როგორც ამბობენ, შინაური ცხოველები ადამიანებს უფრო კეთილებს და მოსიყვარულეებს ხდიან. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, ალბათ, თქვენთვის კარგად ნაცნობია განცდა, როცა სახლში დაღლილი ბრუნდებით, ის კი კარშივე გეგეგებათ და ამით ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებთ, თითქოს წამალივით მოქმედებს თქვენს გადაღლაზე. თუმცა, შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მასთან თამაშს არ ნიშნავს. ეს, ერთი მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, ბევრი ენერგიის, დროის, ყურადღების და, რასაკვირველია, ფინანსების საჭიროებაცაა.
შინაური ცხოველის სახლში ყოლის სურვილი, ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს, თუმცა, არსებობს სხვადასხვა გარემოება და, შესაბამისად, დასაგეგმი ნაბიჯების საჭიროება, რომელთა შესახებაც იქამდე უნდა იცოდეთ, სანამ ამ სურვილის ასრულებას გადაწყვეტთ. შინაური ცხოველი საჭიროებს ზრუნვას სახლში მოყვანისთანავე, მას თქვენგან სჭირდება: დრო, ყურადღება, სახლში უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნა და, რა თქმა უნდა, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებთან, ასევე, აცრებსა და სხვადასხვა სპეციფიურ საჭიროებებთან დაკავშირებული პერიოდული ფინანსური ხარჯები.
უფრო მეტიც, შინაური ცხოველის ყოლა პასუხისმგებლობებს არა მარტო ცხოველის მიმართ გულისხმობს, არამედ საზოგადოების მიმართაც. ეს პასუხისმგებლობები და ვალდებულებები საკანონმდებლო დონეზეც კი არის რეგულირებული. კანონი ძირითადად კატების და ძაღლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფარავს. ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რომელსაც ეს კანონი ფარავს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ამ მენიუში თქვენ გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, მომზადებულნი შეხვდეთ თქვენი პატარა მეგობრის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ წინასწარ დაგეგმავთ საჭირო ნაბიჯებს შინაური ცხოველების სახლში ყოლისათვის, თქვენ და თქვენი „მეგობარი“, იქნება ეს კატა, ძაღლი, თევზი, თუთიყურში, ზაზუნა თუ სხვა, ერთად უფრო ბედნიერად იცხოვრებთ.