, ფორვარდული გარიგებები მიმდინარე გაცვლით კურსთან შედარებით უფრო მაღალი კურსით იდება ან ეროვნული ვალუტის სესხს შედარებით უფრო მაღალი პროცენტი აქვს ვიდრე დოლარის ან ევროს სესხს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში სავალუტო რისკის დაზღვევის სარგებელი გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯი.
რა არ უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ სავალუტო რისკისაგან:
-
არ მიიღოთ გადაწყვეტილება გაცვლითი კურსის პროგნოზის საფუძველზე.
კურსის მიმდინარე მაჩვენებელში უკვე არის ასახული, როგორც ყველა მიმდინარე, ასევე ყველა მოსალოდნელი ეკონომიკური ფაქტორი. მაგალითად, თუ მოსალოდნელია მომავალში საექსპორტო შემოსავლების შემცირება, ეს ინფორმაცია მალევე (განვითარებულ სავალუტო ბაზარზე რამდენიმე წუთში) აისახება გაცვლით კურსზე. მომავალში, როდესაც უკვე დადგება ექსპორტის შემცირების ფაქტი, კურსი აღარ გაუფასურდება. შედეგად, იმის გამო, რომ გაცვლითი კურსის მიმდინარე ნიშნული უკვე ასახავს ქვეყანაში არსებულ ყველა ფაქტორს (ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმიდან შემოსავლები, სესხების ზრდის ტემპი და სხვა) და ამ ფაქტორების სამომავლო განვითარებაზე მოლოდინებს, არსებული ინფორმაციის საფუძველზე კურსის პროგნოზირებას პრაქტიკულად აზრი ეკარგება. -
არ გაზარდოთ ფასი თქვენ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე როდესაც ლარი უფასურდება. კურსის გაუფასურება არ ნიშნავს, რომ თქვენ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამიტომ, თუ არ ხართ ბაზრის დომინანტი მონაწილე, ასეთ შემთხვევაში, ფასის ზრდა მხოლოდ გაყიდვებისა და თქვენი მოგების შემცირებას გამოიწვევს.
დაბოლოს, რაც უფრო რაციონალური დარჩებით რთულ სიტუაციებში, მით უფრო ეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ვიდრე კონკრეტულ ქმედებებზე გადახვალთ, გააანალიზეთ შექმნილი ვითარება, მშვიდად შეაფასეთ თანმდევი რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. სხვადასხვა პროგნოზების მოსმენისას, ყურადღება მიაქციეთ განსხვავებულ მოსაზრებებს, ასევე, ერთი და იმავე პირების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ კომენტარებს; გაითვალისწინეთ ის ინფორმაცია და არგუმენტები, რაზეც ისინი აფუძნებენ თავიანთ გათვლებს და გადაწყვეტილებები ვალუტის გადაცვლის ოპერაციებთან დაკავშირებთ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ექსპერტს შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი ცოდნა, ინფორმაცია ან მიზანი, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რჩევა მოგცეთ.
მსგავსი თემები
- რჩევები სტუდენტობის პერიოდის ხარჯებისთვის მოსამზადებლად
- დაზოგვა ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ
- გაუთვალისწინებელი შემთხვევები
- როგორ მოემზადოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- ბიუჯეტის არსი და სახეები
- სტუდენტობის პერიოდის ხარჯები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- ბიუჯეტის დამგეგმავი - Mybudget