კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დანაზოგის გაორმაგების დროის გამოთვლის "72-ის" წესი

დაზოგვა
თანხის დაზოგვა კონკრეტული მიზნის მისაღწევად გსურთ თუ უსაფრთხოების ბალიშის შესაქმნელად, ყოველთვის გაჩნდება კითხვა - როდის იქნება თანხის მოცულობა ისეთი, რაც გჭირდებათ? 

როგორ გაიზრდება დაზოგილი თანხა? რა თანხა დაემატება გარკვეული პერიოდის განმავლობაში? ან როდის გაორმაგდება ის? ამ კითხვებზე პასუხები დაზოგვის მიზნის მიღწევის ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

რა თანხა დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ გამოთვალოთ დეპოზიტზე თავდაპირველად განთავსებული თანხის,  პერიოდულად  ანაბარზე დამატებული თანხისა და  მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაჯამებით. თუმცა, თუ თქვენ ანაბარს თანხას არ ამატებთ, თანხის ზრდა მხოლოდ დარიცხული საპროცენტო სარგებლით მოხდება. თუ მარტივად გსურთ გამოთვალოთ მხოლოდ სარგებლის დარიცხვით რა პერიოდში გაორმაგდება თქვენი თანხა, შეგიძლიათ ე.წ. 72-ის წესი გამოიყენოთ.

72-ის წესი დაგეხმარებათ დათვალოთ წლების რაოდენობა, რომელშიც თქვენი თანხა კონკრეტული სარგებლის დარიცხვით გაორმაგდება. მაგალითად, თუ თქვენ ანაბარზე განთავსებული გაქვთ გარკვეული თანხა, რომელსაც წლიური 4%-იანი სარგებელი ერიცხება, 72-ის წესის მიხედვით, ანგარიშზე არსებული თანხა გაორმაგდება 18 წელში.

72-ის წესის ფორმულა 

72 / დეპოზიტზე(ანგარიშზე) დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობა = წლების რაოდენობას, როდესაც გაორმაგდება დეპოზიტზე(ანგარიშზე) არსებული თანხა.

ჩვენს მაგალითზე ფორმულა ასე გამოიყურება:

72 / 4 (%) = 18 (წელი)

რა უნდა გავითვალისწინოთ 72-ის წესის გამოყენებისას?

  • გამოთვლაში  საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი უნდა აიღოთ მთელი რიცხვის და არა ათწილადის სახით. მაგალითად 4% შეიძლება გამოისახოს ათწილადად 0,04-ის სახით. თუმცა ამ წესის გამოყენებისას, გამოთვლაში უნდა გამოიყენოთ 4 და არა 0,04.
  • 72-ის წესის გამოყენება მართებულია მაშინ, როდესაც საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება რთული მეთოდის გამოყენებით და დარიცხული თანხის ძირითად თანხაზე დამატება წლის ბოლოს ხდება.
  • 72-ის წესის ფორმულა დაშვებებზეა აგებული და შესაძლოა ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლეოდეს. ყველაზე ზუსტი შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც დარიცხული საპროცენტო სარგებელი 8%-ია. რაც დიდია დაშორება 8%-დან, მით უფრო ნაკლებად ზუსტია შედეგი. მიღებულია, რომ 72-ის წესს საუკეთესო შედეგი აქვს მაში, როდესაც საპროცენტო სარგებლის განაკვეთი  5-12%-ის შუალედშია

72-ის წესი კარგი დამხმარეა, იმის დასათვლელად, თუ როდის უნდა დაიწყოთ დაზოგვა ან განახორციელოთ ინვესტირება, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი დადგეს. სულ მცირე თანხის დაზოგვასაც კი შეუძლია დიდი შედეგი მოგცეთ, თუ დაზოგვას შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყებთ და საქმეში რთული პროცენტის დარიცხვაც ჩაერთვება. 

თქვენ მიერ დაზოგილი თანების ზუსტი გათვლებისთვის შეგიძლიათ ფინედუს კალკულატორები გამოიყენოთ.