კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

აქციებში ინვესტირების მნიშვნელოვანი დეტალები

როგორ/როდის უნდა მიხვდეთ, რომ არასწორად შეარჩიეთ აქცია და გაყიდოთ?

აქციების კრიტერიუმების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ზარალის აღიარებისთვის შესაბამისი წესების გაწერაც, ე.წ. წაგების ლიმიტები (stop-loss limits). თუ ფასი დაეცა 10%-ით, უნდა გაყიდოთ აქცია თუ უნდა დაიტოვოთ? თუ შემდგომ ფასმა კიდევ განაგრძო კლება და დაეცა 20%-30%-ით, ისევ იტოვებთ აქციას იმ იმედით რომ მომავალში ფასი გაიზრდება, თუ აღიარებთ ზარალს და გაყიდით? როდესაც ასეთ საკითხებზე წინასწარ გაქვთ ნაფიქრი და გაწერილი გაქვთ წესები, რისკის დადგომისას, მიიღებთ წესების შესაბამის - რაციონალურ გადაწყვეტილებას, ხოლო როდესაც ამაზე არ გაქვთ ნაფიქრი, რისკის დადგომისას, ემოციები გადაძლევს რაციონალურ აზროვნებას, რაც აქციების ბაზარზე თითქმის ყოველთვის გარანტირებულ ზარალს ნიშნავს. 

ლიმიტის დაწესებისას უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიზანს წარმოადგენს ისეთი აქციების შეძენა, რომელთა ფასი გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება და არა ბაზარზე ყოველდღიურად ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით მოგების მიღება, რაც თავის მხრივ გაცილებით ღრმა და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, როდესაც აქციებზე ფასები ყოველდღიურად იცვლება, თქვენ მიერ დაწესებული ზარალის ლიმიტი არც ისე მცირე უნდა იყოს, რომ ხშირად მოგიწიოთ აქციების გაყიდვა (მაგ. 2%, რაც ნიშნავს რომ თუ 100 აშშ დოლარად ნაყიდი აქციის ფასი 98 აშშ დოლარს ჩამოცდა, უნდა გაყიდოთ) და არც იმდენად დიდი, რომ მიიღოთ დიდი მატერიალური ზარალი. 

აქციების დივერსიფიკაცია

აქციებში ინვესტირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დივერსიფიკაციას, ანუ როდესაც ინვესტიციები, და შესაბამისად, რისკები და შემოსავლები  გადანაწილებული გაქვთ სხვადასხვა კომპანიის აქციებში, სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში. ამ შემთხვევაში რისკები მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ თქვენს კაპიტალს 10 კომპანიის აქციებში თანაბრად გადაანაწილებთ (10% ერთ კომპანიაში), ერთი კომპანიის გაკოტრების შემთხვევაშიც კი, დაკარგავთ თქვენი კაპიტალის მაქსიმუმ 10%-ს.

სად არის შესაძლებელი აქციის შეძენა?

აქციების შეძენა შესაძლებელია როგორც ლიცენზირებული ქართული საბროკერო კომპანიებისა და ბანკების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება, ისე უცხოური საბროკერო კომპანიების საშუალებით. უცხოური საბროკერო კომპანიის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, თუ რომელ ქვეყანაშია ის ლიცენზირებული, რა დაცულობას გთავაზობთ და რამდენად სანდოა. უცხოური ბროკერის შერჩევისას უნდა მოერიდოთ არალიცენზირებულ, ეგრეთ წოდებულ ოფშორ ბროკერებს.