არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხი და მათ შორის არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ რა არის თქვენი მიზანი - ანუ რისთვის სესხულობთ ფულს.
სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი არის სესხი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის ან გარკვეული საქონლის და/ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სამომხმარებლო სესხები, ჩვეულებრივ, მოკლევადიანი და შედარებით ძვირია.
ავტოსესხი
ალბათ, გაგიგიათ ტერმინები - ავტო სესხი ან სტუდენტური სესხი - ესენიც სამომხმარებლო სესხის სახეებია, რომლებსაც კონკრეტული მიზნობრიობა გააჩნია, ანუ დაკონკრეტებულია, თუ რა პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნასესხები თანხა.
განვადება
განვადებაც სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომელსაც ასევე კონკრეტული მიზნობრიობა აქვს. განვადება მომხმარებელზე სავაჭრო ან სერვის კომპანიაში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად გაიცემა. განვადების გაცემის პროცედურა, ჩვეულებრივ, სხვა სესხებთან შედარებით სწრაფია და, ხშირად, უშუალოდ სავაჭრო თუ მომსახურების გამწევ ობიექტშივე ხორციელდება. გაითვალისწინეთ, რომ განვადებით შეძენისას საქონლის ან მომსახურების ფასი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მის გარეშე შეძენისას.
საკრედიტო ბარათი
საკრედიტო ბარათი ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული პლასტიკური საგადახდო ბარათია, რომელზეც დაშვებულია საკრედიტო ლიმიტი. საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევთ, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში, კრედიტით შეიძინოთ საქონელი და/ან მომსახურება მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში ან ინტერნეტით. მომხმარებელს საკრედიტო ბარათით ასევე შეუძლია თანხის ბანკომატიდან განაღდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანა შედარებით მაღალ ხარჯთან არის დაკავშირებული და უფრო ხელსაყრელია ეს ბარათი მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში ან ინტერნეტით საქონლის ან მომსახურების შესაძენად გამოიყენოთ. საკრედიტო ბარათებისთვის, უმეტესწილად, საშეღავათო პერიოდია დამახასიათებელი. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელს შეუძლია მინიმალური გადასახადის გადახდა, ხოლო ათვისებული თანხის მთლიანად დაფარვის შემთხვევაში, სარგებლის გადახდაც არ უწევს.
ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი მოკლევადიანი საკრედიტო ლიმიტია, რომელიც დაიშვება მიმდინარე ანგარიშზე. ის, როგორც წესი, მიბმულია სახელფასო ბარათზე და მის მფლობელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ანგარიშზე რეალურად აქვს განთავსებული (ჩვეულებრივ, ოვერდრაფტის ლიმიტი ხელფასის ერთმაგი ოდენობით განისაზღვრება), შემდეგ კი მოახდინოს ათვისებული ლიმიტის დაფარვა ამავე ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასიდან ან სხვა ტიპის შემოსავლიდან. ერთი შეხედვით, ოვერდრაფტი ძალიან ჰგავს საკრედიტო ბარათს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ჩვეულებრივ, ოვერდრაფტის შემთხვევაში ლიმიტი დაიშვება იმავე ანგარიშზე, რომელზეც მსესხებელს ერიცხება შემოსავლები. მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშზე მოხდება თანხის ჩარიცხვა, საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ოვერდრაფტით ათვისებული თანხა მთლიანად იფარება. ოვერდრაფტისგან განსხვავებით, საკრედიტო ბარათი ცალკე ანგარიშზეა მიბმული, ათვისებული ლიმიტის დასაფარად იანგარიშება მინიმალური შენატანი და მსესხებელს ეძლევა გარკვეული დრო ამ თანხის ბარათზე შესატანად/ჩასარიცხად. ოვერდრაფტით გახარჯულ თანხაზე არ მოქმედებს საშეღავათო პერიოდი.
იპოთეკური სესხი
ალბათ, გსმენიათ იპოთეკური სესხის შესახებაც. იპოთეკური სესხი გამოიყენება უძრავი ქონების - როგორიცაა სახლი, ბინა, ან მიწის ნაკვეთი - შესაძენად, ასაშენებლად, ან გასარემონტებლად. იპოთეკური სესხი, როგორც წესი, უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს გაყიდოს ან დაისაკუთროს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონება.
იპოთეკური სესხი, როგორც წესი, გრძელვადიანია. ეს ვადა, ლარში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 წელი. იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხი ფინანსური ორგანიზაციისთვის ნაკლებად რისკიანია, მას სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, ჩვეულებრივ, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ხანგრძლივი ვადა აქვს.