სგს-ს რეგისტრაცია და საქმიანობის სფერო დარეგულირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სგს-ს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულაციები ისეთი მკაცრი არაა, როგორც კომერციული ბანკებისა და მისო-ების შემთხვევაში.
სგს-დ რეგისტრაციის ვალდებულება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მოქმედია 2019 წლის 1-ლი იანვრიდან.
სგს-ს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
- გასცეს სესხი;
- განახორციელოს სესხის ამოღებისთვის საჭირო ქმედებები;
- დამატებითი ნებართვის მიღების შემთხვევაში, შეუძლია აწარმოოს ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული ოპერაციები;
- დამატებითი ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია.
თუ სგს-სთან თანმშრომლობას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
მაღალი საპროცენტო განაკვეთი
მასშტაბიდან გამომდინარე, სგს-ს ძირითადად არ აქვს დაბალპროცენტიანი სესხის გაცემის რესურსი. შესაბამისად სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან შედარებით უფრო ძვირი სასესხო პროდუქტის შეთავაზებას უნდა ელოდოთ.
პროცედურების სიმარტივე
სესხის გაცემის პროცედურა სგს-ში, როგორც წესი, უფრო მარტივია.
ფინანსური პროდუქტების სიმწირე
სგს-ში საკრედიტო პროდუქტების საკმაოდ მწირი არჩევანია. მაგალითად, ე.წ. „ლომბარდები“, რომლებიც სწორედ სესხის გამცემი სუბიექტების სტატუსით ფუნქციონირებენ, სესხების გაცემას უმეტესად მხოლოდ ძვირფასი ქვებისა და ლითონების, ასევე, ტექნიკის უზრუნველყოფით გასცემენ.