აღნიშნული რისკი თან ახლავს ფიქსირებული შემოსავლის (კუპონის) მქონე ობლიგაციას. წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ 5 წლიანი ობლიგაცია, რომელიც კუპონის სახით გიხდით წლიურად ფიქსირებულ 5%-ს. 1 წლის შემდგომ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და ახალი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი არის 7%, თქვენ, კი ფლობთ ობლიგაციას, რომელიც უფრო ნაკლებ სარგებელს გთავაზობთ. აღნიშნული რისკი ნაკლებადაა წარმოდგენილი ცვალებადგანაკვეთიანი ობლიგაციებისთვის, რადგან მათი პერიოდული კუპონი იცვლება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების პარალელურად.
საკრედიტო რისკი
თითოეული ობლიგაციის ფასი (და შემოსავლიანობა) სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია ემიტენტის საკრედიტო რისკზე - რამდენად გადახდისუნარიანია ემიტენტი. საკრედიტო რისკის შეფასება გარკვეულწილად შესაძლებელია საკრედიტო რეიტინგზე დაკვირვებით (თუ ემიტენტს ან უშუალოდ ობლიგაციას აქვს მინიჭებული ის). თუ ობლიგაციის ყიდვის შემდგომ ემიტენტის საკრედიტო რისკი გაიზარდა, რაც აისახება შემცირებულ საკრედიტო რეიტინგში, ობლიგაციის ფასი დაეცემა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ობლიგაციის დაფარვის ვადამდე მოგიწევთ მისი გაყიდვა, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება მისი გასაყიდი ფასი განსხვავდებოდეს თქვენ მიერ გადახდილი თანხისგან. თუ ვადის ბოლომდე ფლობთ ობლიგაციას, ასეთ შემთხვევაში, ფასის ცვლილების რისკისგან დაზღვეულები ხართ, თუმცა საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში, ხელიდან უშვებთ პოტენციურად მაღალშემოსავლიან ობლიგაციებს. ობლიგაციის ვადის ბოლომდე ფლობის შემთხვევაშიც არსებობს ინფლაციის რისკი, განსაკუთრებით სახელმწიფო (სახაზინო) ობლიგაციის შემთხვევაში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დაბალ რისკიან აქტივად ითვლება (დეპოზიტებთან შედარებითაც კი). სახელმწიფო ობლიგაციები უმეტესად ფიქსირებულ და შედარებით დაბალ კუპონს (შემოსავლიანობას) გთავაზობთ. არსებობს რისკი, რომ ობლიგაციის ვადის გასვლამდე ინფლაცია გაიზარდოს და გადააჭარბოს ობლიგაციის შემოსავლიანობას, რაც თქვენი კაპიტალის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ფულად ერთეულში გამოსახული თქვენი კაპიტალი უფრო მეტი იქნება.
მაღალი დაცულობის, წინასწარ განსაზღვრული, პერიოდული შემოსავლების, მეორად ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობის და დაბალი რისკის გამო, ობლიგაციები ბევრი ინვესტორის საინვესტიციო პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით, სახელმწიფო ობლიგაციები კრიზისულ სიტუაციებში. თუმცა, დაბალ რისკთან ერთად ობლიგაციას კაპიტალის ზრდის შეზღუდული შესაძლებლობაც ახასიათებს. სწორედ ამიტომ, ობლიგაციებს ხშირად სხვა, უფრო მაღალი რისკის მქონე აქტივებთან ერთად ფლობენ, პორტფელის საერთო რისკის შემცირების და დაბალანსების მიზნით.
სად არის შესაძლებელი ობლიგაციების შეძენა?
ქართული კომპანიების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ბანკებისა და ბროკერების მეშვეობით. რაც შეეხება უცხოურ ობლიგაციებს, მათი ყიდვა, შესაძლებელია საერთაშორისო ლიცენზირებული ბროკერების/დილერების დახმარებით.